ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, გავლენიანი კატალონიური გამოცემის, “სპორტის” ჟურნალისტს, ხორხე ლოპესს.

 

ლიონელ ანდრეს მესი თბილი ქუდით თავს იცავს ზამთრის სუსხისგან, არგენტინაში ახლა ძალიან ცივა. ის ძალიან ბედნიერია და ბავშვურად ხუმრობს ხოლმე კუნ აგუეროსთან ერთად, მაგრამ როცა ბურთს დაკარგავს, მაშინვე აგრესიული ხდება და მისკენ მიისწრაფვის, ამ ყველაფრის ცქერით კი სერხიო ბაპტისტა ტკბება. ლეო უკვე მეორედ იღებს კოპა ამერიკაში მონაწილეობას და სურს რევანში აიღოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე, რადგანაც სწორედ მათთან დამარცხდნენ 2007 წლის კოპა ამერიკის ფინალში, რომელიც ვენესუელაში ტარდებოდა: “ძალიან ლამაზი იქნება, თუ კოპა ამერიკას მოვიგებთ, თანაც საკუთარ ქვეყანაში”. განაცხადა მან “სპორტთან” ინტერვიუში.

 

 – მოახერხეთ ძალების აღდგენა რთული სეზონის შემდეგ?

 

 – ჩვენ ამ სეზონში ძალიან მაღალი დონის პრიზებისთვის ვიბრძოდით. გამოვიარეთ 20 დღე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ახლა ბევრად მხნედ ვარ და ვემზადები კოპა ამერიკისთვის.

 

 – ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ, ფიქრობთ, რომ კიდევ დაემატება თქვენს საპრიზო არსენალს კოპა ამერიკის თასი?

 

 – ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი შევქმენით. ჩვენ უბრალოდ გავალთ და ვითამაშებთ თავდაუზოგავათ, გვსურს მოვიგოთ კოპა ამერიკა საკუთარ ქვეყანაში.

 

 – გაიზარდეთ თუ არა ბოლო წლების განმავლობაში “გვარდიოლას ხელში”?

 

 – გვარდიოლამ უამარავი რამ მასწავლა როგორც ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, “მის ხელში” გავიზარდე, ყოველგვარი ეჭვის გარეშე და მსურს კიდევ უფრო ბევრი რამ ვისწავლო. მინდა დღითიდღე უკეთესი გავხდე. მწვრთნელი უნდა იყოს ისეთი, რომ “მის ხელში” განიცდიდე მუდმივ პროგრესს.

 

 – მოგწონს, როცა ამბობენ, რომ ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესოა?

 

 – ჰა… ჰა… ასე არ ვფიქრობ (იცინის). უბრალოდ მინდა დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ. მინდა გავაგრძელო ტიტულების მოგება და გოლებით დავეხმარო “ბარსელონას”, რათა არასდროს შეწყდეს თასების აღმართვა. ეს იყო ძალიან გრძელი და დამღლელი სეზონი, მაგრამ დაუვიწყარი. ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

 

 – თქვენ ოთხი “კლასიკო” გამართეთ…

 

 – იმ დღეების განმავლობაში ცუდიც მოხდა და კარგიც. ისინი მარადიულობას გავდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თასის ფინალში დავმარცხდით, ყველაფერმა მაინც ჩვენს სასარგებლოდ ჩაიარა. ძალიან დამწუხრებული ვიყავი სამეფო თასის დაკარგვის გამო, მაგრამ ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ტიტული მოვიგეთ. მომავალ სეზონშიც მოგებაზე დამშეულები ვიქნებით. არ ვაპრიებთ გაჩერებას. თავს იდეალურად ვგრძნობ “ბლაუგრანაში”. გვსურს კიდევ მეტი და მეტი.

 

 – თუმცა იყო უამრავი ბრალდება…

 

 – ჩვენ არასდროს ვყვებოდით პროვოკაციებს. ყოველთვის გავდიოდით მოედანზე და კარგი ფეხბურთით ვუმტკიცებდით ხალხს სიმართლეს. ერთადერთხელ, როდესაც ამ ამბებმა ფსიქოლოგიური დაღი დაგვასვა, იყო “კოპა დელ რეის” ფინალი და შედეგიც სახეზეა. პირველი ტაიმი მეტოქეს დავუთმეთ, ამიტომაც დავმარცხდით, აღარ შეგვეძლო თამაშის განვითარება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და თასის აღვმართეთ.

 

 – 5:0–ის შემდეგ, ფიქრობდით, თუ არა, რომ “რეალის” შემადგენლობა შეიცვლებოდა?

 

 – დიახ, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ასე მოხდებოდა. მოურინიოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მაშინ, როდესაც პორტუგალიელი “ინტერს” წვრთინდა, ზუსტად იგივე გააკეთა. ძალიან ბევრი მოთამაშე დააყენა ცენტრში, რაც ხელს უშლიდა ჩვენი თამაშის განვითარებას. ვიცოდით, რომ განსხვავებული თამაში გველოდა და ზუსტად ასე მოხდა, მან ისე დააყენა ფეხბურთელები, როგორც ამას “ინტერში” აკეთებდა.

 

 – რა არის “ბარსელონას” წარმატების საიდუმლო?

 

 – გუნდის მიზანი. ის, რომ მწვრთნელი გაიძულებს იყო ყოველდღე უფრო უკეთესი და მოიგო ტიტულები. ეს არის გუნდი, რომელიც არ კმაყოფილდება მოპოვებულით, არამედ სურს უფრო მეტი და მეტი, ეს გუნდი არასდროს ჩერდება. ასევე წარმატების საიდუმლოა მაღალი დონის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი.

 

 – მთელმა მსოფლიომ იცის თქვენი თამაშის სტილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ მოახერხა თქვენთვის ბურთის ფლობის პორცენტის შემცირება. რატომ არის ეს შეუძლებელი?

 

 – რადგანაც, ძალიან გვიყვარს ბურთის გორება, მომენტების შექმნა და დიდი დროის გატარება მეტოქის ნახევარზე. პეპს სურს უკეთესი გუნდი ჰყავდეს, ამიტომაც კორექტივები მუდამ შეაქვს. ის ნახულობს შეცდომებს და უკეთესობისკენ ცვლის მათ.

 

 – სიამოვნებას იღებთ “ბარსელონაში”?

 

 – დიახ და ვიცი, რომ ხალხიც ძალიან ბედნიერია. ჩვენს შესახებ ბევრი რამ იწერება და ხალხმა კარგად იცის რა ურთიერთობაცაა ჩვენს შორის. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ აქ თამაშით. ჩემი თანაგუნდელები დღითიდღე მაოცებენ. ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვაკეთებთ, ჩვენ თვითონაც რომ ვერ წარმოგვიდგენია. ვერთობით იმით, რომ “კულეებს” დიდ სიხარულს ვჩუქნით. ახლა კი მსურს, რომ არგენტინის მოსახლეობა გავახარო კოპა ამერიკის მოგებით.

 

 – რისი იმედი გაქვთ მომავალ სეზონში?

 

 – იმის, რომ “ბარსელონა” გააგრძელებს წარმატების გზაზე სიარულს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. აქ მხოლოდ ერთი არ იმარჯვებს, არამედ მთლიანად გუნდი. სწორედ ამ გზით მივდივართ ბოლო წლებია და ვაპირებთ ამ მიმართულებით სვლას, რათა ფანებს უსაზღვრო სიხარული მივანიჭოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში