“იმდენი რამ მოხდა ამ კვირას…” – განაცხადა მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ. მართლაც, ძალზედ ბევრი რამ მოხდა ამ კვირას: რადიო “კადენა კოპემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რეალ მადრიდის” ხელმძღვანელობა “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ფეხბურთელების დოპინგ–კონტროლზე შემოწმების მოთხოვნას აპირებდა; გუნდის ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც მას ხუთშაბათს ოპერაცია გაუკეთდა; “ბარსა ბ”–ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი სეზონის ბოლომდე გუნდის დატოვებას აპირებს; 18 მარტს, ნიონში “ჩემპიონთა ლიგის” კენჭისყრა გაიმართა, სადაც დადგინდა, რომ კატალონიელებს მეოთხედ–ფინალში უკრაინული “შახტარი” გაუწევს წინააღმდეგობას … ამ ყველაფერზე ბევრიც დაიწერა და ბევრიც ითქვა. მოკლედ, კატალონიელებს ძალზედ რთული კვირის გადატანა მოუხდათ. ამ ძალზედ რთული და გატავრითული კვირის ბოლოს კი “ბარსამ” “ნოუ კამპზე” მცირე განტვირთვის საღამო მოიწყო და მადრიდულ “ხეტაფესთან” გამართა შეხვედრა…
“იმდენი რამ მოხდა განტვირთვის საღამოს…” – ამას კი უკვე მე ვაცხადებ. მართლაც, ძალზედ ბევრი რამ მოხდა ამ განტვირთვის საღამოს: “ბარსამ” გათამაშების ფინალურ ფაზაში შეაბიჯა და ახლა კატალონიელებს 9 მატჩიღა რჩებათ ჩასატარებელი; “ბლაუგრანელები” უკვე 27 შეხვედრაა, რაც “პრიმერაში” ნანადირევი ქულების გარეშე მოედანს არ ტოვებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ პეპის გუნდმა 1973/74 წლების რეკორდი დაამხო; ბოიან კრკიჩმა “ბარსას” მაისურით მეასე შეხვედრა გამართა. ეს მეასე შეხვედრა კი თავის მხრივ, გოლით აღნიშნა. ეს გოლი კი მისთვის 25–ე აღმოჩნდა; მატჩის წინ, ფებურთელებმა და “ნოუ კამპზე” შეკრებილმა პუბლიკამ პატივი იაპონელ ხალხს, წუთიერი დუმილით მიაგო. მატჩის 22–ე წუთზე კი მთელმა სტადიონმა მოიმარჯვა თავისი ორი ხელი (2 ხელის არ ქონის შემთხვევაში, ერთი ხელი და დამონტაჟებული სკამი, ხოლო ორივე ხელის არ ქონის შემთხვევაში…) და იჭექა “ნოუ კამპმაც”. მთელი ერთი წუთის განმავლობაში სტადიონი არ ჩერდებოდა და ტაშის კვრას არ წყვეტდა; და კიდევ მრავალი მცირე ნიუანსი…
შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. “ბარსას” მხრიდან, გოლების ავტორები დანი ალვესი და ბოიან კრკიჩი გალხავთ. დანისთვის ეს გოლი წლევანდელ სეზონში მესამე აღმოჩნდა, ხოლო ბოიანისთვის მეხუთე. მადრიდელმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა მატჩის მიწურულს მოახერხეს. ბოლო 5 წუთი კი “ხეტაფესთან” კვლავინდებურად დაძაბული გამოდგა და ძალაუნებურად ცოტა ჭაღარაც შეგვაპარვინეს თმაში.
შეხვედრის არბიტრს გუშინ პენალტის დანიშვნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ როდესაც სასტვენის მომარჯვებისა და ჩაბერვის დრო დადგა გაახსენდა, რომ ესპანელი იყო და აბა ისე როგორ უნდა დაემთავრებინა შეხვედრა ერთი ძალზედ უხეში შეცდომა არ დაეშვა?! ეს მატჩის 22–ე წუთზე მოხდა, როდესაც კატა დიასმა დავიდ ვილია საჯარიმოში წესების დარღვევის დახმარებით შეაჩერა. ალბათ ვილიაზე ამ მომენტმა იმოქმედა და ამის შემდეგ იმდენი მომენტი ვერ გამოიყენა, რომ ხალხი კიდევ ერთხელ ასაუბრდა პეპის შეცდომაზე, რომელსაც სხვაგვარად ზლატან იბრაჰიმოვიჩს უწოდებენ.
კიდევ ერთხელ ჟოზე მაურინიოსავით, რომ არ გამომივიდეს, შევწყვეტ არბიტრებზე საუბარს და კიდევ ერთხელ დაველოდები მომავალ ტურს, სადაც კატალონიელები “ვილიარეალს” ესტუმრებიან & სადაც კატალონიელებს ჩავი ერნანდესი ვერ დაეხმარებათ & სადაც “ბარსელონა” 3 ქულის, ხოლო ვალდესი, ბუსკეტსი, მაშერანო და ლეო მესი ყვითელი ბარათების მოსაპოვებლად იბრძოლებენ…



