workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

დედა ყოველთვის მეუბნება, ინტუიცია ჩემგან გადმოგეცა მემკვიდრეობითო. ამა თუ იმ ორთაბრძოლის წინ, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ შეგრძნებებს. 2004 წლის 25 აპრილს, იმ მომენტში დამირეკა, როდესაც გუნდთან ერთად ავტობუსით “სანტიაგო ბერნაბეუზე” მივდიოდი. “ხავი, დღეს ისინი ბეჭებზე უნდა დავცეთ” , – ალბათ აღარ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ დედაჩემი ნამდვილი კულეა, ტერფით თხემამდე. “დიახ, დიახ, სწორედ ასე უნდა მოხდეს. თანაც, გული მიგრძნობს, გამარჯვების გოლს სწორედ შენ გაიტან. ბოლო წუთზე უნდა შეაგდო, რათა მადრიდელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლონ” , – მითხრა დედამ და ოჯახის დანარჩენი წევრებისგან მოკითხვა გადმომცა. 
სტადიონზე მივედით, გული მიგრძნობდა, რომ ამ საღამოს რაღაც გრანდიოზული უნდა მომხდარიყო. თუმცა, მატჩის სიუჟეტი სოლარის მიერ გატანილი გოლით იწყებს განვითარებას. ცოტათი დავიბენით, მაგრამ მალე ჩვენს ხელთ არსებული ყველა იარაღი გადავტენეთ და მეტოქის კართან მომენტების შექმნა დავიწყეთ. რაიკაარდმა, სავიოლას კლუივერტით შეცვლა გადაწყვიტა. პატრიკს, სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ თავური დარტყმით ანგარიში გაეთანაბრებინა.

მივხვდით, რომ მოედანზე ის “რეალი” აღარ იყო, რომელიც ზიდანის მეთაურობით მაყურებელს საკუთარი თამაშით აოცებდა. ზიზუ მოედანზე იყო, მაგრამ თავის თავს არ ჰგავდა. ბექჰემი და ფიგუც გაუჩინარდნენ მოედანზე, მალე კი პორტუგალიელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაადრევად მოუხდა გასახდელში გამგზავრება. საფინალო სასტვენამდე 20 წუთია დარჩენილი, რიცხობრივი უპირატესობა გვაქვს. “ბერნაბეუ” ნელ-ნელა დადუმდა, ჩვენ კი კასილიასის კარზე შტურმის მიტანას ვაგრძელებთ. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რონალდინიო ბურთს მაწვდის, რომელსაც მინდორზე დაშვებას არ ვაცდი და კარიდან გამოსულ კასილიასს “პარაშუტით” თავზე ვუგდებ. ტყავის სფერო ბადეში ეხვევა და გამარჯვება ჩვენ გვრჩება.


ეს გოლი ჩემებმა სახლში უფრო ემოციურად აღნიშნეს, ვიდრე გასადელში ბიჭებმა. მისაღებ ოთახში, პრაქტიკულად მთელი ოჯახის გარემოცვაში მყოფი დედა სიხარულისგენ იმხელაზე ამხტარა, კინაღამ ჭერს მიარტყა თავი. ყველაზე მეტად მაინც მამამ გამაოცა. ის მეორე სართულზე ალექსთან ერთად უყურებდა მატჩს და ბედნიერებისგან ისე დახტუნავდა, მიმქარავს გერვასიო დეფერი (ცნობილი ესპანელი ტანმოვარჯიშე).
სიმართლე ითქვას, ეს გოლი ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს საფეხბურთო კარიერაში, უფრო მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ გოლმა “ბარსა”-“რეალის” ორთაბრძოლის დინამიკა შეცვალა. ჩვენ საბოლოოდ ვირწმუნეთ საკუთარი ძალების. ყოველივე ეს, ზიდანისა და მისი გუნდის ციკლის დასასრული იყო. გაზეთების პირველი ფურცლები არ მჭირდებოდა, მე მხოლოდ ის მსურდა, რომ ბლაუგრანაში მნიშვნელოვანი როლი მეთამაშა. ამ თვალსაზრისით, ზემოთნახსენები გოლი ჩემთვის სასიცოცხლო მნიშნელობისად იქცა, ხოლო გუნდსა და გულშემატკივრებს ფრთები შეასხა.
ამ გოლმა მსოფლიო გადაატრიალა, მაგრამ სიმართლე ითქვას, პირველ რიგში ეს რონალდინიოს დამსახურება გახლდათ. იმ მომენტში რონი კარიერის პიკზე იყო და სულ ყირაზე რომ დავმდგარიყავით, მის როლს ვერ გადაფარავდით.
ეს გოლი ჩემს თავმოყვარეობას მალამოსავით მოედო და პასუხი გასცა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩია აღნაგობისა და ხშირი განივი პასების გამო მაკრიტიკებდნენ, რაც მათი აზრით “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობაში მიშლიდა ხელს.
გაგრძელება იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში