მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 6:1 “სპორტინგი” – მიმოხილვა

“ბარსელონა” 6:1 “სპორტინგი” – მიმოხილვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურში, კატალონიის “ბარსელონამ” ხიხონის “სპორტინგს” უმასპინძლა. საზოგადოებამ უხვგოლიანი, ნაკლებად დრამატული და ლამაზი შეხვედრა იხილა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ბარსელონას” უპირატესობით წარიმართა. კატალონიურმა გუნდმა ჩვეულ სტილში ბურთი გააკონტროლა და მეტოქის კარში უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა.

შეიძლება ითქვას, ანგარიში საკმაოდ უცნაურად გაიხსნა. ხავიერ მასკერანოს შორეული გადაცემა ლიონელ მესიმ თავური დარტყმით დააგვირგვინა. მსგავსს, ხშირად ვერ ვნახავთ. სხვაობა ორამდე ხუან როდრიგესის ავტოგოლის წყალობით გაიზარდა.

შეხვედრის 21-ე წუთზე სტუმარი გუნდის მოთამაშეებმა, “ბარსელონას” მარცხენა ფრთიდან შეუტიეს. სერხიო ალვარესის დარტყმული ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე კარლოს კასტრომ მასპინძელთა მეკარე და მცველები უშანსოდ დატოვა. თითქოს სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ 6 წუთის შემდეგ სუარესმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ყველანაირი ინტრიგა მოსპო (3:1). 

შესვენებაზე “ბარსელონა” უფრო დიდი უპირატესობით გავიდოდა ნეიმარსა და რაფინიას თავიანთი მომენტები რომ გამოეყენებინათ, მაგრამ საწყისი 45 წუთის შემდეგ “ტაბლოზე” ანგარიში 3:1 და მასპინძელთა ტოტალური უპირატესობა დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა.

ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა მოახერხა პაკო ალკასერმა, რომლისთვისაც მოედანზე გატარებული თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ახალწვეულს თითქმის საერთოდ ვერ გააქვს, რის გამოც მისი მომავალი “ბარსელონაში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ნეიმარმაც, რომელსაც ადრინდელთან შედარებით ნაკლები შედეგიანობის გამო “ბარსელონას” ქომაგთა დიდი ნაწილი აკრიტიკებს. ბრაზილიელმა ფორვარდმა სტანდარტული სიტუაციიდან ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და “ტაბლოზე” დამანგრეველი ანგარიში დააფიქსირა (5:1). 

გატანილი გოლი საჭირო იყო რაკიტიჩისთვისაც, რომელმაც თანდათან დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მედია ამას ლუის ენრიკესთან კონფლიქტს უკავშირებს. ხორვატმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=TfC1oimBXHw]

25 მატჩში ლუის ენრიკეს “ბარსელონამ” 57 ქულის მოპოვება შეძლო. მომდევნო ტურში კატალონიური კლუბი საშინაო არენაზე “სელტას” უმასპინძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მესიმ “ბარსელონას” რიგებში მე-500 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. მან კარიერაში 23-ე გოლი გაიტანა თავით. ასევე ლეო გახდა პირველი მოთამაშე მიმდინარე სეზონში, ვინც ლა ლიგაში გოლი მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით, თავით, პენალტისა და ჯარიმის საშუალებით გაიტანა.

არგენტინელი ბომბარდირთა დავაში 21 გოლით ლიდერობს. მეორე პოზიციას ურუგვაელი ლუის სუარესი იკავებს (19). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში