მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პლატონი და რინუს მიხელსი: ტოტალური ფეხბურთის სტრუქტურა და გეომეტრია

პლატონი და რინუს მიხელსი: ტოტალური ფეხბურთის სტრუქტურა და გეომეტრია

მე პლატონისგან სწავლა-თქმულ ერთ სიტყვას გკადრებთ და შეგახსენებთ, რომ ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ამ სტატიაში გესაუბროთ კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსისა და “ბარსელონას” ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების, რინუს მიხელსის მსგავსებასა და განსხვავებაზე.

1915 წელს, ექსცენტრიულმა მათემატიკოსმა, მ.შუნმაკერსმა დაწერა წიგნი, სადაც ჩამოაყალიბა თავისი იდეები მისტიკურ ფილოსოფიასთან, თეოსოფიასთან დაკავშირებით.ის ეყრდნობოდა ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის იდეებს.

პლატონის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შესახებ ბრიტანელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ალფრედ ნორთ უაიტჰედი ამბობს:“ევროპული ფილოსოფიური კულტურის ყველაზე საიმედო მახასიათებელი არის დებულება იმის შესახებ, რომ ის ეფუძნება პლატონის შენიშვნათა სერიას.”

თეოსოფიის იდეისგან განვითარდა “De Stijl” (“სტილი”). ეს არის განსხვავებული მხატვრული მიმდინარეობა და ალბათ, მეოცე საუკუნის ჰოლანდიური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება. “De Stijl”-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეექმნათ მხატვრობისა და არქიტექტურის დიზაინის საბოლოო სახე. მათი მიზანი იყო, ფორმათა მაქსიმალური შემცირების წყალობით სრულყოფილ აბსტრაქციამდე მისვლა და გეომეტრიული ფორმების უნივერსალურობის ასახვა.

“De Stijl”-ის დაბადებიდან ხუთი ათწლეულის შემდეგ, 1970 წელს, ჰოლანდიელებმა დაიწყეს ფეხბურთის თამაში უნიკალურ სტილში, რამაც მსოფლიოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რინუს მიხელსის “აიაქსი” ხასიათდებოდა გარემარბთა მუდმივი სირბილით, წარმოუდგენელი სოლო გარღვევებითა და სწრაფი გადაცემებით. შემდგომში, ეს მეთოდი დაინერგა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებსა და “ბარსელონაში”. ისინი მოედანზე რთულ გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიდნენ.

“აიაქსისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, იოჰან კრუიფმა აღნიშნა: “ფეხბურთის თამაში მარტივია, ხოლო მარტივი ფეხბურთის თამაში – ძალიან რთული.” მარტივ ფეხბურთში ის გულისხმობდა ტოტალურ ფეხბურთს, მის ლოგიკურობასა და აზრს.

რინუს მიხელსის “აიაქსის”, ჰოლანდიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელთა გადაადგილებას რომ დავაკვირდეთ, შესაძლებელია ვიპოვოთ მსგავსება “De Stijl”-ის ფილოსოფიასთან: ლოგიკურობა, სიმარტივე, სიზუსტე და, რა თქმა უნდა, გეომეტრია, რომლის მსგავსიც აქამდე მსოფლიოს არ უნახავს.

“De Stijl”-ზე გავლენა იქონია ნეოპლატონიზმმა, რაც რინუს მიხელსისა და პლატონის შედარების უფლებას გვაძლევს. პლატონის სიყვარული გეომეტრიისადმი ნათლად ჩანს “ტიმეოსის” ტრაქტატში, სადაც აღწერილია სოკრატეს, კრიტიასის, ჰერმოკრატესა და ტიმეოსის დიალოგი. ისინი განიხილავენ მსოფლიოს გეომეტრიულ აგებულებას, პითაგორას მათემატიკურ თეორიებზე დაყრდნობით.

პლატონი ამბობს, რომ მატერიის ფორმირებისთვის 4 არსებითი ელემენტია საჭირო (მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი). დემიურგმა (პლატონის იდეალისტურ ფილოსოფიაში სამყაროს შემქმნელი, ღმერთი) თავდაპირველად შექმნა ცეცხლი, რომ სამყარო ყოფილიყო ხილული, შემდეგ მიწა, რომ სამყარო შეეგრძნოთ. ეს ორი ელემენტი ერთიანდება წყლისა და ჰაერის საშუალებით. იმისათვის რომ ხაზი გაესვას პროპორციის მნიშვნელობას, პლატონი წერს:“ყველაზე მშვენიერი ანალოგია მდგომარეობს იმაში, რომ როცა სამ რიცხვში მეორე და მესამე ისეთ ურთიერთდამოკიდებულებაშია, როგორც პირველი და მეორე, ისინი ხდებიან იდენტურები ურთიერთდამოკიდებულების გამო.” – ამგვარად, მივიღებთ ასეთ პროპორციას:

კლასიკურად, გუნდის აგებულებაში შედის დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა – 3 ელემენტი. როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს პლატონის ელემენტები და საფეხბურთო გუნდი?

“ტიმეოსის” ტრაქტატში ის წერდა:”სამყაროს სხეული რომ ყოფილიყო ზედაპირი, რომელსაც სიღრმე არ აქვს, ერთი ცენტრი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ შევაერთოთ მისი უკიდურესი წერტილები და თავად ფიგურა.” მოდით აღვიქვათ ჰაერი და წყალი როგორც ერთი ელემენტი. მაშინ მივიღებთ ასეთ პროპორციას:

რინუს მიხელსი იყენებდა სქემას 4-3-3.

მეკარე და მცველები – “მიწა”. მუდმივი, კომპაქტური და გამძლე. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, ერთ-ერთ ეპიზოდში რუდ კროლმა საკუთარი კარი აიღო.

შემტევი ტრიო – “ცეცხლი”. სერიოზული საფრთხე. ჰოლანდიის ნაკრებმა 7 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ნახევარდაცვა – “ჰაერი და წყალი”. აერთიანებდა დაცვასა და თავდასხმას სახიფათო გადაცემებითა და მუდმივი მოძრაობით.

თუმცა, ყველაზე საოცარი მსგავსება პლატონსა და მიხელსს შორის არის ის, რომ ორივე ძალინ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამკუთხედს. “ტიმეოსის” ტრაქტატში პლატონი სამკუთხედს მოიხსენიებს, როგორც ფუნდამენტალურ ფიგურას. აგრეთვე, სტრუქტურისა და “პლატონური კოსმოსის” გეომეტრიის ძირითად ერთეულს.

რინუს მიხელსის კოლექტივების მიერ ჩატარებული მატჩების რომელიმე ფრაგმენტის განხილვისას, აღმოვაჩენთ შემდეგ კანონზომიერებას: მოთამაშეები მოედანზე განლაგებულები არიან ისე, რომ ბურთთან ახლოს მყოფი სამი ფეხბურთელი, თითქმის შეუცვლელად, განასახიერებს სამკუთხედს. დაცვის ფაზაში, როცა ერთი ფეხბურთელი იძრება რათა მეტოქეს წაართვას ბურთი, ორი სხვა ცდილობს შესაძლო გადაცემის ჩაჭრას. მოთამაშეები ქმნიან სამკუთხედს შეტევის დროსაც, რაც ბურთით მყოფ ფეხბურთელს, საჭიროების შემთხვევაში გადაცემის გაკეთების ორ ვარიანტს აძლევს.

მიხელსის ფილოსოფიას იზიარებდა ლუი ვან გაალიც, რომელიც ამ საკითხს კიდევ უფრო ჩაუღრმავდა. 1995 წელს “აიაქსის” მოთამაშეები მოედანზე განასახიერებდნენ ორ სამკუთხედს, რაც ქმნიდა რომბებს, კვადრატებსა და მართკუთხედებს. ეს კოლექტივს აძლევდა შეტევის განვითარების უამრავ ვარიანტს. აგრეთვე, დაცვაში მეტოქეზე ინტენსიური ზეწოლის მოხდენის და რაც შეიძლება დიდი სივრცის დაფარვის შესაძლებლობას. ყველა ეს კომპონენტი გაერთიანებულია პეპ გვარდიოლას პოზიციური თამაშის ფილოსოფიაში.

როგორ შეიძლება იყოს სამკუთხედი ძირითადი ფიგურა? პლატონი ამტკიცებდა, რომ ორი ერთნაირი სამკუთხედი აყალიბებს კვადრატს, ექვსი ერთნაირი კვადრატი – კუბს, ოთხი ერთნაირი სამკუთხედი ქმნის ტეტრაედრს და ასე შემდეგ… არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ფიგურა, ჩვენ ის შეგვიძლია იქამდე გავარჩიოთ სანამ სამკუთხედს მივიღებთ.

პლატონი იყენებს წესიერ მრავალწახნაგებს (კუბი, ტეტრაედრი, ოქტაედრი, იკოსაედრი და დოდეკაედრი) და ამ პლატონურ სხეულებს მათი მობილობის მიხედვით ოთხ სტიქიას უკავშირებს: კუბი და მიწა, იკოსაედრი და წყალი, ოქტაედრი და ჰაერი, ტეტრაედრი და ცეცხლი. დოდეკაედრს, პლატონის თქმით, თავად დემიურგი იყენებდა იმისთვის, რომ “დაემშვენებინა ცა თანავარსკვლავედებით”.

ამ შემთხვევაში მიხელსისა და პლატონის ფილოსოფია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ბერძენი მიიჩნევდა, რომ ყველაფერს საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს, მიხელსი კი დინამიზმის მომხრე იყო.

პლატონი რომ გუნდის ხელმძღვანელი ყოფილიყო მისი დაცვა, როგორც მიწა, იქნებოდა ძლიერი და სტაბილური ორგანიზმი. თავდასხმა როგორც ცეცხლი – ყველაზე მობილური ელემენტი, ნახევარდაცვა – “წყალი და ჰაერი” კი, შუალედი დაცვასა და თავდასხმას შორის. მიხელსის ფეხბურთელები ყოველთვის თანაბრად მოძრაობდნენ. ვნახოთ რატომ.

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ნაკრების დაცვის ხაზი შედგებოდა რუდ კროლის, ვიმ რეისბერგენის, ვიმ სიურბირისა და არი ხანისგან. ნახევარდაცვა – ვიმ იანსენის, იოჰან ნეესკენსისა და ვიმ ვან ჰანეგემისგან. თავდასხმაში იყვნენ – ჯონი რეპი, იოჰან კრუიფი და რობ რონსენბრინკი. “ტოტალური ფეხბურთის” კონცეფციის თანახმად, მოედანზე ნებისმიერი ფეხბურთელი ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.

ნეესკენსს ნახევარდაცვიდან გარღვევა რომ გაეკეთებინა, შემტევი ტრიოს რომელიმე წარმომადგენელს მისი ადგილი დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა. დეივიდ ვინერის წიგნის (Brilliant Orange: The Neurotic Genius of Dutch Football) მიხედვით, იან იონგბლუდი იყო პირველი მეკარე, რომელიც აირჩიეს “ბურთთან მუშაობის ოსტატობის” გამო.

სანამ “ტოტალური ფეხბურთის” წარმომადგენლები საფეხბურთო სამყაროში დიდ აფეთქებას მოახდენდნენ, გავრცელებული იყო მჭიდრო მეურვეობის თეორია, რომლის თანახმად, მცველს არ შეეძლო გარისკვა, ანუ მოედნის ცენტრში გადანაცვლება, ნახევარმცველს კი რომელიმე კონკრეტულ მომენტში “მეცხრე ნომრის პოზიციის” დაკავება. სწორედ ამიტომ მოახდინა ტოტალურმა ფეხბურთმა ასეთი ეფექტი.

ნებისმიერ მოთამაშეს ნებისმიერ პოზიციაზე გადანაცვლება შეეძლო, რის გამოც სისტემა 4-3-3 არ ექვემდებარებოდა დარღვევას და ამასთანავე აბნევდა მეტოქეს. თუ ცენტრალური თავდამსხმელი უკან იხევს, ასეთ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს მეტოქე გუნდის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელსაც მისი განეიტრალება ევალება? ბოლომდე მიყვეს ფორვარდს თუ წინ წაწეული ნახევარმცველის შეჩერება სცადოს? არის კიდევ ერთი ვარიანტი – მეტოქე გუნდის მარცხენა მცველთან დაპირისპირება, რომელიც ფლანგიდან შეტევაში ერთვება. ტოტალურ ფეხბურთში არ არსებობს მოძრაობის დადგენილი მიმართულება.

ნაშრომში “სახელმწიფო”, პლატონმა აღწერა ქვეყნის მოწყობის იდეალური მოდელი, სადაც მოქალაქის პროფესია დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე. მარტივად რომ გითხრათ, პლატონის სახელმწიფოში დურგალი ვერასდროს გახდება მეთუნე, ხოლო მჭედელი – მეომარი. ის საუბრობს მკაცრად სტრატიფიცირებული საზოგადოების სარგებლიანობაზე.

ტოტალური ფეხბურთი ამ იდეას თავდაყირა აყენებს. აქ არავის აქვს მყარი პოზიცია, ყველას შეუძლია განსხვავებული როლის მორგება “საფეხბურთო სახელმწიფოში”. როდ კროლს დაცვის ცენტრიდან ნახევარდაცვაში გადაადგილება შეეძლო, შემდეგ კი თავდასხმაში, როცა იოჰან კრუიფს უკანა ხაზში პარტნიორის ჩანაცვლება უწევდა.

პლატონი ამტკიცებდა, რომ მისი უტოპიური იდეა სახელმწიფოს შესახებ, აუცილებლად უნდა იქცეს რეალობად. “ფილოსოფოსები სახელმწიფოს უნდა მართავდნენ… ან ადამიანები, რომლებსაც ახლა მეფეებსა და მმართველებს უწოდებენ სერიოზულად უნდა დაკავდნენ ფილოსოფიით.“

მიხელსის ფილოსოფია ამ იდეასაც უარყოფს. ჰოლანდიის ნაკრებს არ ჰყავდა მეფე ან ცენტრალური ფიგურა, რომელსაც მთელი გუნდი ეყრდნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ იოჰან კრუიფმა ტოტალური ფეხბურთი შეისისხლხორცა. ჰოლანდიური ინდივიდუალიზმი მეორე პლანზე გადავიდა. თუ პრინციპი – “მთავარია გუნდი”, არ მუშაობდა, გუნდის ხარჯზე პირადი დიდების მოპოვების ნებისმიერი მცდელობა იწვევდა უკმაყოფილებას. ყოველ ფეხბურთელს მოეთხოვებოდა ფილოსოფიისა და თამაშის ნებისმიერი ფაზის გააზრება. “ფეხბურთს თამაშობ ტვინით, შენი ფეხები კი მას ეხმარებიან.“-ამბობდა კრუიფი.

პლატონსა და რინუს მიხელსს ერთმანეთისგან აშორებდა თითქმის ორი ათასზე მეტი წელი, მაგრამ გეომეტრია მათი საერთო ბერკეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მას სხვადასხვა სახით იყენებდა. პლატონი ამტკიცებდა, რომ ერთგვაროვნება მიიღწევა მკაფიო გადანაწილების ხარჯზე, მიხელსი კი დინამიზმსა და კოლექტივიზმს ემხრობოდა. საზოგადოება მიხელსის ფილოსოფიის მიხედვით რომ ყოფილიყო აგებული სავარაუდოდ, არ იქნებოდა კლასობრივი განსხვავებები…

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (15)

  • ChillO
    schedule 01 აპრ 2017, 14:54

    საღოლ შოთა!!!!

  • Uncle Joe
    schedule 01 აპრ 2017, 12:57

    ყოჩაღ შოთა!

  • Cule Is Always Elegant
    schedule 01 აპრ 2017, 11:23

    მაგარი იყო. მადლობა შოთა

  • tigresa
    schedule 01 აპრ 2017, 08:56

    ციტატა: GiiuShhh ))

    ციტატა: M10 S9 N11

    ციტატა: GiiuShhh ))
    bijebo aleix vidali dabrunda varjishi daiwyo admin dade vidalze <3


    1 აპრილია და რამე?

    https://m.youtube.com/watch?v=UiaLA1Hc_k0 Aჰა ვიდეო ნახეტ


    Zveli gadagebulia, sanam tramvas miigebda.

  • Montekristo
    schedule 01 აპრ 2017, 08:39

    ციტატა: Anamaria
    აუ ეს ვინმემ წაიკითხა ბოლომდე?:დვიდალი იმ ფეხით სრული დატვირთვით 2 3 თვე ვერ ირბენს:დ


    ასე გეზარებათ კითხვა ხალხო???
    რა თაობა მოდის რა უბედურებაა 😀

  • Anamaria
    schedule 01 აპრ 2017, 02:21

    აუ ეს ვინმემ წაიკითხა ბოლომდე?:დვიდალი იმ ფეხით სრული დატვირთვით 2 3 თვე ვერ ირბენს:დ

  • GiiuShhh ))
    schedule 01 აპრ 2017, 01:37

    ციტატა: M10 S9 N11

    ციტატა: GiiuShhh ))
    bijebo aleix vidali dabrunda varjishi daiwyo admin dade vidalze <3


    1 აპრილია და რამე?

    https://m.youtube.com/watch?v=UiaLA1Hc_k0 Aჰა ვიდეო ნახეტ

  • lado-barca
    schedule 01 აპრ 2017, 01:01

    მაგარი ინფორმაციაა საღოლ!!!

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 აპრ 2017, 00:48

    კაი იყო მომეწონა სტატია

  • theodore bagwell
    schedule 01 აპრ 2017, 00:15

    Chemda samarcxvinod ar Vicodin vin iyo es kaci exla vnaxe da turned vin yofila . Ise termini "totaluri fexburtia" vin gamoiyena sul tavidan ???????

  • GiiuShhh ))
    schedule 01 აპრ 2017, 00:14

    bijebo aleix vidali dabrunda varjishi daiwyo admin dade vidalze <3

  • მესი-სუა-ნეი
    schedule 31 მარ 2017, 23:48

    😀 საღო ძმაო მაგარი იყო 😀

  • theodore bagwell
    schedule 31 მარ 2017, 23:43

    Es shota shenit dawere tu naxe da chvenc gagviziare ???? Tu Shen dawere sagol dzmao , umaglesi statiaa da kvirashi ertxel gvibodze eseti statiebi

  • Magician
    schedule 31 მარ 2017, 23:34

    აი, საღოლ! ძალიან მაგარი სტატია არის! და ეს ნაწყვეტები პლატონის "ტიმეოსიდან" არის?