ბოლო ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა ,,რეალსა” და ,,ბარსელონას” შორის საგრძნობლად გამწვავდა. თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის მათი ურთიერთდაპირისპირების ისტორია. ამ ერთ საუკუნეში იყო ესპანეთის ცივი ომი, იყო დიქტატორული მმართველობა ესპანეთში, იყო აჯანყებები და გამოსვლები კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით და კიდევ ბევრი არასასიამოვნო ფაქტი, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია საფეხბურთო კლუბებს შორის ნამდვილად არაა სახარბიელო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა ის ინციდენტი რაც მე-20 საუკუნეში მოხდა, განპირობებული იყო პოლიტიკური სარჩულით, მაგრამ ახლა? მართალია, არც ახლა ამოსდით მზე და მთვარე კატალონიელებს და ესპანელებს ერთმანეთზე, მაგრამ ყველაფერი ცივილიზებულ ფარგლებში მოექცა. მაშინ, რას უნდა დავაბრალოთ კლუბებს შორის ურთიერთობის ასე გაფუჭება?
მოდით, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
რა მოხდა 2010 წლის ზაფხულში? ,,ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე სანდრო როსელი ავიდა. კლუბი დატოვეს ტიერი ანრიმ, რაფაელ მარკესმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მოვიდნენ ახალი სახეები: ადრიანო კორეირა, ხავიერ მასკერანო, დავიდ ვილია. გადავხედოთ რა მოხდა რეალის შემთხვევაში. კლუბის დატოვება მოუწია ,,რეალის” ლეგენდას რაულს, ასევე გუტის. შეიცვალა მწვრთნელი. პელეგრინი, რომელმაც გუნდს, ლა ლიგაში 96 ქულა ააღებინა და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს, ანუ ბარსელონას, პოსტი დაატოვებინეს. ჩილელის ადგილას მოვიდა ჟოზე მოურინიო. მან შემადგენლობის გაძლიერება დი მარიას, იოზილის, ხედირას და კარვალიოს დამატებით გადაწყვიტა.
ახალი სეზონი დაიწყო და თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. სიტუაცია შეიცვალა 29 ნოემბრის შემდეგ. 29 ნოემბერს ბარსელონა 111 წლის გახდა, სწორედ ამ რიცხვს დაემთხვა ელ-კლასიკო. მატჩში გამარჯვებულის სტატუსი ,,ბარსელონას” ერგო, თუმცა ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვება. გუნდმა შეძლო და ,,რეალის” კარში ხუთი უპასუხო ბურთი გაიტანა. როგორც ჩანს ანგარიშმა საკმარისზე მეტად შეულახა ჟოზეს თავმოყვარეობა და მანაც დაიწყო.
თავიდან იყო პროვოკაციული განცხადებები. რაზეც ,,ბარსელონას” ყურადღება არ გაუმახვილებია. ,,ბარსელონა” მხოლოდ თამაშით პასუხობდა მეტოქეს და ქულათა სხვაობაც მათ შორის იზრდებოდა. ამას მოჰყვა საშინელი ბრალდება, თითქოს ბარსელონას სიძლიერე დოპინგის მოხმარებით შეიძლებოდა ახსნილიყო. ეს ინფორმაცია ერთერთმა ესპანურმა რადიომ გაავრცელა და თან ცნობილი გახდა რომ ამ პროვოკაციული განცხადების ავტორები მადრიდელები იყვნენ. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ აპრილის თვეში, კლუბებს ოთხჯერ მოუწიათ დაპირისპირება.
პირველი იყო ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტური. მატჩი 1:1 დამთავრდა. მეორე ტაიმში მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, თუმცა გოლის გატანა და ერთი ქულის აღება მაინც შეძლეს. ამ ფაქტმა, თითქოს დააკნინა “ბარსელონას” თამაში, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც მთავარი შედეგი ჰგონია.
შემდეგ იყო ესპანეთის სამეფო თასის ფინალი. მატჩისთვის განკუთვნილი დრო 0:0 დამთავრდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 100 წუთის განმავლობაში თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ გოლი ბარსელონას უნდა გაეტანა, მაგრამ მოხდა პირიქით. გაიტანეს მადრიდელებმა და სამეფო თასსაც დაეუფლნენ. ყველას ეგონა, რომ ეს ყველაფერი ”ბარსელონას” დიდების დასასრულის დასაწყისი იყო. ჰორიზონტზე რეალის ფანების დიდი ბრბო გამოჩნდა. ბრბო, რომელსაც ჟოზე და მისი შეგირდები ციდან მოვლენილი ვარსკვლავები ეგონა. ისინი თვალს ხუჭავდნენ ყველა იმ სიბინძურეზე, რასაც მათი საყვარელი კლუბის წევრები სჩადიოდნენ. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ პრეტენზიებს, რომლებიც თვითონ “ბარსელონას” ჰქონდა ,,რეალის” მიმართ, ისინი წამოაყენებდნენ.
დიახ, თურმე ”ბარსელონა” სიმულიანტი, ღირსება დაკარგული ფეხბურთელებისგანაა დაკომპლექტებული. თურმე ისინი ურტყავენ საკუთარ მეგობრებს (როგორც ეს რამოსმა გააკეთა), თურმე ბარსას ფეხბურთელმა მიიღო ათ მატჩიანი დისკვალიფიკაცია, მართლაც უღირსი საქციელის გამო (იგულისხმება პეპე), თურმე ბარსას ჰყავს ისეთი მწვრთნელი, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ადამიანურ აზროვნებას (იგულისხმება მოურინიო) და ასე შემდეგ.
მადრიდელების ეს საქციელი დამარცხებულის ამპლუას ჰგავს. მათ არ იციან რა დაუპირისპირო ”ბარსელონას” მოედანზე. თუმცა ვცდები, მათ მიაგნეს ამ გზას და ეს უხეში, აგრესიული, შედეგზე და მეტოქის დამტვრევაზე ორიენტირებული “ფეხბურთია”.
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების ეგიდით გამართული პირველი შეხვედრა ბარსელონამ 0:2 მოიგო, თანაც სტუმრად. მეორე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან პეპე გააძევა. ამის მიზეზი ყველასთვის ცნობილია. მატჩის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლის ავტორებიც აცხადებდნენ, რომ პეპე წითელ ბარათს არ იმსახურებდა და ყველაფერი დანი ალვესის შესანიშნავად დადგმულმა სპექტაკლმა გამოიწვია. თუმცა, როგორც რუსთავი 2-მა განგვანათლა, წითელი ბარათით ისჯება, არამარტო ჩადენილი ქმედება, არამედ განზრახვაც. განზრახვა კი პეპეს ნამდვილად მზაკვრული ჰქონდა. რაც შეეხება სიმულიანტობას, დამეთანხმებით, ეს ფეხბურთის ერთ-ერთი სენია. ვერცერთი კლუბის გულშემატკივარი ვერ იტყვის, რომ ეს მის კლუბს არ ეხება, მაგრამ ერთია, როცა სიმართლეს ამბობ და მეორე, როცა საკუთარი კლუბის დანაშაულის გადაფარვას, სხვაზე უღირსი საქციელის დაბრალების მეთოდით ცდილობ.
”ბარსელონას” გულშემატკივრებს სხვისთვის დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. გუნდი თავისი თამაშიც ცდილობს პასუხი გასცეს ყველა პროვოკაციას და ამას ძალიან კარგად აკეთებს. ”ბერნაბეუზე” მატჩის წინს გვარდიოლამ განაცხადა: “ხვალ საღამოს ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ. მინდვრის გარეთ ის (ჟოზე) მთელი წელი იმარჯვებდა და მომავალშიც გააგრძელებს გამარჯვებას. კარგი. დატკბეს ის ამით, მე მას ამის საშუალებას მივცემ. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთზე. სპორტში ხან ვიგებთ, ხანაც ვმარცხდებით. ვხარობთ უმნიშვნელო გამარჯვებებითაც კი. ვცდილობთ ვითამაშოთ ისე, რომ მსოფლიოს ჩვენი თამაშით აღფრთოვანდეს და ამით ვამაყობთ.” _ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, პირველ რიგში საკუთარ თავს და კლუბს უნდა ვცეთ პატივი, შემდეგ კი მეტოქეს.
ჩვენი ერთადერთი მოვალეობა ,,ბარსელონას” მხურვალე გლშემატკივრობაა და ნუ დავივიწყებთ ამას.