ხვალ “ბარსელონას” “ვალენსია” “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდება, სადაც კატალონიელებისთვის ქულების ართმევა, როგორც წესი, ძალიან ძნელია. “ღამურებმა” ბოლოს ამის გაკეთება 2016 წელს მოახერხეს, როცა გუნდს პაკო აიესტარანი წვრთნიდა.
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ “ვალენსიას” ამ შედეგის გამეორება ისევ შეუძლია, თუმცა ამისთვის მათ განსაკუთრებული მონდომება და გამართლება დასჭირდებათ.
“გამარჯვების შანსი ორივე მხარეს აქვს. ეს ყოველთვის ასეა.
“ბარსელონამ” ბოლო 29 ოფიციალური შეხვედრიდან სახლში მხოლოდ ერთი წააგო. ეს საოცარი სტატისტიკაა. “ვალენსიას” სასურველი შედეგის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენასთან ერთად ისიც დასჭირდება, რომ მეტოქე მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით ვერ გამოვიდეს. გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.
“ვალენსიამ” თავისი შესაძლებლობები ესპანეთის თასის ფინალის მოგებით დაამტკიცა. ახლა კი გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და არ ვიცი, ის რას გეგმავს. მარსელინოს მუშაობის დროს დაცვა კარგად იყო ორგანიზებული და კონტრშეტევებსაც შედეგი მოჰქონდა. ასეთი ტაქტიკა “ბარსას” მსგავსი გუნდის წინააღმდეგ ყველაზე ხელსაყრელია”.



