მეტად გამბედავ და გამჭრიახ იოჰან კრუიფს მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი საფეხბურთო ხედვისა და კონსერვატიზმის კრიტიკის გამო აჯანყების ლიდერად მიიჩნევდნენ – განსაკუთრებით, ბარსელონას ქუჩებსა და სტადიონ “კამპ ნოუზე” თავმოყრილი ადამიანები. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი არის გამოცემა Sport-ის ნომერი, ოსტატის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, რომლის გარეკანზე მოხვდა ფოტო, სადაც ის ჩე გევარას ჰგავს.
გარეკანზეა კრუიფის “ბარსელონაში” თამაშის დროს გადაღებული ფოტოც (1975 წელი, “მალაგასთან” მატჩი). სურათზე ჩანს, რომ პოლიციელები იოჰანის მოედნიდან გაყვანას ცდილობდნენ მას შემდეგ, რაც მთავარმა არბიტრმა ის კამათის გამო გააძევა. აპოკრიფული გადმოცემების თანახმად, ლეგენდამ კატალონიის დროშის ფერებით მოხატული კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და აღფრთოვანებული მაყურებლის წინაშე მას აკოცა. დღემდე, ეს დიქტატორი ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლის აქტად ითვლება.

1936 წლის 17 ივლისს, მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. აჯანყებულებს მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია, კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა. იგრძნობოდა კულტურული დაპირისპირება კასტილიელებს, კატალონიელებსა და ბასკებს შორის.
დაიწყო სისხლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც თითქმის 4 წელი გაგრძელდა. ათასობით მოხალისე ჩაეწერა რესპუბლიკელების რიგებში, უმეტესად საერთაშორისო ბრიგადებში კომინტერნის ეგიდით. 1937 წელს მადრიდი გარშემორტყმული იყო ფაშისტური ჯარებით. დაეცა უამრავი კატალონიის რეგიონი და ბასკეთის მხარე. 1939 წელს ძალაუფლება ხელში აიღო გენერალსიმუსმა ფრანსისკო ფრანკომ. დაიწყო რესპუბლიკელების შევიწროება, აიკრძალა ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული სიმბოლოები და ტრადიციები.
მემარჯვენე მთავრობას არ მოსწონდა, თუ როგორ აღიქვამდა დანარჩენი მსოფლიო ესპანეთს, რის გამოც ფეხბურთი იქცა პროპაგანდის იარაღად. კლუბებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა მადრიდის “რეალი”, რომელსაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ევროპაში სახელი ჰქონდა განთქმული. დედაქალაქში ბაზირებული გუნდი განასახიერებდა ფრანკოს იდეას ცენტრალიზებულ ესპანეთთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, დიქტატორული მმართველობა კატალონიის “ბარსელონასა” და ბასკურ “ატლეტიკში” ხედავდა რესპუბლიკანიზმის ბუდესა და რეგიონალურ იდენტობას. ნებისმიერი ენის გამოყენება, გარდა კასტილიურისა, აკრძალული იყო. კლუბთა სახელების კატალონიური და ბასკური ვარიანტები კასტილიური ექვივალენტებით ჩანაცვლდა. (“Futbol Club Barcelona” – “Club de Fútbol Barcelona” ; “Athletic Bilbao” – “Atlético Bilbao”.)

1943 წელს “ბარსელონა”, რომლის მემარცხენე პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი მმართველი პარტიის ბრძანებით ფაშისტმა ჟანდარმებმა დახვრიტეს (1936), გენერალსიმუსის თასის ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. პირველ მატჩში კატალონიელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 3:0. ჟურნალისტი ჯიმი ბარნსი თავის ნაშრომში “ბლაუგრანას” ისტორიის შესახებ წერს, რომ განმეორებითი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს დირექტორი კატალონიური კლუბის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს შეახსენა, რომ მათი უმეტესობა ესპანეთში ომისდროინდელი გადასახლებიდან ახალდაბრუნებული იყო და მხოლოდ ამინისტიის წყალობით შეძლეს ჩამოფრენა: ,,არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ დღეს მხოლოდ ამ რეჟიმის ლმობიერების გამო შესძელით მატჩში მონაწილეობა. ჩვენ გაპატიეთ თქვენი არასაკმარისი პატრიოტიზმი“. იმ დროს ცილისწამება იმდენად ხშირი იყო, რომ მოთამაშეებმა ამ სიტყვებში მუქარა ადვილად ამოიკითხეს.”ბარსელონამ” 1:11 წააგო.
1951 წლის წვიმიან კვირას, “ლეს კორტსზე” “რასინგის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსას” გამარჯვებით (2:1) დასრულდა, ქომაგებმა ტრამვაის მუშათა გაფიცვის მხარდაჭერის მიზნით, სახლში ფეხით დაბრუნება გადაწყვიტეს. როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა სტადიონი “კამპ ნოუ”, ის გახდა ერთადერთი ადგილი, სადაც საზოგადოებას მშობლიურ ენაზე თავისუფლად შეეძლო საუბარი – კატალონიურად.
მაშინ, “ბარსელონა” თითქმის ვერ ახერხებდა ტიტულების მოგებას, მადრიდის “რეალი” კი შიდა ჩემპიონატის ლიდერი იყო და ევროპულ არენაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. სტაგნაციის პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ, გვერდითი ჩარევა არის საჭირო, რათა მექანიზმი კვლავ ამუშავდეს. და აი, მიეგებეთ – იოჰან კრუიფი.

“აიაქსის” კაპიტანმა მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ჰოლანდიელთა ხელმძღვანელობას იოჰანის მადრიდის “რეალში” გაყიდვა სურდა, ხოლო თავად ფეხბურთელს – “ბარსელონაში” გადასვლა, სადაც ის ყოფილ დამრიგებელთან, რინუს მიხელსთან ერთად მუშაობას შეძლებდა. კატალონიელებმა კრუიფის საქციელი აღიქვეს იმ კლუბის უარყოფად, რომელიც ფრანსისკო ფრანკოს განასახიერებდა (ან განასახიერებს). ეს მხოლოდ დიქტატორის რეჟიმის დადანაშაულებას არ ნიშნავდა – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა იცოდა, რომ გუნდი, რომელსაც უერთდებოდა, ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, მაგრამ ის ამან ვერ შეაჩერა.
იმავე სეზონში, სანამ ფრანკო მადრიდელებს საავადმყოფოდან უჭერდა მხარს, კრუიფი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 5:0 მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ! ათასობით ადამიანი გამოვიდა ბარსელონას ქუჩებში საყვარელი გუნდის ტრიუმფის აღსანიშნად. “New York Times”-ის ჟურნალისტმა დაწერა, რომ მოედანზე გატარებულ 90 წუთში იოჰანმა კატალონიისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პოლიტიკოსებმა მრავალწლიანი ბრძოლისას. ჰოლანდიელის დახმარებით, “ბლაუგრანამ” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა და 1960 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტიტული.
კრუიფის “ბარსელონაში” თამაშის დროს, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ბევრი ტიტული ვერ მოიპოვეს, მაგრამ ამან ჯიმი ბარნსს თავის წიგნში (“Barça: A People’s Passion”), იოჰანის მოსვლის შემდეგ მომხდარი ცვლილებების აღწერაში ხელი ვერ შეუშალა: “მან გუნდს მოქნილობა, სისწრაფე და რწმენა შემატა, ფეხბურთელებს სჯეროდათ, რომ კრუიფთან ერთად არასდროს დამარცხდებოდნენ.”
კატალონიელებს ჯერ კიდევ არ მოეშუშებინათ სამოქალაქო ომის დროს მიღებული ჭრილობები და ახსოვდათ საზარელი მომენტები. გუნდში ისეთი მოთამაშის გადმოსვლა, რომელსაც სამაგალითო დამოკიდებულება ჰქონდა საქმისადმი მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ, მათთვის გამბედაობის წყაროდ იქცა.
როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა კრუიფმა სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი თავისი უნიკალური გზებით, მაგრამ რომ გავიგოთ, თუ რატომ იყო ის მუდამ აჯანყებული, უნდა გავიხსენოთ წარსული. იოჰანი ამსტერდამის ქუჩებში იზრდებოდა. ფილოსოფოსი ალბერ კამიუ თავის წიგნში, “დაცემა” ამ ქალაქს აღწერს იმდენად მოსაწყენად, რომ “ასწლეულების განმავლობაში ჩიბუხის მწეველნი უყურებდნენ ერთი და იგივე წვიმას, რომლის წვეთები ეცემოდნენ ერთსა და იმავე მილს.” თავის დროზე კამიუ ებრძოდა ფაშიზმსა და კოლონიალიზმს, როგორც საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

ომისშემდგომი ამსტერდამი რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ჰოლანდია იყო კონსერვატიული და რეგრესიული ქვეყანა დასაქმებულთა და ქალთა უფლებების მხრივ. სიტუაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში ნელ-ნელა შეიცვალა. “ბითლზის” (The Beatles), რევოლუციურმა სულისკვეთებამ და ამბოხებამ ნიდერლანდების დედაქალაქამდეც მიაღწია. ინგლისელი მწერალი დევიდ უინერი სიტუაციას ასე აღწერს: “ძველი კორპორაციები იყვნენ გასაიდუმლოებულები, კონსერვატიულები და რეაქციულები, ხოლო ახალი გაერთიანებები კი – გაჟღენთილი მემარცხენეების იდეებით, გახსნილები და ავანგარდულები.” ამ რეპრესიული სტაგნაციისა და რეგრესული ნორმების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა მოძრაობა “პროვო” რობერტ იასპერ გრუტველდის, რობ სტოლკისა და რულ ვან დუიჟნის ხელმძღვანელობით.
კამპანია მოწევის წინააღმდეგ გადაიზარდა ანარქიულ კონტრკულტურულ მოძრაობად, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჰოლანდიელი საზოგადოება. “პროვომ” შეიძინა ანტიკაპიტალიზმის ელემენტები და გაიზიარა მემარცხენეების სხვა იდეებიც. ეკლესიის, მონარქიის, პოლიციისა და ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ ეს გაერთიანება (რომელიც შედგებოდა ხელოვანებისგან, აქტივისტებისა და სტუდენტებისგან) ყოველთვის იყენებდა მშვიდობიანი ქუჩის პროტესტის ფორმას. მაღალი მორალური იარლიყების დასანგრევად, რომლითაც თავს იწონებდნენ ეს ინსტიტუტები, “პროვომ” ძალადობრივი პასუხის ინიცირება მოახდინა არაძალადობრივი სატყუარას გამოყენებით.
1965 წელს ჯგუფმა, რომელიც გამოეყო ძირითად მოძრაობას და საკუთარ თავს უწოდა “Bastaard Group”, მოაწყო პირველი პროტესტი ამერიკული საელჩოს წინ, ამსტერდამში. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ვიეტნამის ომს. ყველაფერი დაიწყო მჯდომარე საპროტესტო აქციით, მაგრამ დასრულდა ამერიკის დროშის დაწვით და პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლით. პიკური მომენტი დემონსტრანტებისთვის იყო, პრინცესა ბეატრიქსისა და გერმანელი კლასუს ამსბერგოს ქორწინება. სამეფო პროცესიის დროს “პროვოს” წევრები შეერივნენ საზოგადოებას და გამოიყენეს ხელნაკეთი კვამლის ბომბები.
ცოტა ხნის შემდეგ, კვამლმა სასახლის უკანა ეზოს მიაღწია. ზოგიერთმა აქტივისტმა ანტი-მონარქისტული და ანტი-იმპერიალისტური წარწერა გააკეთა სამეფო იახტაზე. დამნაშავეთა ხელიდან გაშვებით განრისხებულმა პოლიციამ დაიწყო ძალადობრივი ქმედებები ყველა ახლოს მყოფი პირის მიმართ. ქორწილი გახდა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დაპირისპირების მიზეზი. პოლიციის ქმედებების საყოველთაო დაგმობამაც არ დააგვიანა.
1966 წელს სამშენებლო ინდუსტრიის მშენებელთა მსვლელობა ანაზღაურების მოულოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით მშვიდად მიდიოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილე გულის შეტევით გარდაიცვალა. “De Telegraaf”-მა შეცდომით დაწერა, რომ პიროვნების სიკვდილის მიზეზი თავში აგურის დაცემა გახდა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მუშათა კომუნისტურმა გაერთიანებებმა და მოძრაობა “პროვომ” გადაწყვიტეს ქუჩაში ერთად გამოსვლა. ჰარი მულიში წერს: “მაშინ, როცა სავსე მაცივრითა და სარეცხი მანქანით ამაყი მშობლები, მარცხენა თვალით ტელევიზორს უყურებდნენ, მარჯვენათი – მანქანას, ცალ ხელში “Telegraaf” ეჭირათ, ხოლო ცალში კი – მიქსერი, შვილები შაბათს, ღამით მოედანზე იბრძოდნენ.”
მოხდა სამდღიანი შეტაკება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, ქალაქ ამსტერდამში. მოძრაობა “პროვოს” პოპულარობის ზრდის გამო აიკრძალა დემონსტრაციები. პოლიციელთა რაოდენობამ იმატა, 1966 წელს კი დააკავეს რამდენიმე ასეული ადამიანი. სასტიკმა ცემამ პოლიციის მხრიდან და საზოგადოების განრისხებამ გამოიწვია გამოძიება, რამაც ამსტერდამი მერისა და პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომამდე მიიყვანა. სტუდენტების, მუშებისა და აქტივისტების ერთიანმა ბრძოლამ ძალადობის წინააღმდეგ, კულტურული რევოლუცია გამოიწვია და საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალა.
ამავდროულად, “აიაქსი” მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მტკიცედ მიიწევდა წინ თამაშის სტილის რევოლუციური ცვლილებისკენ. სწრაფი და ზუსტი პასები, მუდმივი გადაადგილება და განაპირა მოთამაშეების ჩაწოდებები – ჰოლანდიელებმა საკუთარი ფილოსოფია შექმნეს, რომელიც მოთამაშეების ინდივიდუალური შესაძლებლობების დახვეწისკენ იყო მიმართული გუნდური თამაშის გაუმჯობესების მიზნით. ეს იმ წლებისთვის ნამდვილად რევოლუციური მოვლენა იყო.
მოედნის ფარგლებს გარეთ, ჰოლანდიელი მოთამაშეები KNVB-ს ებრძოდნენ (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია). მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხბურთი კლასიფიცირებული იყო, როგორც “სამოყვარულო”, ფეხბურთელებს კი არ ჰქონდათ ისეთივე უფლებები, როგორიც სხვა დასაქმებულებს. მცირე ანაზღაურების გამო ბევრი მათგანი მუდმივ სამუშაოს ეძებდა.
კრუიფის დებიუტი “აიაქსში” 1964 წელს, 16 წლის ასაკში შედგა. შემდგომში ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა, კლუბისა და ახალი ამსტერდამის სახე გახდა. ნაკრებში მიწვეულმა იოჰანმა, (რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პატივი იყო) მოითხოვა ადეკვატური დამოკიდებულება მოთამაშეებისადმი ფედერაციის მხრიდან და ღირსეული ანაზღაურება.
როცა კრუიფმა გაიგო რომ ფედერაციის ხელმძღვანელები არიან დაზღვეულები საზღვარგარეთ მოგზაურობისა და მივლინებების დროს, ხოლო ფეხბურთელები – არა, მან გადაწყვიტა ეს შეეცვალა და ყველაფერი გაეკეთებინა დასახული მიზნისთვის. გრძელმა შეკითხვებმა და მუდმივმა დაპირისპირებამ ბიუროკრატებთან, იოჰანი საკულტო ფიგურად და ქვეყნის კულტურული რევოლუციის სახედ აქცია.

როგორც მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ყველა სხვა ახალგაზრდა მოთამაშე, კრუიფიც იყო ახალჩამოყალიბებული კულტურის გავლენის ქვეშ. რამდენიმე წლის განმავლობაში, ცხოვრების ყველა სფეროში ზედიზედ განცდილი დაუნდობელი მარცხის გამო, ის უმართავი გახდა, რაც კატალონიაშიც შემოიტანა. სწორედ ეს იყო მაშინ საჭირო ღირსებისთვის საბრძოლველად. დოკუმენტურ ფილმში იოჰანი ამბობდა, რომ “დაიბადა ომის შემდეგ და წესად აქცია, არაფერი ჩამოეყალიბებინა რწმენად”.
კრუიფმა კატალონიის დაპირისპირება ფრანკოს რეჟიმთან მიიღო, როგორც საკუთარი ბრძოლა. 1974 წელს ვაჟს ჟორდი დაარქვა – მაშინ, როცა კატალონიური სახელები აკრძალული იყო.
როცა ოფიციალურმა პირებმა ბავშვის ამ სახელით დარეგისტრირებაზე უარი თქვეს, ჰოლანდიელმა მათ ბიჭისთვის “იოჰან-ჟორდის” დარქმევა დაავალა. მისი გამბედაობის შესახებ ლეგენდები იწერებოდა. ამან კატალონიის მაცხოვრებლებისთვის კრუიფი შინაურ, ახლო პიროვნებად აქცია. სხვა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მის “ბარსელონაში” მოღვაწეობას ეხება, იოჰანმა აღიარა, რომ არ იცოდა აკრძალვის შესახებ, მაგრამ როცა გაიგო, ნებისმიერ ფასად მიზნის მიღწევა გადაწყვიტა.
1977 წელს იოჰანი და მისი ოჯახი, გატაცების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რის გამოც კრუიფმა ეროვნული ნაკრების დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მან სიმართლის დანახვის უნარი შეინარჩუნა. კითხვაზე, თუ რა იყო 1978 წელს, არგენტინაში(სადაც მაშინ მილიტარისტული რეჟიმი მოქმედებდა) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი არყოფნის მიზეზი, იოჰანმა უპასუხა: “როგორ შეიძლება ფეხბურთი ვითამაშო, როცა ჩემგან ერთი კილომეტრის მოშორებით წამების ოთახია?”
ამონარიდი “ბარსელონას” ოფიციალური ჰიმნიდან, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ აუცილებელი არ არის წარმოშობით კატალონიელობა, რომ იყო ნამდვილი კატალონიელი.

2013 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იოჰანს გაეცინა. ლეგენდამ თქვა: “შეუძლებელია თავი აარიდო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ვარ მასთან დაკავშირებული.”
როგორც მწვრთნელმა და როგორც ფეხბურთელმა კრუიფმა წარუშლელი კვალი დატოვა კატალონიის ისტორიაში. მან ფეხზე წამოაყენა ხალხი, რომელმაც მძიმე მარცხი გადაიტანა – იმედი ჩაუსახა და სიამაყის მიზეზი მისცა მათ. 2016 წლის 24 მარტს “ბარსელონას” გერბთან ერთად “კამპ ნოუზე” კატალონიის დროშაც აღიმართა. ამ დღეს კრუიფი დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
მთელი ცხოვრების მანძილზე იოჰან კრუიფი ქედს იხრიდა კატალონიის წინაშე და ამ მხარემაც მიიღო ის, როგორც თავისი ღვიძლი შვილი.

სპეციალურად Barcamania.ge-სთვის.




უფალმა ნათელში ამყოფოს ეს დიდი ადამიანი, ადმინ.! თქვენს საიტს და სტატიის ავტორს კი უზარმაზარი მადლობა, ტანში ჟრუანტელი მივლის, უკვე მესამედ გადავიკითხე იგი!!!!!!!!!!!!!!!!!
ეჰ რა კაცი დაკარგა ფეხბურთმა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
ბრავო ავტორ, ერთ-ერთი საუკეთესო სტატიათაგანია რომელიც მინახია აქ,
ერთს დავამატებ შეიძლება ბევრისთვის უცნობ ფაქტს მაგრამ რეალურად მომხდარს.
მადრიდის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორს მადრიდის რეალის გულშემატკივარს(სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს) პერესმა დაავალა წიგნის დაწერა სამეფო კლუბზე, პრეზიდენტის ბრძანებით არქივებზეც მიუწვდებოდა ხელი როცა მან ჩაიხედა ძველ საქმეებში ისტორიაში წიგნის წერას შეეშვა ამასთან ერთად რეალის გულშემატკივრობას და გახდა ბარსას ბალეშიკი.
აქედან დასკვა თქვენ გამოიტანეთ თუ რა ნახა არქივებში პროფესორმა ისეთი რაც აიძულა საყვარელ კლუბზე ეთქვა უარი და გადასულიყო მტრის ბანაკში )))
თუ ვინმეს წყარო დაჭირდება გამოვნახავ დროს და მოვიძიებ )))
შოთა საღოლ ძაან მაგარი სტატიაა
ლგენდა კაცი იყო კრუიფი როგორ დაგვაკლდა ყველას გაათლოს ღმერთმა მისი სული
ძალიან მაგარი სტატიაა კრუიფი იყო არის და იქნება ბარსას ლეგენდა
სგ შოთა, ძალიან კარგი სტატიაა!!
ჩემი აზრით ამ საიტის ისტორიაში საუკეთესო სტატიაა. მადლობა ავტორს! Visca Barca! Visca Catalonya!
დამბურძგლა.
ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა სტატია ამ გვერდზე რაც მინახავს.
არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოვედი მე კულე ვარ ! ♥
Actors mxolod dadebiti sityvebi
ბრავოო და ტაში
საღოოოოლ ძმააა საღოოოლ ძააან მაგარი სტატიაა, მადლობაა დიდიი და კიდე ბევრჯეერ დაგედოოა მსგავსი სტატიებიი. მატიეზე დადე რამეე რაა ძმურშიი
ტექსტი dg
აი სტატია მესმის.. :))))
Saintereso statiaa chveen rroo ggvgoniaa fexburtii marto burtis goraobaa ramdenii ragacisgan shedgebaa fexburtii da fexburtelobaa martla legendaa msoflioo fexburtis magari statiaa sagoll
malaci shota, kargia kruifis nair legendebs ro ar viviwyebt da yoveldgiurad vafasebt kruifis, udides wvlils barcas epoqashi radikaluri cvlilebebis shetanis gamo, man bevri gaaketa barcastvis da ara marto barcastvis aiaqsistvis da sruliad fegburtistvis…
შოთიმ ბროშურა დაბეჭდა:) ყოჩაღ