კარგი ამბავი გვაქვს – ანსუ ფატი დაგვიბრუნდა. რონალდ კუმანმა განაცხადა, მაქსიმუმ 15 წუთს ითამაშებსო, მაგრამ ესეც კარგია, გუნდისთვის ახალი მუხტის მიმცემი იქნება.
ფატიმ კუმანის ხელმძღვანელობით მხოლოდ 10 თამაშის ჩატარება მოასწრო. ეს ის პერიოდია, “ბარსელონა” “ბაიერნთან” 2-8 წაგების ნაბახუსევზე რომაა, კლუბს ისევ ბართომეუ პრეზიდენტობს, მესის წასვლა ახალი გადაფიქრებული აქვს და ჩვეულად შემართებით ვერ გამოიყურება. ამ დროს ანსუმ 10 მატჩში თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, 17 წლის ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი შედეგია. კუმანმა იცის, როგორ გამოიყენოს ფატი და ანსუმ იცის, როგორ ითამაშოს კუმანის ხელმძღვანელობით. თან დღეს ახალი პასუხისმგებლობით ითამაშებს – 10 ნომრით. დღეს “ბარსელონას” გამოფხიზლების დღე უნდა იყოს!
სათამაშო ფორმა
კარგს ვერაფერს ვიტყვით, ვერც “ბარსელონაზე” და ვერც “ლევანტეზე”. კატალონიელებმა ბოლოს 29 აგვისტოს მოიგეს, მას შემდეგ გამართულ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანეს და 2 ქულა აიღეს. კატასტროფული შედეგია.
შედეგები კიდევ უფრო ცუდი აქვს “ლევანტეს”, მაგრამ ვალენსიელებს, კატალონიელებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი არ მოეთხოვებათ. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს მიმდინარე სეზონში გამართულ 6 თამაშში მოგება არ აქვს, წინა სეზონში კი მოუგებლად ბოლო 8 თამაში ჩაატარა, ჯამში 14 მატჩი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 შეხვედრიდან “ლევანტემ” მხოლოდ 2 წააგო.
დანაკლისი
ფატი კი დაგვიბრუნდა, მაგრამ გამოგვაკლდა დე იონგი (კარგი დე იონგი), რომელიც წინა შეხვედრაში მოედნიდან უსამართლოდ გააძევეს. ისევ ლაზარეთში რჩებიან დემბელე, აგუერო, პედრი, ალბა, ბრეითუეიტი და ბალდე. ანუ ისევ პრობლემები გვაქვს შეტევასა და დაცვის მარცხენა ფლანგზე.
უდანაკარგოდ არც მეტოქეა. “ლევანტე” ბარდის, მალსას, ვესოს, სოლდადოსა და კამპანიას გარეშე გვეწვია. აქედან ბარდი, მალსა და ვესო გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, ახალწვეული რობერტო სოლდადო კი ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია.
ურთიერთშეხვედრები
ზედიზედ მესამედ ვხვდებით გუნდს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა გვაქვს. იმედია, ამჯერად მაინც გავზრდით უპირატესობას.
“ლევანტეს” წინააღმდეგ ჩატარებული 38 შეხვედრიდან “ბარსელონამ” 28 მოიგო, 5 ფრედ დასრულდა და 5 დათმო. საკუთარ კედლებში “ბარსელონას” 19 მოგება აქვს… 19 თამაშიდან. იმედია, რონალდ კუმანი ამ ტრადიციას მაინც შეგვინარჩუნებს. ის კი უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს “ლევანტესთან” “კამპ ნოუზე” გვიჭირს – უკანასკნელი 3 შეხვედრა მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოვიგეთ. მანამდე კი ზედიზედ 6 გვქონდა 3 ან მეტი ბურთის სხვაობით მოგებული.
არბიტრი
შეხვედრას გამოუცდელი არბიტრი, 32 წლის ისიდრო დიას დე მერა ესკუდეროსი განსჯის. დიას დე მერამ მსაჯობა 2014 წელს დაიწყო, ლა ლიგაში კი ის 2020 წელს დააწინაურეს. კარიერაში მას 144 შეხვედრაში უმსაჯია, საიდანაც 22 ლა ლიგაზე მოდის.
“ბარსელონას” მატჩში დე მერას მხოლოდ ერთხელ უმსაჯია. გასულ სეზონში კატალონიელებმა “ელჩე” “კამპ ნოუზე” 3-0 დაამარცხეს.
“ლევანტეს” მატჩში 32 წლის არბიტრს 5-ჯერ უმსაჯია. ვალენსიელებმა 2 თამაში მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, რაც მათთვის მშვენიერი შედეგია. ამ 5 შეხვედრაში დე მერამ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 2 წითელი ბარათი აჩვენა, აქედან თითო “ლევანტეს” სასარგებლოდ და თითოც საწინააღმდეგოდ.
საინტერესო ფაქტები
- “ლევანტეს” “კამპ ნოუზე” ყველა თამაში წაგებული აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 16 ურთიერთშეხვედრიდან 13-ში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- “ლევანტეს” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 გასვლითი შეხვედრიდან ცხრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ლევანტეს” ლა ლიგაში 14 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონამ” “ლევანტესთან” გამართული ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა;
- ბუქმეიკერების აზრით, “ბარსელონას” მოგების შანსი 69% არის, მაგრამ როდესაც “ბარსელონას” მოგების ასეთ შანსს უწინასწარმეტყველებენ, გუნდი 82% შემთხვევებში იგებს;
- ბუქმეიკერების აზრით, “ლევანტეს” მოგების შანსი 17% არის, მაგრამ როდესაც “ლევანტეს” მოგების ასეთ შანსს უწინასწარმეტყველებენ, გუნდი მხოლოდ 10% შემთხვევებში იგებს;
- ამ გუნდების ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 20 ურთიერთშეხვედრაში “ლევანტემ” კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
- “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვს.
მწვრთნელები მატჩის წინ
რონალდ კუმანი
პაკო ლოპესი
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი, ბუსკეტსი, რობერტო, გავი, დემირი, ლ. დე იონგი, მემფისი
ლევანტე (4-4-2): ფერნანდესი, მირამონი, დუარტე, პოსტიგო, კლერკი, რადოია, პეპელუ, მელერო, დე ფრუტოსი, მორალესი, როხერი
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი, ბუსკეტსი, რობერტო, გავი, დემირი, ლ. დე იონგი, მემფისი
ლევანტე (4-4-2): ფერნანდესი, მირამონი, დუარტე, მუსტაფი, კლერკი, რადოია, მარტინესი, დე ფრუტოსი, მელერო, გომესი, როხერი
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, მინგესა, ბუსკეტსი, რობერტო, გავი, დემირი, ლ. დე იონგი, მემფისი
ლევანტე (5-3-2): ფერნანდესი, მირამონი, დუარტე, რობერ პიერი, პოსტიგო, კლერკი, დე ფრუტოსი, რადოია, მელერო, როხერი, მორალესი
WhoScored
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი, ბუსკეტსი, რობერტო, გავი, დემირი, ლ. დე იონგი, დეპაი
ლევანტე (4-4-2): ფერნანდესი, მირამონი, დუარტე, პოსტიგო, კლერკი, ფურტოსი, მარტინესი, რადოია, მელერო, მარტი, გომესი
პროგნოზი
- WhoScored: 2-0
- Sportskeeda: 2-0
- Sportsmole: 2-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
შარშან მესის გოლით 1:0 ძლივს მოვიგეთ. დღეს იმედია იმ რეკორდსაც არ დაამხობს კუპატა
დღეს გაასწორებს ფატიმ,რომ გასთხაროს.
"ლევანტეს" "კამპ ნოუზე" ყველა თამაში წაგებული აქვს;
მერე კუმანი რისთვის გვყავს? მიდი რონალდ ერთი კაი "ანტირეკორდიც" მისცხე და ვაბშე ამ ანტირეკორდებით დახუნძლული წახვალ, ისეთი დახუნძლული ჯერ რო არცერთ მწვრთნელს არ მიუღწევია ბარსაში. ერთი იმედი მრჩება ფეხბურთელებთან ახლოს არ იქნება და ეგება უმაგისოდ ითამაშონ თავის გემოზე.
დღეს ყველანაირი ლოგიკით უნდა მოვიგოთ. არაფერი გუნდი არაა ლევანტე თან სახლში ვთამაშობთ. სადღაც უნდა გატყდეს ეს ფრეების კორიანტელი. და ხე იონგს იმედია აღარ დააყენებს დღეს