France Football-ის ლოგიკა – ვინ როდის იგებს ოქროს ბურთს

France Football-ის ლოგიკა – ვინ როდის იგებს ოქროს ბურთს

   ამ ბლოგის მიზანი ჭეშმარიტების მიგნება ნამდვილად არ არის, რადგან ოქროს ბურთთან მიმართებით ეს შეუძლებელია. France Football-ის გამოკითხვა დიდი ხანია ლოგიკას არ ექვემდებარება. ან, შეიძლება ითქვას, რომ ყველას თავისი ლოგიკა აქვს, გამარჯვებულს ხომ ერთი გამოცემა არ ავლენს?! მსოფლიოს თითქმის ყველა გამოცემაა ამ ამბავში ჩართული, (მათ შორის ქართულიც) France Football-ს მხოლოდ ის შეეძლო რომ კრიტერიუმები განესაზღვრა რითიც სხვა გამოცემები იხელმძღვანელებდნენ, მაგრამ ეს არასდროს გაუკეთებიათ და არც ახლა აკეთებენ. ასე რომ, ყველაფერი ისევ და ისევ, ძალიან სუბიექტურია. 

მას შემდეგ რაც მესი და რონალდუ დიდ ფეხბურთს ჩამოსცილდნენ (თუ სანაკრებოს არ მივიღებთ მხედველობაში) რთული გახდა გამარჯვებულის გამოვლენა. საკმარისია თუნდაც წინა სეზონის ლაურეატი გავიხსენოთ, და იგივე ამბავი ატყდება ახლაც, აბა წარმოიდგინეთ უსმან დემბელე რომ გახდეს გამარჯვებული, ან, იამალი, ან, რაფინია, ყველა შემთხვევაში დიდი ხმაური იქნება. საწინააღმდეგო მიზეზს რა გამოლევს?! მხოლოდ ორი კანდიდატურა მგონია ისეთი, რომელსაც ნაკლები ხმაური მოჰყვება – ერთი პედრის კანდიდატურაა, მეორე ჯანლუიჯი დონარუმასი. 

კიდევ ერთი რამით იქნება მიმდინარე დაჯილდოება განსაკუთრებული. როგორც იქნა დააყენეს საშველი და ამიერიდან ოქროს ბურთს გასცემენ სეზონის მიხედვით, და არა წლის მიხედვით. 

ასეა თუ ისე, ხმაურს ვერ ავცდებით, ეს ხმაური კიდევ ძალიან მომენატრა. 

მხოლოდ ერთი ხმით 

აი ხმაური 96-ში გენახათ. გამარჯვებულის ბედი მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა, ასეთი რამ არც მანამდე და არც მას მერე არ მომხდარა. ოქროს ბურთი მატიას ზამერს ჩაბარდა. ეჰ, იმ ერთი კაცისა რა ვთქვი.. მატიას ზამერმა ერთი ხმით ბრაზილიელ რონალდოს აჯობა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო “ფენომენად” შერაცხული. 

რა ლოგიკით იხელმძღვანელეს ჟურნალისტებმა? 

ზამერის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მიანიჭეს სანაკრებო ტურნირს, ევროპის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლიბერო კაცი. მართლაც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი თავისი გუნდისთვის. მაგრამ, ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანი იყო? 

მოიგო ბუნდესლიგაც, წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელიც გახდა. 

რონალდოს რა ჰქონდა? არაფერი. 

96 წლის პირველი ნახევარი, ესე იგი, 1995/96 წლის სეზონის მიწურული საერთოდ გამოტოვა, რადგან პსვ-ში მიღებულ მუხლის ტრავმას მკურნალობდა. პირველად სწორედ იქ გაიწყვიტა იოგები. ოლიმპიადაზე აჩვენა დიდებული ფეხბურთი? აჩვენა რა.. უფრო ის გაუკვირდათ რომ ასეთი ტრავმის მერე ისე დაბრუნდა გეგონება არაფერი მოსვლიაო, აი, ეგ ოლიმპიადა რომ მოეგო ის ერთი ხმაც აღარ იქნებოდა საკამათო, მაგრამ ვერ მოიგო, ნიგერიასთან დამარცხდა ნახევარფინალში. 

აბა რის ხარჯზე დააგროვა ამდენი ხმა? კაცს ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშია. 

რის ხარჯზე და “ბარსელონაში” გატარებული ნახევარი სეზონის ხარჯზე. ესე იგი, პირველი სექტემბრიდან 24 დეკემბრამდე. ნული ტიტული!!! უბრალოდ ამ პერიოდში ისეთი ფეხბურთი ითამაშა რომლის მსგავსიც არავის არასდროს უნახავს და ამ უტიტულო ოთხი თვის გამო კინაღამ პირველი ოქროს ბურთი მოიგო. ისედაც მას ეკუთვნის რეკორდი, ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია, მაგრამ ერთი წლით ადრეც შეეძლო და ჩემი აზრით იმსახურებდა, რადგან, ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა და მასზე მაგარი იმ დროს არავინ ყოფილა. 

აჰა, ჩაბარდა 

აი მომდევნო წელს კითხვაც აღარ ყოფილა, რონალდო “ბარსელონაში” დაფრინავდა, ნაკრებშიც დაფრინავდა და “ინტერშიც” მაგრად დაიწყო სეზონი. ესე იგი, 1997 წელს კონკურენტი არ ჰყოლია. 222 ხმა დააგროვა, მეორეზე კი მიატოვიჩი გავიდა 68 ხმით. მიატოვიჩმა ლა ლიგა მოიგო, სწორედ რონალდოს “ბარსელონასთან” ჭიდილში. ზამერმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო “დორტმუნდთან” ერთად, მაგრამ ამჯერად სამეულშიც ვერ მოხვდა. 

ამ დროს ბრაზილიელის ანგარიშზე რა იყო – თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, კონფედერაციის თასი. არცერთი არ არის პირველი კატეგორიის ტიტული, მაგრამ ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომ ეგერ.. აღარც ჩანს მიატოვიჩი. 

ეს როგორ კაცო? 

სახალისო ამბავია:

რონალდო გახდა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი. ტიტული “იუვესთან” დათმო, მაგრამ ბრაზილიელი საუკეთესოა. 

მოიგო უეფას თასი, “ლაციოსთან” ფინალის მერე სანდრო მაცოლამ შეარქვა “ფენომენი”, გახდა ’98 წლის უეფას საუკეთესო ფეხბურთელი. ეს დღემდე ერთადერთი შემთხვევაა, როცა ეს ჯილდო არა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს ან ტრიუმფატორს, არამედ, მეორე კატეგორიის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ხვდა წილად. 

გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი წააგო. (სხვათა შორის, ამ დროს ჯერ კიდევ ფინალამდე ასახელებდნენ საუკეთესოს) 

მაგრამ ოქროს ბურთი მისცეს ზინედინ ზიდანს, იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აბსოლუტური მნიშვნელობა მიანიჭეს. არა სწორია? რა ვიცი აბა.. როცა შენი ქვეყნისთვის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტიტული მოგაქვს, ორი გოლი გაგაქვს და გარდა ამისა, ყველანაერად საუკეთესო ხარ მოედანზე, ესე იგი, რაღაც ლოგიკით იმსახურებ კიდეც. (ჰგავს არა 2010 წლის ინიესტას ამბავს? ხომ გითხარით, გაეშვით ლოგიკას, ვერ იპოვით ამ ამბავში). 

რონალდო კი მესამეზე გავიდა, სიგიჟე არ არის? მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი, მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირს ჩამორჩა ორი ხმით. 

ჩემი აზრით, რონალდოს სამჯერ ზედიზედ უნდა მოეგო ოქროს ბურთი – ’96-ში, ’97-ში და ’98-ში. დღევანდელი ლოგიკით ასე იქნებოდა, მაგრამ მაშინ სხვაგვარად განსჯიდნენ და ეგ სხვაგვარი განსჯაც მენატრება ხოლმე. 

არ არის საჭირო ჩემპიონთა ლიგა 

რივალდოსაც არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა და ისე შეწვდა ოქროს ბურთს. დამარცხდა ესპანეთის სუპერ თასზე, დამარცხდა ესპანეთის თასზე, ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. მოიგო ლა ლიგა და რაც მთავარია, მოიგო კოპა ამერიკა, სადაც საუკეთესო გახდა და მის გვერდზე მყოფი ფენომენიც ცოტა არ იყოს დაჩრ.. არა, ვერ დაჩრდილა, მაგრამ თითქოს გაუტოლდა ამ არანორმალურ კაცს. 

რივალდო შეუჩერებელი იყო, სეზონი 29 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით დახურა. მხოლოდ სტატისტიკაში არ არის საქმე, დიდებული გოლები შეყარა, პასებიც ჩამოარიგა და საერთოდ, მაგარი ფეხბურთი ითამაშა. ამ დროს ზიდანზე მაღლაც კი დადგა. 

კოპაზე ხუთ თამაშში ხუთი შეაგდო, (ერთი გამოტოვა წითელი ბარათის გამო). ’99 წელს სამართლიანად ჩაბარდა ოქროს ბურთი. კონკურენტები ბექემი და შევჩენკო იყვნენ. ბექემმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თანაც “ბარსა” ჩატოვეს ჯგუფში, ორივე შეხვედრაში “ბარსელონასთან” დიდებულად ითამაშა, ფინალიც “კამპ ნოუზე” მოიგეს, მაგრამ კითხვები არ ყოფილა – რივალდო საუკეთესოა. 

219 ხმა რივალდოს. 

154 ხმა ბექემს. 

France Football-ი ფიფას ზემოდან უყურებს 

რონალდინიო რაღაცით რონალდოს მაგონებს, მასაც შეეძლო ზედიზედ სამჯერ ოქროს ბურთის მოგება, მაგრამ მიზეზთა გამო ეს ვერ შეძლო. ძალიან საინტერესო გამოდგა 2004 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება. ვთქვათ წინასწარვე – ანდრეი შევჩენკომ მოიგო. მეორეზე დეკუ გავიდა, მესამეზე რონალდინიო. 

ვის რა დაუთვალეს: 

შევჩენკომ სერია ა მოიგო, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ტოტი გახდა. 

შევა გახდა საუკეთესო ბომბარდირი 24 გატანილი გოლით, ერთით აჯობა ჯილარდინოს. 

სუპერ თასიც მოიგო. 

ტიტულების მხრივ დეკუს დიდი უპირატესობა აქვს, მან ხომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო?! თანაც, ფინალში ძალიან კარგი გოლიც შეაგდო და საერთოდ, ჟოზეს “პორტუს” ლიდერი იყო. ამას ევრო მოჰყვა და ფინალი საბერძნეთთან რომ არ წაეგო ალბათ ოქროს ბურთიც მას დარჩებოდა, უბრალოდ, ვერ დააიგნორებდნენ ორ ასეთ ტიტულს, მაგრამ წააგო საბერძნეთთან. 

რონალდინიოს ანგარიშზე რა იყო? – არაფერი. უეფას თასიც ვერ მოიგო. აბა საიდან მესამეზე? გიჟივით დაიწყო 2004 წელი, “ბარსამ” მოგებათა ისეთი სერია მიაწყო და ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, რომ ცხადი გახდა – რონალდინიოზე მაგარი არავინ არ არის. უბრალოდ, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაზომეს მისი ნიჭი და ეგ იყო. დაიჩაგრა ამის გამო. სამაგიეროდ, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ესე იგი, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, ფიფა უფრო ინდივიდებს გამოარჩევს, France Football-ი კიდევ ტიტულებსაც უყურებსო. ნაღდად ასეა? ეჰ, გაეშვით.. თავს და ბოლოს ვერ გაუგებთ. 

თურმე, ისევ არ არის საჭირო ჩემპიონთა ლიგა 

ბევრს დღემდე ეშლება, ჰგონიათ, რომ რონალდინიოს იმ სეზონისთვის მისცეს ოქროს ბურთი რომელშიც ლიგა მოიგო. არა, არ არის ასე. რონის ოქროს ბურთი 2005 წელს მისცეს. “ბარსა” მერვედფინალიდან “ჩელსიმ” გააგდო, მაგრამ რონალდინიოზე მაგარი არავინ ყოფილა. სასწაული გოლი შეუგდო “მილანსაც” და “ჩელსისაც”. მთელი სეზონი ჯადოქრობდა და აბა ამას ვინ არ მიიღებდა მხედველობაში?! 

რონალდინიომ ხუთწლიანი პაუზის მერე “ბარსას” ლა ლიგა მოაგებინა და ეს უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე სტამბულის ფინალი. ასე მოხდა რა. კონტექსტის ცოდნა საჭიროა მეგობრებო. აბა, ტიტულებისა და სტატისტიკის თვლით ვერაფერს გაიგებთ.

მერე დაიწყო 2005/06 წლების სეზონი და ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე მცირე ხნით ადრე “ბერნაბეუზე” ის სიგიჟე დაატრიალა და მოხსნა კიდეც ყველა კითხვა – ოქროს ბურთს უეჭველად წაიღებს. მეორე ხარისხოვანი გახდა ჯერარდის მოგებული ლიგა. მეორე-მესამე ადგილები ლამპარდმა და ჯერარდმა გაიყვეს. 

მოიგო და წააგო 

რონალდინიომ “ბარსაში” საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მისი პიკი სწორედ 2005/06 წლების სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში სამეულშიც ვერ მოხვდებოდა. საქმე ის არის რომ ამ სეზონს მუნდიალი მოჰყვა და მსოფლიო ჩემპიონატს აბსოლუტურ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე, (მართლა? არა, ტყუილია. ხან ანიჭებენ, ხან არა. როგორც გაუსწორდებათ). 

ამიტომ, სამეული ასე გადანაწილდა:

კანავარო

ბუფონი 

ანრი 

რონალდინიო და ზიდანი სამეულს მიღმა დარჩნენ. გაგიჟება შეიძლება. 

ამიტომ ვამბობ თავისუფლად შეეძლო სამჯერ ზედიზედ მოეგო ოქროს ბურთი-მეთქი, მაგრამ, ეჰ, რას გაიგებ. 

მესი და ლოგიკა 

2010-დან 2015 წლამდე France Football-ისა და ფიფას ჯილდოები გაერთიანდა და მივიღეთ FIFA Ballon D’or-ი. ამით ხსნიდნენ როგორ მოიგო მესიმ 2010 წელს ოქროს ბურთი, როგორ აჯობა სნეიდერსა და ინისეტას. თითქოს არის ამაში სიმართლის მარცვალი და ყველაზე დიდი პარალელი ჩემთვის 1998 წელთან ევლება, როცა რონალდოს მთელი სეზონი წყალში ჩაუყარეს ფინალის წაგების გამო. ზიდანი კი არსად საუკეთესო არ ყოფილა ფინალის გარდა, მაგრამ თავის ქვეყანას პირველი მუნდიალი მოუტანა და ყველა და ყველაფერი გადაფარა. 

იგივე არ გააკეთა ინიესტამ? აბა ლოგიკა? არ არის ლოგიკა. 

მესის და რონალდუს შემთხვევაში ყველა წინამორბედ ლოგიკას ხაზი გადაესვა და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. ამხელა სხვაობა ფეხბურთელებს შორის, მე მგონი, არასდროს ყოფილა. უბრალოდ აფრინდა ეს ორი კაცი და ზემოდან ყველა ძალიან პატარა გამოჩნდა. 

ჭეშმარიტება ის არის, რომ ყოველ წელს, ოქროს ბურთის დაჯილდოება რაღაც ლოგიკას ეყრდნობა, მაგრამ მომდევნო წელს თავადვე უარყოფენ ამავე ლოგიკას. ესე იგი, არც არასდროს არსებულა ერთიანი კრიტერიუმები. ეგ კი არა, ნობელის პრემიაშიც ისეთი გარღვევებია, ოქროს ბურთს ახლა ვინ გამოეკიდება. 

ასე რომ, არაფერი გაგიკვირდეთ. დემბელეც ნუ გაგიკვირდებათ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    09 სექ 2025, 12:52

    ასეა თუ ისე, გამოკითხვა ნამდვილად ხდება, და ფეხბურთის სპეციალისტები, ფეხბურთელები და ჟურნალისტებიც მონაწილეობენ მასში, უფრო ზუსტად სწორედ ისინი განსაზღვრავენ გამარჯვებულს. ამის დამტკიცება ძნელი არ არის თუნდაც შარშანდელი ოქროს ბურთის მფლობელის განსაზღვრისას. ვინისიუსი ითვლებოდა საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ გამოკითხვის ბოლო მომენტში როცა ვინისიუსს თითქმის განაღდებული ქონდა პრიზი მისმა ქცევებმა მოედანზე უფრო სწორად უზრდელობამ ბევრს გაუჩინა მის მიმართ უარყოფითი გრძნობები. გეხსომებათ ოქროს ბურთის გადაცემამდე ერთი კვირით ადრე კლასიკოში ვინისიუსმა გავის ასეთი რამ უთხრა, ეხლა შენ მეუზრდელები, მაგრამ მე ამ დღეებში ოქროს ბურთს მომცემენო, თუმცა იმ მომენტში თვითონ იუხეშა და გავიმ როგორც მიჩვეული იყო არ დაუთმო.
    საბოლოო ხმების შეჯამებისას ფიფასაც კი გაუკვირდა რო როდრიმ ყველა დარჩენილი ხმა მიიღო. რაზეც პერესი გამწარებული ყვიროდა ვიღაც დაბალი დონის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ოქროს ბურთის ბედიო. რაც შეეხება მესის 2010 წლის დაჯილდოებას, აქ უკვე სულ სხვა ამბავი იყო, მესი ხატავდა მოედანზე და ამას ყველა ხედავდა და ყველამ დაიკიდა ტიტულები. პრიზი ჯადოქარს გადასცეს. ვინც არ მეთანხმება რა თქმა უნდა საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია.

  • Flying Dutchman
    08 სექ 2025, 18:12

    წელს იუდა იგებს