2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, “ბარსელონას” პირველ გუნდში 25 ფეხბურთელი ირიცხება, ზუსტად იმდენი, მაქსიმუმ რამდენის დარეგისტრირებაც შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატში.
ეს ნიშნავს, რომ თუ კატალონიურმა კლუბმა ახალი მოთამაშე დაიმატა, ამჟამინდელი შემადგენლობიდან რომელიმეს ლა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენა მოუწევს.
ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ესპანეთში კი ამაღამ იხურება. ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია (როგორ ჟღერს?!), გაყიდვა კი მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა.
ევროპაში, სულ 3 ქვეყანაა დარჩენილი, სადაც სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა: ესპანეთი, თურქეთი და პორტუგალია. ესპანეთში, როგორც უკვე გითხარით, დღეს იხურება, თურქეთში – 8 სექტემბერს, პორტუგალიაში კი – 22 სექტემბერს.
ასე რომ, “ბარსელონას” ფეხბურთელების სხვაგან გაშვების (თუნდაც არდა თურანის “გალათასარაიში”) შანსი კიდევ აქვს, თუმცა ამჟამად, გუნდში ახალი მოთამაშეების ადგილი ფიზიკურად არაა.


