workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი გმირის 3 ისტორია

ერთი გმირის 3 ისტორია

1999 წელი ქ. ბარსელონა. “ნოუ კამპის” ლეგენდარულ არენაზე იმართება “ნაიკის” თასის ფინალური მატჩი 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის. ახალგაზრდა კატალონიელებს ამ მატჩში ანდრეს ინიესტა კაპიტნობს. ბავშვები ორმაგად მოტივირებულნი არიან, რადგანაც მატჩს ესწრება დიდი გუნდის დიდი კაპიტანი, ხოსეპ გვარდიოლა.

მატჩი ახალგაზრდა კატალონიელების გამარჯვებით სრულდება და მათ დასაჯილდოვებლად თავად დიდი კაპიტანი გადის მინდორზე. უახლოვდება პატარა კოლეგას, ანდრეს ინიესტას, თასს გადასცემს და ურში უჩურჩულებს: “ერთ დღესაც მე მოვალ ისევ ამ სტადიონზე, რათა ვუყურო შენს თამაშს დიდი გუნდის შემადგენლობაში, შენ წინ დიდი მომავალი გელის.”

ამაყად თასაღმართულ ანდრესს კიდევ უფრო უბრწყინდება სახე. ის ხომ თავად თავისმა კუმირმა, ხოსეპ გვარდიოლამ შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა!.. ანდრესმა იცის, რომ პეპი თავისი საქმის გენიოსია, გენიოსები კი იშვიათად ცდებიან, ნუთუ მართლა ასეთი დიდი მომავალი ელის წინ?! ბედნიერია ანდრესი, მისი სახის ყოველი ნაკვთი ბედნიერებას  ასხივებს და სახიდან ბავშვური ღმილი არ შორდება…

2008 წელი. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინიშნება წარსულში ამავე კლუბის ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოსეპ გვარდიოლა. ბევრი სკეპტიკურად ხვდება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სამწვრთნელო გამოცდილების არმქონე ადამიანის დანიშვნას, მაგრამ, რაც მთავარია, პეპს ფეხბურთელები უდგანან გვერდში. ერთ–ერთი მათგანი კი ანდრეს ინიესტაა. დიახ, ანდრეს ინიესტა ახლა “ბარსელონას” მთავარ გუნდშია და გუნდის ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვან წევრადაც ითვლება.

კრიტიკოსები მალევე დუმდებიან. მოდის გაზაფხული, “ბარსა” შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და ყველა ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება, მაგრამ არც ასე მარტივადაა ყველაფერი… ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კატალონიელებს ლონდონის “ჩელსი” ხვდებათ მეტოქედ. ლონდონელები დანებებას არ აპირებენ, რამეთუ პირველი მატჩი “ნოუ კამპზე” ნულოვანი ფრით სრულდება. ლონდონური მატჩის დებიუტშივე კი მასპინძლები გოლს იტანენ. მთელი თამაში მძიმე და ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობს, კატალონიელებს სივრცეები აქვთ შეზღუდული. ამას ისიც ემატება, რომ მატჩის ბოლოსკენ “ბარსას” მარცხენა მცველს, ერიკ აბიდალს აძევებენ. სიტუაცია გამოუვალია…

თითქოს, თავად პეპ გვარდიოლაც შეეგუა, მარცხს, დგას მოწინააღმდეგე გუნდის მთავარ მწვრთნელ, გუუს ჰიდინკთან ხელგადახვეული და ისე ადევნებს თვალს მატჩის ბოლო წუთებს. მერე რა, ხანდახან ჩემპიონებიც მარცხდებინ, მარცხსაც ღირსეულად უნდა შეხვდე…

დგება მატჩის ბოლოსწინა წუთიც. ლონდონელი მცველების შეცდომის შედეგად, ბურთი მისდის კატალონიელთა ლიდერს, ლიონელ მესის.  თავად მესიც კი ვერ რისკავს ასეთ გადამწყვეტ მომენტში თამაშის თავის თავზე აღებას და ბურთს უგორებს ერთადერთ თავისუფალ პარტნიორს, ანდრეს ინიესტას. ანდრესი ბევრს აღარ ფიქრობს და შეუჩერებლად ურტყამს ბურთს მეტოქის კარის მიმართულებით. რა ხდება?.. ბრიტანელი კომენტატორი წამით დუმდება.. ბურთი ბადეშია: ” დაუჯერებელია!.. წარმოუდგენელია!.. მათ შელეს და 10 ფეხბურთელით გაიტანეს გადამწყვეტი გოლი. ანდრეს ინიესტა გმირია! ფეხბურთელი, რომელიც არასდროს კარგავს თავს და ჰყვება ემოციას!”

გვარდიოლას კი საერთოდ ყველაფერი ავიწყდება, ავიწყდება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელია და შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი დგას მოედნის მიღმა.  თავქუდმოგლეჯილი გარბის ფეხბურთელებისკენ, რომლებსაც უკვე ზედახორა აქვთ მოწყობილი გადამწყვეტი გოლის ავტორზე. ინიესტამ “ბარსელონა” ფინალში გაიყვანა! მატჩის შემდეგ გვარდიოლა ემოციებს ვერ მალავს: ” ანდრეს, შენ შეგიძლია, მეტჯერ აღარც გაიტანო!..”

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ანდრეს ინიესტა დიდი ფეხბურთელია, მართალი აღმოჩნდა პეპის 10 წლის წინანდელი ნათქვამი…

[media=http://www.youtube.com/watch?v=ioWZ1g1kXU4]

ცხოვრება გრძელდება და ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მოდის 2010 წელი. ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება სამხრეთ აფრიკაში და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ზაფხულის დადგომას.

ზაფხულიც დადგა. ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ესპანეთის ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობს. გუნდის წევრია ანდრეს ინიესტაც. რამდენიმე დაძაბული და რთული მატჩის შემდეგ ესპანელებმა ფინალს უწიეს. ფინალში კი მათი მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებია.

მატჩი თავიდანვე უხეშად იწყება. ჰოლანდიელები აკრძალული ხერხებით ცდილობენ ესპანელთა ტექნიკური ფეხბურთელების შეჩერებას. მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით სრულდება. დამატებით დროშც გრძელდება ხისტი თამაში, რასაც თავისი შედეგი მოაქვს და ჰოლანდიელები ათნი რჩებიან მოედანზე. რიცხობრივი უპირატესობა კიდევ უფრო ათამამებს ესპანელებს და მათი შეტევების სულისჩამდგმელ ანდრეს ინიესტას, რომელიც  სრულად ანებებს თავს დაცვითი ფუნქციების შესრულებას.

მატჩის 116–ე  წუთია, უკვე ყველა ემზადება შინაგანად, მათ პენალტების დარტყმა მოუწევთ… მაგრამ მოიცადეთ… აქ რა უნდა ანდრესს? მცველებისთვის მოულოდნელად იგი ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა. თანაგუნდელმა, პასების დიდოსტატმა, ფრანსესკ ფაბრეგასმაც არ დაუგვიანა გადაცემა, ანდრესი ურტყამს ძლიერად, ზუსტად ისე, როგორც ეს “სტემფორდ ბრიჯზე” გააკეთა ერთი წლის წინ, მეკარე ოდნავ ეხება ბურთს და გოლი გადის!  ინიესტას გოლი გააქვს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, დამატებულ დროში, გოლი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა მოაქვს ისტორიაში პირველად! ანდრესი კუთხურის ალმისკენ გარბის, მაისურს იძრობს, ზუსტად ისე, როგორც ლონდონში. მაისურზე კი აწერია ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობრის, დანი ხარკეს სახელი: “დანი ხარკე, შენ ჩვენთან ხარ!”… შენ კი გმირი ხარ ანდრეს! კიდევ გაიტანე და კიდევ ისეთი გოლი, რომლის შემდეგაც კიდევ შეიძლება თქმა: ” შენ შეგიძლია მეტჯერ აღარც გაიტანო!”

[media=http://www.youtube.com/watch?v=l-ZGbvNHzf4]

ალბათ როგორი ამაყი იქნებოდა ამ დროს ხოსეპ გვარდიოლა, ნეტავ თავად ანდრესს თუ გაახსენდა 11 წლის წინანდელი ფინალი და სიტყვები, რომლებიც პეპმა ყურში ჩასჩურჩულა: “შენ დიდი ფეხბურთელი გახდები, ანდრეს!..”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში