workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამარჯვება 2002 წლისთვის!

გამარჯვება 2002 წლისთვის!

პირველი საფეხბურთო შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე და რომელმაც პრინციპში განაპირობა, რომ მე დღეს ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონს, “ოლდ ტრაფორდს” უკავშირდება. 1998 წლის 16 სექტემბერს კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც იმ წელს დაარსებიდან 100 წელიწადს აღნიშნავდა და რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესტუმრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. დასაწყისი შოკისმომგვრელი იყო: 2-0 მანჩესტერის სასარგებლოდ, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შეუძლებელი შეძლო: შეხვედრა 3-3 დამთავრდა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, თუკი მანჩესტერში თავი ლუის ენრიკემ და კაპიტნის სამკლაურით მოთამაშე ფიგუმ დამამახსოვრეს, კამპ ნოუზე გამართულ თამაშში ბრაზილიელმა ჯადოქარმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და სამუდამოდ მიუჩინა ბარსას ადგილი ჩემს გულში. რივალდომ ჯერ ჯარიმა, ხოლო შემდეგ მაკრატელა გაიტანა. ორივე შემთხვევაში, როგორც მერე გავიგე იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი – შმეიხელი, ადგილიდან არცკი განძრეულა. სამწუხაროდ შემდეგ ტურში გუნდი “მიუხენის ბაიერნთან” დამარცხდა, ჯგუფიდან ვერ გავიდა და ლიგასაც დაემშვიდობა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა და იმედი დამიტოვა რომ მომავალ წლებში ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწევდა წარმატებას. ახალ სეზონში ყველაფერი თითქოს სწორედ წარმატებისკენ მიდიოდა. გუნდმა ერთი ამოსუნთქვით, წაუგებლად გაიარა ორივე ჯგუფური ეტაპი. შემდეგ მიუხედავად ლონდონში, ჩელსისთან მარცხისა (1-3), კამპ ნოუზე 5-1 იმარჯვა და ნახევარფინალსაც უწია. იყო შანსი ფინალში ელ კლასიკო შემდგარიყო, თუმცა ვალენსია სხვაგვარად ფიქრობდა და პირველივე მატჩის(4-1) შემდეგ მივხვდი რომ ტიტულის მოსაგებად მოცდა მომიწევდა. მომავალი სეზონი ფატალური გამოდგა, რომლის ბოლოსაც მხოლოდ რივალდოს სან სიროსეული ჰეთრიკითა და კლასიკოს დადებითი ბალანსით ვიმშვიდებდი გულს. წინ კი 2002 წელი იყო, რომელზეც ამ სტატიაში შევჩერდები. ჩემპიონთა ლიგა ბარსასთვის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც იოლად გაუმკლავდა ვისლას, ასევე არ გაჭირვებია ჯგუფური ეტაპების გადალახვა. მეტიც – ენფილდზე გუნდმა ნამდვილი სპექტაკლი დადგა, მესამე ბურთი ულამაზესი, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ შეაგდო და სტადიონი დაადუმა. ძალიან დრამატული გამოდგა მეოთხედფინალი: ბერძნებმა საკუთარ მოედანზე 1-0 მოიგეს, კამპ ნოუზე კი მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბარსამ 1/2 ფინალში გამსვლელი 3 გოლის გატანა მაინც შეძლო. ყველაფერი 2 წლის წინანდელივით შესანიშნავად მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ დასასრულიც ისეთივე ცუდი გამოდგა როგორც 2000 წელს. მადრიდელთა მაშინდელი გუნდი, უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მე ყველაფერს მაინც ბრაზილიელი ჯადოქრის ტრავმას ვაბრალებ. რივალდომ ორივე 1/2 ფინალური კლასიკო გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო. გუნდმა რივალდოს გარეშეც იბრძოლა, 23 აპრილს გამართული შეხვედრის დებიუტში თითქოს ფლობდა კიდეც უპირატესობას, ბურთს აკონტროლებდა, უფრო მწვავედ უტევდა ვიდრე რეალი, მაგრამ მეორე ტაიმში ლიდერის მოედანზე არ ყოფნამ მაინც იჩინა თავი. მათ ყავდათ ზიდანი, ჩვენ კი არ გვყავდა რივალდო, რომელმაც ამ შეხვედრებიდან 3 თვეში ბრაზილიის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში უდიდესი წვლილი დაიდო. ბარსა დამარცხდა და რეალთნ კამპ ნოუზე გამართულ მატჩებში 18 წლიან წაუგებელ სერიასაც წერტილი დაესვა. გასვლით შეხვედრაში მოგებული 2-0 ზედმეტად დიდი ჰანდიკაპია, მითუმეტეს რეალისთვის. განმეორებით თამაშში ბარსა მხოლოდ იმ წლის კლასიკოებისთვის პოპულარულ ანგარიშს 1-1-ს გამორჩა.(პრიმერა დივიზიონში ორივე მატჩი 1-1 დასრულდა.) ამ შეხვედრების შემდეგ არცთუ ცოტა დრო გავიდა, ბარსამ 2ჯერ მოახერხა თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა, გაიმარჯვა რამდენიმე ისტორიულ მატჩში, ვნახე კატალონიელებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი, ხოლო მადრიდელთათვის სამარცხვინო კლასიკოები, მაგრამ ყოველი მოგებული “ელ კლასიკოს” შემდეგ გული მწყდება, რომ ეს გამარჯვება ჩემპიონთა ლიგას არ ეკუთვნის და კვლავ პრიმერა დივიზიონის ეგიდით გავიმარჯვეთ. არ ვიცი ვის რა ასოციაციები აქვს, მაგრამ 2008 წელს, როცა დამატებულ წუთებზე ლიონელ მესიმ კასილიასს თავზე გადაავლო ბურთი და ანგარიში 2-0 გახადა, ჩემს გონებაში 2002 წელს მაკმანამანის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ბურთი ამოტივტივდა. მძიმე გადასატანია ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი, მძიმე გადასატანია ელ კლასიკოში წაგება, მაგრამ ეს ორივე ერთად ჩემში აღძრავს რევანშის აღების დაუოკებელ სურვილს, რომელიც აგერ უკვე 8 წელია არ ქრება. დარწმუნებული ვარ იგივეს გრძნობს ბარსას გულშემატკივრების დიდი ნაწილი, მათ შორის დღევანდელი გუნდის ფეხბურთელებიც, რომელთა უმრავლესობაც მაშინ ჯერ კიდევ ბარსას აკადემიაში მობურთავე ბავშვები იყვნენ. მაგრამ ერთის გამოყოფა მაინც შეიძლება: ეს ადამიანი ხავიერ ერნანდეს კრეუსია. იგივე ხავი რომელიც ½ ფინალის განმეორებით შეხვედრაში მოედანზე იყო და ფინალში გასასვლელად ბერნაბეუზე მადრიდის რეალის ჰანდიკაპით დამარცხებას ცდილობდა, ის ერთი გოლიც სწორედ მის ანგარიშზეა. მას შემდეგ ხავი როგორც პროფესიონალი ძალიან გაიზარდა, მოიგო უამრავი ტიტული, არაერთხელ ჩაუტარა მადრიდელებს მასტერკლასი, მათ შორის ბერნაბეუზეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისთვის ლიგაზე განცდილ მარცხს, მხოლოდ წელს მოპოვებული გამარჯვება თუ გააბათილებს. ეს გრძნობა კი მისთვის უდიდეს მოტივაციად უნდა იქცეს, რომელიც ორივე ½ფინალურ მატჩში გამარჯვებაში დაეხმარება. მე მჯერა რომ დღეს ხავი ბარსასთვის 8 წლის წინანდელი რივალდოს ანალოგია, თუმცა მისგან განსხვავებით ის მოედანზე გასვლას შეძლებს, გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვება და ამას გააკეთებს თითოეული ბარსაზე შეყვარებული ადამიანისთვის, პირველ რიგში კი 2002 წლის გუნდისთვის, რივალდოსთვის, ლუის ენრიკესთვის და სხვებისთვის მოახერხებს რევანშის აღებას. თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ რეალმა 1959-60 წლის სეზონშიც მოახერხა ბარსელონას ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალიდან გამოთიშვა. თუმცა ზუსტად 1 წლის შემდეგ ბლაუგრანამ შური იძია და 1/4 ფინალში მადრიდელთა 5 წლიანი ევროპული ჰეგემონია დაამხო. იმ ფორმაციის ბარსელონამ პასუხი გასცა დედაქალაქელებს, რეალის 2002 წლის “თავხედობა” კი ჯერაც პასუხგაუცემელია. მაგრამ პეპ გუარდიოლას შეგირდები ამ საქმეს ასე არ დატოვებენ! დღეს მათი გულები ისეა გამარჯვებისთვის ანთებული როგორც არასდროს!

სტატია მოამზადა გიორგი დევდარიანმა (იგივე KLIM-მა)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში