“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა “ჟირონა” ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს.
აღნიშნული შეხვედრა ლუის სუარესისა და სერჟი რობერტოსთვის ლა ლიგაში რიგით მე-100 აღმოჩნდა. ურუგვაელმა საიუბილეო მატჩი გოლით დააგვირგვინა.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” კატალონიურ კოლექტივს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა, პაულინიო, ინიესტა, რაკიტიჩი, ვიდალი, მესი და სუარესი.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ბარსელონას” უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში კატალონიელებმა მეტოქეს ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლითა (33-67) და დარტყმების რაოდენობით აჯობეს (2-7).
მე-17 წუთზე ჟორდი ალბას შორეულ დარტყმას ადაი გამოეხმაურმა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის სტატისტიკა
კატალონიელთა დომინაცია მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. მასპინძლებმა, კერძოდ კი გორკა ირაისოსმა, ალეიშ ვიდალის დარტყმის შემდეგ კვლავ ავტოგოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩს წერტილი “ჟირონას” მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუის სუარესმა დაუსვა – 3:0. აღსანიშნავია ის საინტერესო ფაქტიც, რომ დღევანდელ შეხვედრაში თამაშგარე მდგომარეობა 18-ჯერ დაფიქსირდა.

საბოლოო სტატისტიკა
“ბარსელონა” 18 ქულით ლა ლიგის ლიდერია, მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” კი 14 ქულა აქვს. ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას კვლავ ლიონელ მესი იკავებს. მომდევნო შეხვედრას “ლურჯ-ბროწეულისფრები” 27 სექტემბერს, “სპორტინგის” წინააღმდეგ გამართავენ (22:45).




საღოლ ბიჭებს რაც მთავარია კარი მშრალად შევინახეთ ყოჩაღ
კი თქვა ჟირონას მწვრნელმა, გეგმა მაქ როგორ შევაჩერო შემტევებიო, ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც – ოფსაიდი ყოფილა მაგის გეგმა 😀 😀
სუარესი მონდომებული იყო. მიხვდა, რომ "ბარსელონაშ' დაგეშიელები არიან ძირითად თერთმეტეულში მოსახვედრად.
კარგად მივდივართ და იმედია ასე გავაგრძელებთ