მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ჩავისთან: “ბარსელონას” ჩამოეძინა”

ინტერვიუ ჩავისთან: “ბარსელონას” ჩამოეძინა”

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” აღარ თამაშობს და ამ ორ წელს კატალონიელებისთვის წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის. ესპანური Marca-ს ჟურნალისტი ლეგენდარულ ფეხბურთელს კატარში, დოჰაში ეწვია და მასთან, “ბარსელონაში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ინტერვიუ ჩაწერა. 37 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუ ჩაწერილია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე.

– ისე ჩანს, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას კვლავ იღებ. როგორ ახერხებ ამას კატარის ჩემპიონატში, როდესაც ესპანეთში ყველაფერი გაქვს მოგებული?

– ჩემი სხეული მოწოდების სიმაღლეზე ვეღარაა, კატარში კი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მეძლევა. მინდა თამაში განვაგრძო, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს და კვლავ კონკურენტუნარიანი ვარ. შესანიშნავი განცდაა, როდესაც ბურთს ვფლობ. ბურთთან ურთიერთობის მიმართ სიყვარული არასდროს გამიქრება. ვაპირებ, პროგრესი განვაგრძო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. კატარის ჩემპიონატი გასართობი ლიგა არაა.

– როგორ დაგარწმუნეს, რომ კატარში გადმოსულიყავი?

– 2014 წელს 2 მიმზიდველი წინადადება მქონდა, ერთ მათგანი MLS-დან, “ნიუ იორკ სიტიდან”. ბართომეუსა და სუბისარეტას ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა ჩემ აგენტს დაურეკა და შესთავაზა MLS-ის სეზონის დაწყებამდე, ანუ იანვრამდე დავრჩენილიყავი. ლუის ენრიკესაც ვესაუბრე, ერთ კვირაში კი ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და მივხვდი, რომ ვრჩებოდი. მომეწონა, რაც ლუის ენრიკემ მითხრა და ასევე მისი ლიდერის თვისებებიც. ასე რომ, დარჩენა გადავწყვიტე. მან მითხრა, რომ მუდმივად ვერ ვითამაშებდი, მაგრამ გუნდს კვლავ დავეხმარებოდი.

– საბოლოოდ რატომ არ გადახვედი MLS-ში?

– იმიტომ, რომ გასვლით თამაშების დროს ბევრი მოგზაურობა გიწევს. ამ ლიგაში თამაში ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. კატარში კი სამუშაო მთელი ჩემი ოჯახისთვის გამოინახა.

– კატარში ამბობენ, რომ შენ სპორტის ღირებულებებს წარმოაჩენ…

– მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც განათლება მშობლებისგან და ქალქ ბარსელონასგან მიიღო. სახლში, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვართ თავმდაბლები და უბრალოები. ლიდერების არ მჯერა, რადგან მე გუნდურობა მიყვარს. ჩემ პიროვნებას ფეხბურთს ვუკავშირებ, რომელიც გუნდური სპორტია.

– როგორ შეეგუე არაბულ სამყაროს?

– არაბი ხალხი ესპანელებს იმაზე მეტად ჰგავს, ვიდრე ესპანეთში ფიქრობენ. აქ კარგი, სტუმართმოყვარე და თავმდაბალი ადამიანები ცხოვრობენ. ეს ქვეყანა ერთი ოჯახია. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე იქნებოდა, რადგან აქ ცხოვრების გამოცდილება არ მქონდა. გული მწყდება, როდესაც ადამიანები არბულ სამყაროზე საუბრობენ მაშინ, როდესაც არაფერი იციან.

– მტკივნეულია “ბარსელონას” დღევანდელ მდგომარეობაში ხილვა?

– არა, რადგან თუ არ ჩავთვლით ესპანეთის სუპერ თასს, გუნდი ყოველთვის მეტოქეზე ძლიერია. ასე ხდებოდა გასულ სეზონშიც, როდესაც “ბარსა” “სანტიაგო ბერნაბეუზეც” უკეთ გამოიყურებოდა და “კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოშიც”.

– რას ხედავ დღევანდელ “ბარსელონაში”?

– მე იმდენად ბრწყინვალე ეპოქის ნაწილი ვიყავი, რომ დღევანდელი მდგომარეობა ჩავარდნას ჰგავს. გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ შენაძენები უკეთესი უნდა ყოფილიყო. 5-6 წლის წინ, “ბარსელონას” სისტემისთვის საუკეთესო ფეხბურთელები გვყავდა, რის შემდეგაც, კლუბს ჩაეძინა. ახლა, გუნდში 5-6 ასეთი მოთამაშე გვყავს: ანდრეს ინიესტა, ჟორდი ალბა, ლიონელ მესი, ჟერარ პიკე, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი. არადა, საჭიროა გუნდში 11 ასეთი მოთამაშე იყოს. ადრე ვერ იტყოდი, რომ რომელიღაც ფეხბურთელი “ბარსელონას” სისტემას მოერგებოდა, რადგან ყველა ასეთი ფეხბურთელი უკვე ჩვენთან იყო. შემდეგ, კლუბმა იყიდა ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს სისტემას ვერ ერგებიან.

– რატომ აიგნორებს კლუბი ახალგაზრდულ აკადემიას?

– კლუბი ამას ყურადღებას აქცევს, მაგრამ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ცალკე თემაა. ეს საკითხი გასაუმჯობესებელია. როდესაც პრობლემა იქმნება, ის უნდა გამოიყენო, რაც სახლში გაქვს. “ბარსელონას” საუკეთესო პერიოდში გუნდის 60%-ს კლუბის აღზრდილები შეადგენდნენ. მაგალითად ტიაგომ გუნდი დატოვა, რადგან მას შანსი არ მისცეს. მოთმინებაა საჭირო, რადგან “ბარსელონა” ყველაზე რთული გუნდია იმისათვის, რომ იქ შეაღწიო.

– რატომაა ყველაზე რთული?

– რადგან მოთხოვნა არის მოგებაც და კარგად თამაშიც. “რეალს” შეუძლია 3:2 საშინელ მანერაში მოიგოს და იტყვიან, რომ ის საუკეთესო იყო და გუნდმა კიდევ ერთი ეპიკური ქამბექი შემოგვთავაზა. ხოლო თუ ჩვენ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოვიგებთ, ამ თამაშს ერთი კვირის განმავლობაში გაარჩევენ, შეხედავენ ბურთის ფლობას, იმას, რომ მეტოქე გუნდს გოლის გატანის 3 შანსი ჰქონდა, ან იმას, უტევდნენ თუ არ ჩვენი განაპირა მცველები, ან რატომ გვქონდა უპირატესობა მხოლოდ ცენტრში. “რეალის” შემთხვევაში, კითხვა “რატომ” არ ისმება. გუნდი იგებს და არავინ კამათობს.

– “რეალი” მენტალურად “ბარსელონაზე” ძლიერია?

– განსხვავება ისაა, რომ როდესაც “რეალს” საქმე ცუდად მისდის, გულშემატკივრები, მწვრთნელი, ფეხბურთელები და პრესა ერთიანდებიან. წლების განმავლობაში, “რეალის” პრეზიდენტს მეტოქე არ ჰყავს. “ბარსელონაში” პირიქითაა. ჩვენთან, ერთი ადამიანი პრეზიდენტად მაქსიმუმ 6 წელი იქნება. “ბარსელონაში” ასეთი ერთობა თითქმის არასდროსაა. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაზე რთული კლუბია იმისათვის, რომ იქ შეაღწიო და მხოლოდ ფეხბურთელები არ მიგულისხმია.

– როგორია მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში “ბარსელონასთვის” საუკეთესო გამოსავალი?

– მოთმინება. იმ წელს, როდესაც ჩვენ ტრებლი მოვიგებთ, “რეალმა” ზედიზედ რამდენი შეხვედრა მოიგო, აღარც მახსოვს. მადრიდელები იანვრამდე წაუგებლები ჩანდნენ, მაგრამ მათ ვალენსიაში წააგეს, შემდეგ სახლში და საბოლოოდ, სამივე ტიტული ჩვენ მოვიგეთ. კლუბმა ასევე უნდა იზრუნოს ფეხბურთელებზე და უზრუნველყოს, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, როგორც ეს ჟოან ლაპორტას დროს ხდებოდა. გუნდს ასევე სჭირდება ტრანსფერები. “ბარსელონა” ყოველმხრივ ძლიერი უნდა იყოს, რადგან “რეალი” ძალიან ძლიერია.

– არის დღევანდელი “რეალი” “ბარსელონაზე” ბევრად ძლიერი?

– ცხრილში, “რეალი” “ბარსელონაზე” ქვემოთაა, რაც ფეხბურთის სიდიადეს უსვამს ხაზს – არასდროს იცი, რა მოხდება. გვარდიოლას დროს, მოედანზე ყოფნისასა, უპირატესობის ისეთი განცდა მქონდა, როგორიც სხვა დროს არასდროს მქონია. თუმცა, იმ ეპოქაში, ოთხის ნაცვლად, მხოლოდ 2 ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

– ანუ, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავ?

– “რეალი” ახალ სეზონს გამარჯვებული ხდება. მადრიდელებს კარგი დრო უდგათ. იგრძნობა, რომ “რეალს” უფრო მომზადებული გუნდი ჰყავს, “ბარსელონაში” კი ახალი ერა იწყება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ლა ლიგის მოგება არ შეგვიძლია. იმ წელს, როდესაც ტრებლი მოვიგეთ, იანვარში ყველა ლუის ენრიკეს გაგდებას ითხოვდა.

– მოგწონს პაულინიო?

– ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე ვითამაშე. მან მე და ინიესტა შესანიშნავად გაგვანეიტრალა. ის ძალიან ძლიერია. “რეალს” რომ პაულინიო შეეძინა, კრიტიკა არ იარსებებდა.

– მიგაჩნია, რომ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” მუდმივად აღმასვლა და დაღმასვლა აქვს?

– არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი თამაშის სტილზე უარი ვთქვით. ვხედავ გუნდს, რომელიც ცდილობს, ტიტულების მოგებასთან ერთად, კარგი თამაშიც აჩვენოს. ეს რომ შეიცვალოს, ისტორიული მოვლენა იქნება. კრუიფის მოსვლის შემდეგ, “ბარსელონა” ყოველთვის განსხვავებული და პატივსაცემი კლუბი იყო. როგორ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? კლუბის ამჟამინდელ დირექტორებს არ ვიცნობ, მაგრამ არ მომეწონება, თუ “ბარსელონა” სხვაგვარად ითამაშებს.

– როდესაც “ბარსელონას” თამაშს უყურებ, ფიქრობ თუ არა, რომ ამ გუნდს ჩავი მოუხდებოდა?

– ეგოისტურად, როდესაც გესმის, რომ გუნდს აკლიხარ, მოგწონს. დიდ გუნდებს ასეთი რამ ემართებათ. როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ისინი იხსენებენ მათ, ვინც აღარაა.

– “ბარსელონაში” ყოფნის დროს სიამოვნებას ყოველთვის ვერ იღებდი. ასეა?

– რთული პერიოდებიც იყო. ლუიშ ფიგუს წასვლიდან ლაპორტას მოსვლამდე, 3-4 წლის განმავლობაში, კრიტიკული სიტუაცია იყო. გამოწვევები მიყვარს და როდესაც რთული დრო დაგვიდგა, არ გავიქეცი. მე “ბარსელონას” ფანი ვარ და ეს პლიუსია. როდესაც “ბარსელონა” აგებს, ვბრაზდები.

–  ნეიმარი იმიტომ წავიდა, რომ ბედნიერი არ იყო?

– მის წასვლას რამდენიმე მიზეზი აქვს. მას გარემოს შეცვლა უნდოდა, ის “ბარსელონაში” კმაყოფილი აღარ იყო, პსჟ-ს შეთავაზება ძალიან კარგი იყო და ასევე იმიტომ, რომ ის პარიზელთა ლიდერი იქნებოდა. მან მე მხოლოდ ის მითხრა, რომ წასვლა უნდოდა.

– თუმცა, საუკეთესოსთან ერთად თამაში უკეთეს ფეხბურთელად არ გაქცევს?

– კი, მესი ნებისმიერ ფეხბურთელს უკეთესად აქცევს. პირადად ჩემ პროგრესში მონაწილეობა მთელმა გუნდმა მიიღო, რადგან მე ყველა თანაგუნდელი მჭირდებოდა. მარტო ვერაფერს გავაწყობდი, რადგან ფიზიკურად ძლიერი არ ვარ, ჩემი სიძლიერე პოზიციურ თამაშშია. მე უნდა ვიცოდე, სად იმყოფებიან თანაგუნდელები.

– არის კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესის დონეზე?

– მესი გუნდურ თამაშშიც და ინდივიდუალურადაც გენიოსია. ის ყველაფერს კარგად აკეთებს. თუ მწვრთნელი იტყვის “ყველამ დაცვიდან უნდა ვითამაშოთ”, მესი ამაშიც ძლიერი იქნება. თუ რონალდუს 1-2 შეხებით თამაშს დაავალებ, არ ვიცი, იქნება თუ არა ის ამაში საუკეთესო. რონალდუ საუკეთესო დამრტყმელია. ის, ამ მხრივ, ისტორიული მოთამაშეა. თუმცა, მესისთან მისი შედარება არ შეიძლება. ლეო საუკეთესოა “ბარსელონაში” და საუკეთესო იქნებოდა დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოშიც”.

– სინამდვილეში როგორია მესი?

– საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან კარგია, რომ საუეკთესო მოთამაშე მოკრძალებული ადამიანია, რადგან ის ბავშვებისთვის სამაგალითოა. ის არასდროს ხმაურობს და ყველას პატივს სცემს. ის ჭკვიანი, ემპათიური და თავმდაბალი ადამიანია. ის უბრალო ბიჭია, რომელიც თუ ბედნიერია, პრობლემას არასდროს შექმნის. მესისთან ურთიერთობა იმაზე ადვილია, ვიდრე ხალხს ჰგონია. უბრალოდ, მას უნდა დაეკონტაქტო. მწვრთნელების როლი ფეხბურთში გადამეტებულად ჩანს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ფეხბურთელია.

– მესი კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ კლუბს ახალი მოთამაშეების დამატება აიძულოს?

– არა მგონია, ის ამას აკეთებდეს, მაგრამ მას ამის უფლება აქვს.

– ახალი მწვრთნელით კმაყოფილი ხარ?

– ვალვერდე ძალიან მომწონს, რადგან მისი იდეები “ბარსელონას” შეესაბამება. მას გასაგები იდეები აქვს. კლუბმა მისი აყვანით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

– რას ფიქრობ, როდესაც გესმის, რომ ხალხი “ბარსელონაში” მწვრთნელად დაბრუნებისკენ მოგიწოდებს?

– ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობდი. ვამაყობ იმით, რომ ისინი მელოდებიან. უახლოეს მომავალში ეს გამორიცხულია, რადგან საჭირო სსერტიფიკატი ჯერ არ მაქვს და ამას 2-3 წელი დასჭირდება.

– გინდა, რომ კატარში ინიესტაც გადმოვიდეს?

– თუ მას ცვლილებები ჭირდება, ამის რეკომენდაციას მივცემ. აქ ხალხი კარგად ცხოვრობს. თუმცა, ის ჯერ მხოლოდ 33 წლისაა და ვფიქრობ, კარგ ფეხბურთს კიდევ 2-3 წელი ითამაშებს.

– რას ნიშნავს “პაუზა” ფეხბურთში?

– ეს არის, როდესაც თამაში გესმის და იცი, როდის უნდა შეუტიო. მე კრუიფის ფილოსოფიის მიმდევარი ვარ. მას ვეთანხმები, რომ მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და თუ ის შენ გაქვს, ესე იგი, ის მეტოქეს არ აქვს. ანუ, როგორ უნდა დავიცვათ თავი? რა თქმა უნდა, ბურთის ფლობით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში