ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” შუახაზის მაესტროა. ფაქიურად ის შერაცხულია მსოფლიოს საუკეთესო “პლეიმეიკერად”. თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო “პლეიმეიკერიც”. თავისი 14 წლიანი კარიერის განმავლობაში კლუბურ და სანაკრებო დონეზე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. რა, არა?! “ბარსელონასთან” ერთად ექვსჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო სანაკრებო დონეზე გახდა ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი. რაც შეეხება პირად ტიტულებს, იგი ყოველთვის წამყვან სამეულში ხვდება.
ჩავი “უეფას” მიერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულშიც შევიდა. დაჯილდოვებას უამრავი ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში და როცა ჯერი ჩავის ვიდეო რგოლზე მიდგა, იმედით აღვივსე. იქნებ სწორედ ახლა არის ჩავის დრო. იქნებ სწორედ ახლა მიიღოს ის აღიარება, რომელიც დაიმსახურა, აღარ იყოს “მეჯვარე, არამედ იყოს სიძე”. მაგრამ, როცა პლატინიმ ვერცხლისფერი ტროფეი შემოაბრუნა, სადაც მესის გვარი იყო ამოტვიფრული, გულის ჩამწყდა ისე, როგორც იანვარში, ანალოგიური დაჯილდოვების დროს.
ახლა, სანამ კომენტარების კორიანტელი დაიწერება მინდა ვთქვა, რომ ერთი წამითაც არ მინდა იფიქროთ, რომ არ ვთვლი მესის “ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად”. მაგრამ არავინ შემედავება ალბათ იმაში, რომ მესი ჩავის გარეშე ის არაა, რაც ჩავისთან ერთად. ამას მისი სანაკრებო გამოსვლებიც მოწმობს. როცა ჩავი, როგორც პლეიმეიკერი დასუსტდება (ასაკიდან გამომდინარე), დასუსტდება მესის საუკეთესოობაც. გასულ წელს “რწყილმა” 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 53 გოლი და 24 ასისტი მიიწერა საკუთარ ანგარიშზე. ჩავიმ 50 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა განახორციელა. (რონალდუზე აღარ გავაგრძელებს საუბარს, დარწმუნებული ვარ აქ მისი მიღწევები არავის აინტერესებს).
მივუბრუნდეთ მთავარს. ინდივიდუალურ დონეზე ჩავი ყოველთვის იჩაგრება. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მან მეორე ადგილი დაიკავა. “ოქროს ბურთის” ნომინაციაში კი, რომელიც იანვარში გაიმართა, იგი მესამე პოზიციას დასჯერდა. 2009 წელსაც მესამე იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, მესისა და რონალდუს შემდეგ. 2008 წელს მეხუთე. ყოველთვის, როცა იგი ნომინირებული იყო, ფანტასტიკურ სეზონს ატარებდა, მიუხედავად არ გატანილი გოლებისა.
ჩავის როლი მეტად ფაქიზია. ის უძღვება ორკესტრს, სახელწოდებით “ბარსელონა”. ამოძრავებს სიმებს მარიონეტისა, სახელწოდებით ესპანეთი. მას თამაშის განსხვავებული ხედვა აქვს. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილია. თითქმის ყველა გოლი მისი ხედვიდან გამომდინარე გადაგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თამაში გაცილებით ღრმად ჩამწვდომია და ეს ყველამ კარგად იცის. მეტაფორები, რომელიც მას შეიძლება მივუყენოთ უამრავია და მაინც, იგი ვერასდროს აგროვებს ხმების იმ რაოდენობას, რომელიც “საუკეთესო ფეხბურთელის” წოდების მიღებისთვისაა საჭირო.

მისი შესაძლებლობები ეჭვგარეშეა. იგი იყო იმ საფეხბურთო რევოლუციის ცენტრში, რომელმაც ესპანეთი შეარყია. მან განავითარა პასების “ტიკი–ტაკა” (მოკლე გადაცემები) სტილი. მან აიძულა ყველა, რომ პატივი ეცათ პატარა ტანის ფეხბურთელებისთვის მათი ტექნიკის გამო და ყურადღება არ მიექციათ ფიზიკურობისთვის. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში “ბარსელონას” რიგებშია და თავგადაკლული “კულეა”. ნუთუ 31 წლის ასაკში არ დაიმსახურა ჩავიმ ღირსეული აღიარება ასეთი წარმატებული კარიერის გამო?
უსამართლობა იქნება ჩვენმა მაესტრომ კარიერა პირადი ტიტულების გარეშე რომ დაასრულოს. უსამართლობაა ისიც, რომ იგი “პატარა გიგანტის” ჩრდილქვეშ ექცევა. დარწმუნებული ვარ, ჩავის ინდივიდუალური პრიზები ჩვენ უფრო გვინდა, ვიდრე თავად მას. იანვარში, როცა “ოქროს ბურთი” მესის მიაკუთვნეს, ჩავიმ განაცხადა: “მოგების შემთხვევაში ჩემი ცხოვრება არ შეიცვლებოდა და არც იმით შეიცვლება, რომ ვერ მოვიგე. მე იგივე იმედებით გავაგრძელებ მუშაობას.”
მიუხედავად ყველაფრისა, ჩავი გულშემატკივრების რჩეულია. შეიძლება ის დაუფასებელია ოფიციალურ დონეზე, მაგრამ ფანებში ყველაზე დიდი სიყვარულით სარგებლობს. რა, არ ვამბობ მართალს? რა თქმა უნდა, კი! იმსახურებს იგი ასეთ სიყვარულს? რა თქმა უნდა, კი! და ბოლოს დავასრულებ ჩავის ნათქვამით: “მე ვარ “კულე” სიცოცხლის ბოლომდე. ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს?”
პ.ს. სტატია ნათარგმნია totalbarca–დან.



