workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ვალენსია – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ვალენსია – მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონას” 4 მატჩიანი საშინაო მარათონი დღეს სრულდა. რონალდ კუმანის გუნდი “კამპ ნოუზე” ზედიზედ მე-4 თამაშს “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

იმედი გვქონდა, რომ ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრის ჩატარება “ბლაუგრანას” ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა და სიტუაციაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ორივე პროგნოზში შევცდით. კუმანის გუნდი ან გაჭირვებით იგებს, ან “იუვესთან” ისე აგებს, რომ წინა 5 თამაშის მოგებას წყალში ყრის.

განვლილი 3 თამაშიდან პოზიტივი ისაა, რომ გუნდი თითქოს პროგრესირებს. “ბებერ ქალბატონთან” 0-3 განადგურების შემდეგ “ბარსამ” “ლევანტესთან” გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო. წინა ტურში კი გუნდმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტაიმი ჩაატარა. მართალია, მხოლოდ ერთი ტაიმი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთ დღეში ვართ, ესეც სანატრელი გვაქვს.

დღეს ძალიან კარგი მეტოქე გვყავს. “ვალენსია” საკმარისად სახელიანი გუნდი ნამდვილადაა იმისათვის, რომ მასთან მოგებამ გუნება-განწყობის გამოკეთება გამოიწვიოს. თანაც “ღამურები” ჩვენზე უარეს დღეში არიან – 4 მატჩიანი მოუგებელი სერია ლა ლიგაში, 13 თამაშში 14 ქულა და მე-12 ადგილი. ამას ისიც ემატება, რომ “ვალენსიას”, “ბარსელონასგან” განსხვავებით, მომატების დიდი რესურსი არ გააჩნია. წელს გუნდი თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა, მათ შემცვლელად კი არავინ მისულა.

სათამაშო ფორმა

ლა ლიგის წინა ტურში “ბარსელონამ” გათამაშების ლიდერი დაამარცხა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, რადგან “ბლაუგრანა” პრიმერა დივიზიონს ან თავად ლიდერობს ხოლმე, ან თუ ვერა, მაშინ ვერც ლიდერებს ამარცხებს. ბოლო ასეთი ფაქტი 2017 წლის გაზაფხულზე იყო დაფიქსირებული.

“სოსიედადთან” შეხვედრაში კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონისგან განსხვავებული შემართება ჰქოდათ და იმედია, რაც იმ თამაშის მატჩისწინა მიმოხილვაში ვივარაუდეთ, ის ხდება – ეს დაპირისპირება “ბარსელონასთვის” გარდამტეხი აღმოჩნდება. ამას დღეს ვიხილავთ.

“სოსიედადამდე” კუმანის გუნდს ლა ლიგაში ზედიზედ 3 საშინაო მოგება ჰქონდა – “ბეტისთან” (5-2), “ოსასუნასთან” (4-0) და “ლევანტესთან” (1-0).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ბარსელონაზე” ცუდ დღეშია “ვალენსია”. ხავი გრასიას გუნდს ლა ლიგის 13 თამაშში მხოლოდ 3 მოგება აქვს, ბოლო მოგებიდან კი (“რეალთან” 4-1) თვეზე მეტი გავიდა. ლა ლიგის ბოლო 17 გასვლით მატჩში გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო.

“ღამურების” მდგომარეობაზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდს ესპანეთის თასის პირველი ეტაპიდან მეოთხელიგელი “ტერასას” გამოსაგდებად დამატებითი ტაიმები დასჭირდა. ეს 3 დღის წინ მოხდა.

დანაკლისი

“ბარსელონას” ისევ არ ეყოლება ფატი, სერჟი რობერტო, პიკე და დემბელე. კატალონიელთა სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება ჟუნიორ ფირპო, რომელიც წინა მატჩის განაცხადს მიღმა ოჯახური მიზეზით დარჩა.

“ბარსელონას” განაცხადი.

“ვალენსიას” დანაკლისს სერიოზული არ ეთქმის. “ბარსას” ყოფილ მეკარეს, იასპერ სილესენს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. მის გარდა გუნდს სათადარიგო მარცხენა მცველი ტონი ლატო და სათადარიგოთა სკამს დაჩვეული კევინ გამეირო არ ეყოლება.

მეტოქეს რიგებში კარგია ამბავია ხესუს გაიას დაბრუნება. გუნდის მთავარ მარცხენა მცველს 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. “ბარსელონასთან” თამაშის წინ მწყობრში ჩადგა გუნდის მთავარი ცენტრფორვარდი მაქსი გომესიც.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონას” “ვალენსიასთან” 220-ჯერ უთამაშია. ამაზე მეტჯერ კატალონიელები მოედანზე მხოლოდ “რეალთან”, “ატლეტიკოსთან” და “ბილბაოსთან” ერთად არიან გასულები.

220 შეხვედრიდან თითქმის ნახევარი, 106 “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა, 59-ჯერ “ვალენსიამ” მოიგო, ხოლო 55-მა თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ბურთების შეფასება – 426-325, “ბარსელონას” სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ამაზე მეტი გოლი (445) “ბარსას” მხოლოდ “ატლეტიკოს” კარში აქვს გატანილი.

ბოლო წლებში “ბლაუგრანას” “ვალენსიასთან” ძალიან უჭირს. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან “ბარსამ” მხოლოდ 1 მოიგო. ეს ლა ლიგის გასული გათამაშების პირველ წრეში მოხდა, როდესაც კატალონიელებმა ვალენსიელები 5-2 გაანადუგრეს.

“კამპ ნოუზე” ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3 მასპინძლებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ 4 მატჩში 20 გოლი გავიდა – თითო მატჩში, საშუალოდ, 5 გოლი.

არბიტრი

შეხვედრას ცნობილი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

38 წლის მსაჯის კარიერაში ყველაზე წარმატებული გუნდი “ბარსელონაა”. 25 თამაშიდან კატალონიელებმა 15 მოიგეს (60%), 7 ფრედ დაასრულეს (28%) და 3 წააგეს (12%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერნანდესის მიერ განსჯილ ბოლო 5 თამაშში “ბარსელონას” მოგება არ აქვს.

ერნანდეს ერნანედესმა “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა (სერჟი რობერტო, “რეალთან”), მეტოქისა კი – 7-ჯერ. მან “ბარსას” სასარგებლოდ 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 2.

“ვალენსიას” მატჩში ერნანდეს ერნანდესმა 18-ჯერ იმსაჯა. “ღამურებმა” 7-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 8-ჯერ წააგეს. ერნანდესმა “ვალენსიას” ფეხბურთელს წითელი ბარათი 3-ჯერ უჩვენა, ხოლო მეტოქეს ერთხელ. მან როგორც “ღამურების”, ასევე მეტოქის კარში 4-4 პენალტი დანიშნა.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 4 თამაშში, საშუალოდ, 5 გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” “ვალენსიასთან” ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 38 საშინაო თამაშში “ბარსელონამ” მხოლოდ 2 წააგო;
  • “ვალენსიას” ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 17 გასვლით თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • “ბარსელონასთან” ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში “ვალენსიას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქოდა.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

“ვალენსია” ძლიერი  გუნდია. უკანასკნელი 6 მატჩიდან, მათ მხოლოდ 1 წააგეს და, რაც მთავარია, “რეალი” დაამარცხეს.

რომელ შეხვედრაშიც არ ვმონაწილეობთ, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებთ – ენერგიას ვხარჯავთ და ბოლომდე ვიბრძვით.

რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.

ხავი გრასია

ვეცდებით, ვიყოთ გაბედულები და აგრესიულები, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. “ბარსელონას” წინააღმდეგ ბურთის ფლობა რთულია და დაცვაში თამაშის დროს კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ.

“ბარსელონა” ყოველდღიურად უმატებს.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, ბრეითუეიტი.

ვალენსია (4-4-2): დომენეკი, ვასი, პაულისტა, დიაკაბი, გაია, მუსა, რაჩიჩი, სოლერი, გუედეში, ვალიეხო, გომესი.

Sportsmole

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, მესი, გრიზმანი, პედრი, ბრეითუეიტი.

ვალენსია: დომენეკი, ვასი, პაულისტა, დიაკაბი, გაია, მუსა, რაჩიჩი, სოლერი, გუედეში, ვალიეხო, გომესი.

Sportskeeda

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, მესი, კოუტინიო, პედრი, ბრეითუეიტი.

ვალენსია (4-4-2): დომენეკი, ვასი, დიაკაბი, პაულისტა, გაია, გუედეში, სოლერი, რაჩიჩი, მუსა, გომესი, ვალიეხო.

SofaScora

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, პედრი, კოუტინიო მესი.

ვალენსია (4-4-2): დომენეკი, ვასი, პაულისტა, დიაკაბი, გაია, ხასონი, სოლერი, რაჩიჩი, გუედეში, ვალიეხო, გომესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 3-1
  • Squawka: 1-0

ტრანსლაცია

თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 17 ოქტ 2021, 20:01
    #22

    მე მგონი დღეს კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და იმედია მოვიგებთ კიდეც. დიდი იმედი მაქვს რატომღაც.

  • me da barca
    schedule 17 ოქტ 2021, 15:07
    #21

    Whoscored-ის ვერსიით ბარსა 4-4-4 სისტემით ითამაშებსო. კუმანი და მისი თანაშემწეც შემოვა.