“ბარსელონას” პირველ გუნდში, ამჟამად, 27 ფეხბურთელი იმყოფება. ეს კი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატალონიელები არავის დაიმატებენ, მათ 2 ფეხბურთელის გაშვება მაინც მოუწევთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ლა ლიგაში გუნდებს მაქსიმუმ 25 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება აქვთ.
გუნდიდან სავარაუდოდ წამსვლელთა სიაში დუგლას პერეირა, სერჟი სამპერი, არდა თურანი, რაფინია ალკანტარა, მუნირ ელ ჰადადი, ანდრე გომეში და ტომას ვერმალენი შედიან.
ყველაზე მარტივი სიტუაცია დუგლასის შემთხვევაშია. ბრაზილიელ მარჯვენა მცველს სამშობლოში და პორტუგალიაში იწვევენ.
სერჟი სამპერის იჯარით აყვანის სურვილს რამდენიმე ესპანური გუნდი გამოთქვამს, მაგრამ სერიოზული ჯერ არაფერია.
არდა თურანს მშობლიური კლუბი იწვევს. “გალათასარაი” თურქი შემტევი ნახევარმცველის იჯარაზე მუშაობს.
რაფინია ალკანტარას იჯარით აყვანა “მილანს” სურს, მაგრამ ეს ტრანსფერი ნიანგის იტალიური გუნდიდან წასვლაზეა დამოკიდებული.
მუნირ ელ ჰადადის “რომაში” წასვლა სურს, მაგრამ იტალიელთა შეთავაზება “ბარსელონას” არ აკმაყოფილებს.
ანდრე გომეშის შეძენით “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ პორტუგალიელის წასვლა იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, თუ გუნდი ჟან-მიკაელ სერის შეიძენდა, ეს ტრანსფერი კი ჩაიშალა.
ტომას ვერმალენს ინგლისში დაბრუნების შანსი ჰქონდა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” სერის ტრანსფერში მარლონ სანტოსს ჩართავდა და ვერმალენი გუნდის მე-4 ცენტრალური მცველი გახდებოდა. ახლა კი, სერის ტრანსფერის ჩაშლა მარლონის დარჩენას ნიშნავს და ბელგიელი მცველის მომავალი კვლავ გაურკვეველია.



