workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Per aspera ad astra

– შვილო, სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო – კაცმა ამოიხვნეშა და სავარძელში ჩაეშვა. პატარა, წაბლისფერთვალება, თმაგაჩეჩილმა ბიჭუნამ მამას შეხედა.
– დედა და ძმები მიემგზავრებიან, ხომ ხვდები რაც ხდება?
– კი.
– მათ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება, სამსახურის პოვნა. ისინი არგენტინაში ბრუნდებიან. არ მინდა იფიქრო, თითქოს, ეულად გტოვებენ. ამიტომ მინდოდა მეკითხა…
– არა.
– რა არა?
– უკან არ დავბრუნდები.
მე ხომ ჯერ არაფერი მიკითხავს!
– ვიცი რა კითხვის დასმასაც აპირებ.
– დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში?
– დიახ, მე ბარსელონაში ვრჩები.
ეს მხოლოდ ვარიაციაა თემაზე თუ როგორი საუბარი შეიძლებოდა შემდგარიყო 10 წლის უკან ხორხე მესის, ლერიდაში სამუშაოდ ჩასულ როსარიოელ ფაბრიკის მუშასა და მის ვაჟ ლიონელს შორის, რომელიც ფეხბურთის თამაშზე ოცნებობდა, რაშიც ხელს ზრდის ჰორმონის დეფიციტი უშლიდა. ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება, რომელიც თვეში 900 დოლარი ჯდებოდა, ოკეანისგაღმა ჩასულ 13 წლის ლეოს მხოლოდ “ბარსელონაში” სინჯების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეეძლო.
ნიჭიერი, ერთიციდა ბიჭუნა (140 სმ) “ლა მასიას” კარგად მოერგო. მესის ბარსელონაში დატოვება დიდწილად კარლეს რეშაკის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გამჭოლი მზერით ბიჭუნაში უდიდესი ტალანტი დაინახა. “კოჭებში ეტყობოდა რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დადგებოდა”, – 10 წლის შემდეგ აღიარებს ესპანელი სპეციალისტი.
ალბერტ ბენაიჟესი, კადეტ ბ-ს მწვრთნელი 2000/01 წლების სეზონში, იმ დროს იხსენებს, როდესაც ფენომენის შესახებ პირველად მოუყვნენ. “კარლეს რეშაკი სადილის შემდეგ მეწვია და მითხრა, ტიტო, დამიჯერე, ესეთი რამ შენ ჯერ არ გინახავსო. მე და ვილასეკამ როგორც კი ვნახეთ ეს ბიჭი საქმეში, მამამისს კონტრაქტი პირდაპირ სალფეტკზე გავუფორმეთ. ესეთი ტემპით თუ გააგრძელა ზრდა, ერთ თვეში ის შენს გუნდში იქნებაო. სინამდვილეში, ორთვენახევარი დასჭირდა კადეტ ბ-ში მოსახვედრად. “საბადელს” ვეთამაშებოდით, რომელიც 14 ქულით გვისწრებდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მასზე ორი-სამი წლით დიდი ბავშვები გამოდიოდნენ. მესიმ ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩის დასრულებისთანავე ხუვენილის იმჟამინდელ დამრიგებელს, პერ გრატაკოსს დავურეკე და ჩემი გუნდის მომდევნო მატჩზე დავპატიჟე, რათა მოულოდნელობისგან ინფარქტი არ მიეღო.
2000 წლის 14 დეკემბერს, მესის კონტრაქტი გაუფორმეს. კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მკურნალობის ხარჯები, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ორივე ფეხში უკეთებდნენ ინექციას, მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ამას დედისა და ძმების სამშობლოში დაბრუნება დაუმატეთ და მიხვდებით თუ რამხელა სირთულეებთან მოუწია შეჯახება არგენტინელ ტალანტს ჯერ კიდევ 13 წლისას.

მაგრამ მოთმინებამ და შრომამ… რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები, თქვენ ისედაც ყველაფერი კარგად იცით. ლეოს სიმაღლე 169 სმ-ს აღწევს, ხოლო თავად არგენტინელი 10 წლის განმავლობაში ისეთ საფეხბურთო მწვერვალებს აღწევს, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ ერთეულების ხვედრია. მესის ჯილდოებსა და საქვეყნო აღიარებას თავისი “ზრდის ჰორმონი” აქვს – ბრწყინვალე თამაში, რომელსაც უბრალოდ თვალს კი არ ადევნებენ, არამედ მასზე საუბრობენ. აი, რამ მოაღწია ჩვენს ყურამდე:
სანდრო როსელი: შესაძლოა, ის კლუბის 111 წლიან ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყოს.
პეპ გვარდიოლა: გავა დრო და ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ლეოს ვავარჯიშებდი.
ხავი: მესისნაირი ფეხბურთელები 25 წელიწადში ერთხელ იბადებიან.
ვისენტე დელ ბოსკე: მესი – ეს ნამდვილი ხასიათია. ვფიქრობ, მარადონასაც კი არ ჰქონდა ასეთი დრიბლინგი.
ალფრედო დი სტეფანო: ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა.
არსენ ვენგერი: ის რასაც მესი მოედანზე აკეთებს, ნამდვილი ხელოვნებაა. ხანდახან მეჩვენება, რომ ის არ შეიძლება ადამიანი იყოს, გეგონება ფლეისთეიშენს ვთამაშობ.
დიეგო მარადონა: ბედნიერი ვიქნები მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად თუ იქცევა.
რაფაელ ნადალი: ის ვისაც მესის თამაშის ყურება სიამოვნებას არ ანიჭებს, ფეხბურთის აზრზე არ არის.
პაუ გასოლი: მესი – ის კობი ბრაიანტია ფეხბურთში.
ფიდელ კასტრო: ლიონელი სინათლის სხივია, მას არაჩვეულებრივი სიჩქარე აქვს.
მიშელ პლატინი: მესი ვარსკვლავია, ვარსკვლავთა შორის.
ლუიშ ფიგუ: მისი თამაშის ყურება ორგაზმის განცდის ტოლფასია.
პაოლო მალდინი: მესის “ოქროს ბურთს” ყოველწელს უნდა აძლევდნენ.
პელე: როდესაც მესი ათას გოლს გაიტანს, ლეგენდად იქცევა. დღეს ის საუკეთესოა.
ლეო მესი: ის, რასაც მე ვაკეთებ, არაფერია, უფრო რთული იმის კეთებაა, რასაც ხავი და ინიესტა ქმნიან.
P.S. როგორც ხედავთ, გზა ვარსკვლავობამდე ეკალ-ბარდითაა მოფენილი, მაგრამ ნუ შეუშინდებით სირთულეებს. ყველას გისურვებთ ოცნებების ახდენას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward