მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი “კოზირი” ყოველთვის იყო კლუბის აკადემია, რომელიც მუდმივად ამარაგებდა ძირითად გუნდს ნიჭიერი, ახალგაზრდა და პერსპექტილი ფეხბურთელებით, რომელთა დიდი ნაწილი, დროთა განმავლობაში, კლუბის ლეგენდადაც იქცა.
სულ რაღაც 5 წლის წინ, კატალონიურა გრანდმა რეკორდი დაამყარა, მათ სასტარტო შემადგენლობაში თერთმეტივე ფეხბურთელი “ბლაუგრანას” აღზრდილი გახლდათ.
დღეს კი სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია. ხელმძღვანელობა ერთი მეორის მიყოლებით ყიდის ახალგაზრდა ტალანტებს, რაც ხშირ შემთხვევაში კლუბს ძალიან ძვირი უჯდება. თუნდაც მბოულას მაგალითი რად ღირს, რომელმაც გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში, 9 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა – იგი “მონაკომ” 3 მილიონად შეიძინა. განვიხილოთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც “ლა მასიის” აღზრდილია და რომელთა უმრავლესობა “ბარსელონას” ახლა ნამდვილად ჭირდება:
1) სესკ ფაბრეგასი
ესპანელი ნახევარმცველი წლების განმავლობაში ლონდონის “არსენალის” ღირსებას იცავდა. საბოლოოდ, 2011 წელს იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, თუმცა აქ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვლინა, რაც მეტწილად იმის დამსახურებაც იყო, რომ ხშირ შემთხვევაში განსხვავებულ პოზიციაზე უწევდა თამაში. საბოლოოდ, 2014 წელს ის ინგლისში დაბრუნდა და ლონდონის “ჩელსის” მიაშურა.
2) ექტორ ბელერინი
ერთ-ერთი პოზიცია, რაც გასულ სეზონში “ბარსას” მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, სწორედ მარჯვენა მცველია. დანი ალვესის წასვლის შემდეგ, ფაქტია, მისი ადგილი ღირსეულად ვერავინ დაიკავა. გასულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა ალეიშ ვიდალმა და ბევრს იმედიც მისცა, თუმცა საბოლოოდ “ალავესთან” მატჩში ფეხი მოიტეხა და სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. თავის მხრივ, ამ პოზიციაზე ვერც სერჟი რობერტო ბრწყინავდა, რომლის აშკარა პერსპექტივა ნახევარმცველის პოზიციაზე ნამდვილად შესამჩნევია, და კლუბის ახალი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ამის გამოყენებას მომდევნო სეზონში აპირებს.
კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კი სწორად ბელერინია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი გადმობირება არც თუ ისე მარტივი იქნება.
3) მაურო იკარდი
მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი 2008-2011 წლებში “ბარსელონას” შემადგენლობაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც იგი “სამპდორიაში” გადავიდა. აწ უკვე გასულ სეზონში, პაკო ალკასერმა აშკარად ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა – მისმა ტრანსფერმა “ბლაუგრანელთა” სათადარიგოთა სკამის საკმარისად გაძლიერება ვერ შეძლო. 24 წლის მაურო იკარდი კი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ცენტრ-ფორვარდად ითვლება.
4) ტიაგო ალკანტარა
მეორე პოზიცია, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილი იყო გასული სეზონის “ბარსელონაში”, ცენტრალური ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა, როცა ინიესტა-ბუსკეტსი-ჩავის ტრიო ბრწყინავდა, თუმცა ასაკი არავის ინდობს. ჩავიმ კლუბი უკვე დატოვა და ინიესტასაც ნამდვილად ჭირდება ღირსეული შემცვლელი. ამის კანდიდატი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა, ტიაგო ალკანტარა იქნებოდა, რომ არა ფაქტი, რომ 2013 წელს იგი “ბარსელონამ” სულ რაღაც 25 მილიონად “ბაიერნს” მიჰყიდა, ახლა კი მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა და დიდი ალბათობით, მისი ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულში არ შედგება.
5) ჟერარ დეულუფეუ
ასევე “ბარსას” აღზრდილი თავდამსხმელი, ჟერარ დეულუფეუ გუნდის სათადარიგოთა სკამს საგრძნობლად გააძლიერებს. მის ტრანსფერზეც ძალიან ბევრი იწერება. ახალგაზრდა ესპანელმა “მილანი” უკვე დატოვა. კატალონიელები მას დემბელეს ტრანსფერის ალტერნატივად განიხილავენ.
6) ორიოლ რომეუ
25 წლის საყრდენი ნახევარმველი ამჟამად “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავს. თუ გავითვალისწინებთ გასულ სეზონში ანდრე გომეშის არადამაკმაყოფილებელ თამაშს, სათადარიგო ფეხბურთელად რომეუც არ იქნებოდა ცუდი, თუმცა კლუბმა მისი შენარჩუნება არ გადაწყვიტა.
7) 8) ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსები
მექსიკელი ნახევარმცველები ასევე “ბარსას რიგებში ირიცხებოდნენ, თუმცა კატალონიურ გრანდში მათი კარიერა არ შედგა.
9) სანდრო რამირესი
სანდრო რამირესი 2016 წელს “მალაგაში” გადავიდა, სადაც ძალიან კარგად ათამაშდა. მან იმ მატჩში, სადაც “ბარსელონამ” ჩემპიონობის შანსები პრაქტიკულად დაკარგა, ყოფილ გუნდს გოლიც გაუტანა და მისი აღნიშვნით ბევრი გულშემატკივარიც გააღიზიანა. ფაქტი კი ისაა, რომ სანდრო ახლა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდია, რომელიც მომავალი სეზონიდან “ევერტონის” ღირსებას დაიცავს.
10) ადამა ტრაორე
ამ ფეხბურთელის სახელი თავიდანვე ბევრისთვის იყო ცნობილი, იგი ასევე ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ, თუმცა ხელმძღვანელობამ არც მისი შენარჩუნება გადაწყვიტა და 21 წლის შემტევი ახლა “მიდლსბროს” შემადგენლობაში ირიცხება.
11) გრიმალდო
იმედები ვერ გაამართლა ვერც ლუკა დინიმ, რომლის ადგილსაც ალბათ ღირსეულად დაიკავებდა გრიმალდო, რომელიც ახლა “ბენფიკას” ღირსებას იცავს, მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი მარცხენა მცველია. იგი კატალონიელთა რიგებში 2011-2015 წლებში ირიცხებოდა, თუმცა მთავარ გუნდში არ დააწინაურეს, რის შემდეგაც 2016 წელს “ბენფიკას” მიაშურა. აღსანიშნავია, რომ სტატიაში განხილულ პრობლემაზე (“ბარსელონას” დამოკიდებულება “ლა მასიისადმი”) სწორედ ესპანელმა ფეხბურთელმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში, სადაც განაცხადა, რომ კლუბი აკადემიას ყურადღებას აღარ აქცევს. როგორც ჩანს, მის მოსაზრებას ბევრი ფაქტიც ადასტურებს.



