სიდნეიში ყველაზე რთულ ჯგუფში ნამდვილად არ მოვხვედრილვართ. “კერკეტ კაკლად” ჩილელები ითვლებოდნენ, ხოლო მაროკოელებსა და კორეელებს ჩვენთვის ამოუცნობი გუნდები ჰყავდათ. სასტარტო მატჩი აზიელებთან გავმართეთ და საკმაოდ იოლად გავიმარჯვეთ 3:0. მეორე შეხვედრა, ჩილესთან გვიწევდა და უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამ ორთაბრძოლაში პირველადგილოსანის ბედი უნდა გარკვეულიყო. სამხრეთამერიკელებმა 3:1 მოგვიგეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა მაროკოსთან გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
ჯგუფიდან მეორადგილოსნის სტატუსით გავედით და მეოთხედფინალში მძლავრ იტალიის ნაკრებს გადავეყარეთ. 1:0 და ნახევარფინალში ვართ. იქ აშშ-ს ნაკრები გველოდა, რომელსაც 3:1 მოვუგეთ.
თითქმის, 25 დღე გავიდა და ჩვენ ფინალში ვართ. ავსტრალიაში მშობლებიც ჩამოვიდნენ, მათ პატარა არიადნას წამოყვანაც არ დაზარებიათ. თამაშებთან ერთად, ქვეყნის დათვალიერებაც ჰქონდათ განზრახული. თავდაპირველად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამხელა შედეგს მივაღწევდით. მაქსიმუმ ერთკვირიანი ვიზიტი გვქონდა გათვლილი. თუმცა, ისე მოხდა, რომ ყველა მეტოქე უჩუმრად დავამარცხეთ და ყველასდა გასაოცრად, ფინალში გავედით. დედჩემი ცოტა დაძაბულიც კი გახლდათ, რადგან ახალი ქვეყანა ასე ვთქვათ, ყელში ამოუვიდა, თანაც სახლში ალექსი და ოსკარი მარტოები ჰყავდა დატოვებული.
ამერიკელთა ძლევამ უზომოდ გაგვახარა. ვერცხლის მედლები ფაქტიურად ჯიბეში გვედო, მაგრამ ჩვენი მიზანი ოქრო იყო. ნახევარფინალური მატჩის მეორე დღეს, მთელი გუნდი რესტორანში წავედით, სადაც ჩვეულებისამებრ ვსადილობდით ხოლმე. ჩვენ ერთგვარი პრივილეგიით ვსარგებლობდით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ოლიმპიური სოფლიდან გასვლა შეგვეძლო. ქალაქში ვათევდით ღამეს, რაც ოლიმპიური ტურნირის სხვა მონაწილეებს არ შეეძლოთ. ჩვენი ოტელი სიდნეის ცენტრში მდებარეობდა, მაგრამ პატარა რესტორანი ჰქონდა და მთელი გუნდი იქ ვერ დაპურდებოდა. ამიტომაც, სპეციალური ავტობუსით, რომელიმე რესტორანში მივდიოდით ხოლმე წასახემსებლად, თანაც ამ დროს სამწვრთნელო შტაბის წევრები როგორც წესი არ გვახლდნენ, მხოლოდ ფეხბურთელები ვიყავით.
იმ დღეს, ხოსე მარი, კაპდევილია და ლუკე გართობის ხასიათზე იყვნენ და მძღოლს სთხოვეს რადიოსთვის ბოლომდე აეწია ხმა. ნელ-ნელა ყველანი აზარტში შევიდნენ და კინაღამ ფილმ “მამაკაცების სტრიპტიზის” ესპანური რემეიქის მომსწრენი გავხდით. საბოლოო ჯამში უმეტესობა ტრუსების ამარა დარჩა, ხოლო დანარჩენები უფრო სასაცილონი იყვნენ. შეცბუნებული ვუყურებდი გაბრის: “უკვე წარმოვიდგინე, როგორ დაგვინახავენ ჩემი მშობლები, რომლებიც აქ არიან!”. სპექტაკლი გრძელდებოდა, მძღოლი ვაიძულეთ ქალაქისთვის წრეები ერტყა – ძალიან გვინდოდა მთავარ ქუჩაზე ნახევრადშიშვლებს ჩაგვექროლა.
ფინალში სამუელ ეტო”ოს კამერუნთან გვიწევდა შეტოქება. ყველაფერი ფენომენალურად დაიწყო, აფრიკელებს ორი სწრაფი გოლი შევუგდეთ. თუმცა, შეუდარებელი სამუს ძალისხმევით, ანგარიში გაქვითეს და მეორე ტაიმი ჯოჯოხეთად გვექცა. დამატებით დროში გამოწურულ ლიმონებს ვგავდით, ხოლო აფრიკელებს დაღლა საერთოდ არ ეტყობოდათ. დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის თუ როგორ შევძელით მატჩის პენალტების სერიამდე მიყვანა. იქ 3:5 წავაგეთ და სახლში ვერცხლის მედლებით დავბრუნდით. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, ჩვენ ხომ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ოქროს მედლებამდე.

ბარსელონაში დაბრუნებულებს (ჩემს გარდა ოლიმპიადაზე “ბარსადან” გაბრი და პუიოლი იყვნენ), მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერა ფერერი დაგვხვდა, ხოლო გუნდის გარშემო ქაოტური მდგომარეობა იყო შექმნილი. ლუიშ ფიგუ “რეალში” გადავიდა, რაც ყველასთვის შოკისმომგვრელი მოვლენა გახლდათ. ფეხბურთელები კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ. ვერ წარმოვიდგენდი ყოველივე ასე მძიმე გადასატანი თუ იქნებოდა. ის სიტუაცია უკეთ რომ აღიქვათ, წარმოიდგინეთ, დღეს ლეო მესი “რეალთან” კონტრაქტს რომ აფორმებდეს. წარმოიდგინეთ? ამით ყველაფერი ნათქვამია.
მოგვიანებით, შევიტყეთ, რომ ჟოან გასპარს ფიგუს “ბარსელონაში” დატოვება შეეძლო, მაგრამ მან არ ისურვა კლუბის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გამხდარიყო, რომელიც “მერენგების” “სოსიოსებს” სოლიდურ დივიდენდებს გადაუხდიდა. კლუბი ყველა დანარჩენზე მაღლა იდგა.
ყოველივე მომხდარი, ფლორენტინო პერესის მიერ ბრწყინვალედ გათამაშებული კარტისა და ჟოან გასპარის შეცდომის შედეგი გახლდათ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ვხვდებოდით ახალ სეზონს (რამდენიმე თვეში პორტუგალიელმა “ოქროს ბურთი” მოიგო), რაც შემადგენლობის სერიოზულ დასუსტებასა და საბრძოლო განწყობის დაკარგვას უდრიდა.
იმ გუნდში დავბრუნდით, რომელიც ჩემპიონატში არასტაბილურად ასპარეზობდა, ხოლო ჩემპიონთა თასზე “ბეშიქთაშთან” დამარცხდა 0:3 და თავი დასაცინი გაიხადა. ეს იყო და ჟურნალისტებმა “კაცობრიობის გადამრჩენის” იარლიყი მომაკრეს. გუნდის შედეგიან ასპარეზობაზე მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს. მაგარია, არა?! ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ ვითვლებოდი, რასაც ის ნომერიც მოწმობს, რომლითაც ვასპარეზობდი. სერა ფერერი, რომელიც ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩავიდა, პირველი მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც ამ პრივილეგიით დამაჯილდოვა. 16 ნომერი ავირჩიე. მანამდე 26 მქონდა, რადგან ვთვლიდი, რომ ექვსიანი იღბლიანი ციფრი იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, ეს ნომერი ივან დე ლა პენიას ჰქონდა აღებული.
“სოსიედადთან” მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მატჩის შედეგმა ბევრი გააკვირვა – 6:0 ჩვენს სასარგებლოდ. თუმცა, ეს მირაჟი უფრო იყო, რადგან სეზონი მთლიანობაში საშინლად ჩავატარეთ. სერა ფერერი გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, პამპლონაში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. პრეზიდენტი გასახდელში ჩამოვიდა და გვითხრა, ცვლილებების დრო მოვიდაო. კარლეს რეშაკის დრო დადგა.