როდესაც საქმე ეხება მომდევნო სეზონისთვის ”ბარსელონას” შემადგენლობის გაძლიერებას, ისმის იმ ფეხბურთელების სახელები, რომლების ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნებიან. თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ერთი მათგანი გაიბრწყინებს ”კამპ ნოუზე”, ვინაიდან კლუბს არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი ”ჯგუფური” ტრანსფერებისთვის. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნახევარდაცვის გაძლიერების მიზნით დიდი შანსია, ”ბლაუგრანას” სესკ ფაბრეგასი დაუბრუნდეს ან დაცვის გაძლიერებისთვის კლუბს გარეთ ბეილი შეუერთდეს. თავდასხმის გაძლიერებას კატალონიელების ”ვილიარეალის” იტალიელი ფორვარდით, ჯუზეპე როსით გეგმავენ. ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომლის მიხედვითაც ”ლურჯ-ბროწეულისფრებს” ახალგაზრდა ბრაზილიელ ტალანტს, ნილმარს უკავშირებდნენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, ”ბარსელონას” მთავარ სამიზნეს 22 წლის ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”ბარსას” წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია სტადიონის ტრიბუნებიდან აკვირდებიან ”უდინეზეს” ვარსკვლავს. ელ ნინიო მარავილია, როგორც მას იტალიაში ექსტრავაგანტული მანერების გამო ეძახიან, ”ბარსაში” შესაძლოა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს. მისმა თამაშმა კატალონიელების გარდა ”მანჩესტერ იუნაიტედის”, მილანის ”ინტერისა” და ”ჩელსის” ყურადღებაც მიიპყრო. ”უდინეზეს” პრეზიდენტი, ჯამპოლო პოცო ჩილელ ფეხბურთელს ძალიან ძვირად აფასებს, მაგრამ ცნობილია, რომ ალექსის ძალიან უნდა ”ბარსელონას” ფორმის მორგება.
კლუბის ინტერესებში შედის, გააძლიეროს შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის. ამისთვის კი მათ 50 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი. ამას ემატება თანხა, რომელიც ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვიდან შემოვა.



