2008/09 წლების სეზონიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში დიდი ცვლილებები განხორციელდა და გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა, “ბარსელონას” მოწინააღმდეგეთა გუნდის გულშემატკივართა დამწუხრების მიზეზი “ბარსას” 29 ფეხბურთელი გახდა…
პეპ გვარდიოლას გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელმა მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. 2008/09 წლების სეზონიდან, ბლაუგრანელებმა 183 შეხვედრაში, 449–ჯერ მოახერხეს ხანუმას როლის შეთავსება და ბურთისა და მეტოქე გუნდის კარის ბადის ერთმანეთთან გარიგება. გუნდში საუკეთესო ხანუმას წოდება არგენტინელ უცხოპლანეტელ ლეო მესის ეკუთვნის, რომელმაც ამ დროის მანძილზე 138 გოლი გაიტანა. პეპის მოსვლის პირველ სეზონში, არგენტინელმა 38–ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი, შარშან ორმოცდაშვიდჯერ, ხოლო ბოლო სეზონში მას 53 გოლი დაუგროვდა.
პეპ გვარდიოლას ერთ–ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა პედრო როდრიგესი გახლავთ, რომლის ანგარიშზეც 2008 წლიდან, 45 გოლია. მას ბოიან კრკიჩი მოსდევს, რომელსაც საშუალო რაოდენობის გატანილი გოლების მხრივ, საუკეთესი მაჩვენებელი აქვს. მთლიანობაში ბოიანმა 29 გოლის გატანა შეძლო.
ანდალუსიელ დავიდ ვილიას, “ბარსაში” ყოფნის პირველ სეზონში ოპონენტების გოლებისგან დასვენება არ განუზრახია, რაც მის შედეგებზეც აისახა. დავიდმა 23–ჯერ შეძლო კატალონიური კლუბის გულშემატკივართა გულების გახარება.
თავდამსხმელების გარდა, გოლების გატანიგან დასვენება არც ნახევარმცველებს და არც მცველებს უცდიათ. მათ ანგარიშზე 109 გოლი გახლავთ. გოლების მხრივ, საუკეთესო შედეგი ჩავის აქვს, რომელსაც 22–ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. მას კი მალელი სეიდუ კეიტა, 18 გოლით მოსდევს. მცველებს შორის კი საუკეთესო მაჩვენებელი ალვეშს აქვს, რომლის ანგარიშზეც 13 გოლია. ბრაზილიელს კი ხერარდ პიკე, თერთმეტი გატანილი გოლით მოჰყვება.
გოლების გატანით სიამოვნება არც “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებს მოუკლიათ. მათ ჯამში 8 გოლის გატანა შეძლეს. ყველაზე კარგი შედეგი ტიაგო ალკანტარას აქვს ნაჩვენები, რომელმაც 4–ჯერ მოახერხა ხანუმას როლის შეთავსება. მასთან ერთად კი გოლების გატანა ნოლიტომ, ფონტასმა, ვიქტორ ვასკესმა და ბარტრამ მოახერხეს.
სამწუხაროდ, საკუთარი ფეხით, თავით, თუ სხეულის სხვა ნაწილების დახმარებით გოლის გატანით სიამოვნება კატალონიური გუნდის მეკარეებს არ მიუღიათ. თუმცა, ვინ იცის … პინტოს შემხედვარე შესაძლოა “ბარსელონას” კარის დარაჯებსაც კი მოუხერხებიათ ფორვარდის თვისებების შეთავსება და ბურთისა და მეტოქე გუნდის კარის ბადის ერთმანეთთან გარიგება…



