ორშაბათს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები ვარჯიშს განაახლებენ. ამ დღეს ზუსტად 50 დღე იქნება გასული მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლას გუნდმა “უემბლის” დალაშქვრა და “ჩემპიონთა ლიგის” თასის მეოთხედ მოპოვება მოახერხა. ამ 50 დღის განმავლობაში კლუბმა სამი უმნიშვნელოვანესი კონტრაქტები გაახანგრძლივა, ხოლო კლუბის ხუთი წევრი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა…
ორშაბათს 50 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელთა უმრავლესობა შვებულებაში გავიდა. რთული, დატვირთული და მოულოდნელობებით აღსავსე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა დასვენება გადაწყვიტეს, თუმცა ეს სამხრეთ ამერიკის ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელებს არ შეეხოთ.
მართალია კლუბის ოფისებთან “ბარსას” პირველი გუნდის ახალწვეულებს ფოტოგრაფებთან არ “უპოზიორიათ”, მაგრამ კატალონიის “ბარსელონამ” სამ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ეს გახანგრძლივებები ტიაგოს, ფონტასსა და პედრო როდრიგესს შეეხოთ. ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2015 წლამდე გაახანგრძლივა, ფონტასს პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ კონტრაქტი ავტომატურად, 2013 წლამდე გაუხანგრძლივდა, ხოლო პედრო კლუბს კიდევ ერთი წლით, 2016 წლამდე დაუკავშირდა. ამას გარდა კი ვიქტორ სანჩესმა და მარტინ კასერესმა, რომლებიც იჯარის წესით სხვა გუნდებში იყვნენ განათხოვრებულნი, კლუბი დატოვეს, ხოლო ენრიკე კვლავ იჯარის წესით, ამჯერად ბრაზილიურ “პალმეირასში” იმყოფება.
მწვრთნელების მხრივ, ხუან კარლოს უნსუე კლუბს დაუბრუნდა და იგი კვლავ “ბარსას” პირველი გუნდის მეკარეების გაწვრთნას გეგმავს, ხოლო სერხიო ბუსკეტსის მამა, კარლეს ბუსკეტსი “ბარსას” გოლკიპერებს ეუსებიო საქრისტანის გუნდში ავარჯიშებს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელებმა, ბელეტიმ და სილვინიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულეს.
მინიომ, მონტოიამ, ჟეფრენმა, ტიაგომ და ბოიანმა კი დანიაში, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის თასი ცაში აღაპყრეს. ტიაგო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული. მან მოაერხა და ფინალში, შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმიდან საკმაოდ ლამაზი და ეფექტური გოლიც გაიტანა.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ “ბარსას” ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის გასამართად გაემგზავრნენ. სამწუხაროდ, მესის, მილიტოსა და მაშერანოს არგენტინის ეროვნული ნაკრები გათამაშებას 1/4 ფინალიდან დღეს გამთენიისას გამოეთიშა, ხოლო დანი ალვესისა და ადრიანო კორეიას ბრაზილიის ეროვნული ნაკრები თავის მატჩს დღეს, თბილისის დროით 23 საათზე გამართავს.



