ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ბავშვობაში, ერთი და იგივე სიზმრების ნახვა დამჩემდა. ზოგიერთი მათგანი კოშმარული იყო. ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის გახლდათ. ვიღაც პისტოლეტმომარჯვებული მომდევდა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, არც ახლობლები, არც მეგობრები. კიდევ ერთი საზარელი სიზმარი სკოლას უკავშირდებოდა, სადაც დედიშობილა მივდიოდი. მივდივარ და ვერაფერს ვამჩნევ, მთელი კლასი სიცილს იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ გავრბივარ სირცხილნაჭამი. რაც შეეხება საფეხბურთო კოშმარს, ეს “კამპ ნოუზე” დებიუტი იყო. სასტარტო სასტვენისთანავე ყველაფერი თავდაყირა დგება, გაზონზე ფეხი მიცურავს, ისე როგორც ძროხას ყინულზე. ყველა ჩემი მცდელობა უშედეგოა. არ მახსოვს რა ხდება შემდეგ, რადგან ამ დროს ოფლდასხმულს მეღვიძებოდა და ამავდროულად შვებას ვგრძნობდი.

მახსოვს, 1998 წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე “მალიორკასთან” მატჩში პირველ გუნდში დებიუტისას, ზემოხსენებული სიზმარი თავიდან ვერ ამოვიგდე. ვფიქრობდი, ვაიდა ეხლა მართლა დავიწყო სრიალი მინდორზე თქო. საბედნიეროდ, ამდაგვარი არაფერი მომხდარა, პირიქით, ბალეარელთა კარში გოლი შევაგდე.

თუმცა, მოდით მოვლენთა განვითარებას თანმიმდევრულად მივყვეთ. სადებიუტო მატჩამდე, თითქმის ნახევარი წელიწადი მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი. 1998 წლის 1 იანვარს, ასე ვთქვათ, ჩემი ნათლობა შედგა. ამ მოვლენამდე ორი დღით ადრე, გონსალვომ, მე და მარიოს გვიხმო თავისთან და გვითხრა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი ვარჯიში იყო დუბლებში და მომავალი წლიდან, უკვე “ბარსაში” უნდა გვევარჯიშა, მაგრამ თამაშით კვლავინდებურად ფილიალში მოგვიწევდა თამაში. “ვან გაალს ძალიან უნდა თქვენთან მუშაობა”, – მოგვილოცა მწვრთნელმა.

ახალი წლის ღამეს ჩემს გემოზე ვერ გავისეირნე, რადგან მთავარ გუნდში პირველ ვარჯიშზე კარგ ფორმაში მინდოდა მივსულიყავი. მარიოს, ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შევხვდი და გასახდელისკენ გავწიეთ. უნდა გენახათ ჩვენი გაკვირვებული სახეები, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ იქ უკვე ვიღაც იყო. ეს “ვიღაც”, გილერმო ამორი აღმოჩნდა, რომელმაც თავაზიანად შეგვიპატიჟა ოთახში. ამორი ცოტა ხნით ჩვენს გიდად იქცა და პირველ რიგში მეურნეობის შეფი ხოსეპ მარია კარბელიე “ჩემა” გაგვაცნო. მან სავარჯიშო ეკიპირება გადმოგვცა და ჩვენი კარადა გვაჩვენა. ჩემპიონატის ბოლომდე მე და მარიოს ერთი გარდერობით მოგვიწია დაკმაყოფილება, რადგან თავისუფალი მეტი არ იყო.

ცოტა ხანში ვან გაალიც გამოჩნდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ის დიდი ავტორიტეტი იყო, მითუმეტეს, ისეთი უწვერული ბიჭებისთვის, როგორებიც ჩვენ ვიყავით. მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, ეგრევე მიგახვედრებდა იმას, რომ: “ეს ბიძია მზადაა შეგჭამოს”. თავისთან გვიხმო, რათა მოგვსალმებოდა: “გამარჯობა, ხხხავი (ხ-ზე ენა ებმოდა ხოლმე), მწვრთნელს სჯერა შენი, წარმატებას გისურვებ!”.

სადებიუტო სეზონში ცეკვა-თამაშის ხასიათზე ყოველთვის როდი ვიყავი. მძიმე წუთებიც მქონდა, რადგან ჰოლანდიელი ძალიან მომთხოვნი იყო. დუბლებში ვარჯიშისას, თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რადგან ერთი მომწმეც კი არ გვყავდა, მთავარ გუნდში კი 200 ჟურნალისტის წინაშე მიხდებოდა ოფლის ღვრა. რაღაც თუ გააკეთე ცუდად, ეს მაშინვე საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. მწვრთნელი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. გგონია, რომ მას არ დაუნახავს შენი შეცდომა, მაგრამ უცბად მისი მჟექარე ხმა გესმის: “ხხხავი, სადაა შენი კლასი!”. ის ძალიან მომთხოვნი იყო, თითოეული პასისას, ვარჯიშისას, ბურთთან შეხებისას. ვფიქრობ, ვან გაალის მუშაობის ამგვარი სტილი ზოგჯერ არაპროდუქტიული ხდებოდა. მასთან მუშაობის პირველ თვეებში, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დავიწყე, შეძლებს კი ხავი გაუძლოს ასეთ გამოცდას ყოველდღიურ რეჯიმში. ახალგაზრდებს, ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დახმარება სჭირდებათ და არა რკინის ხელი.

ასე იყო თუ ისე, ვან გაალი მაინც არაჩვეულებრივი მწვრთნელი გახლდათ – სულით-ხორცამდე პროფესიონალი, სამართლიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და პირდაპირი. შესაძლოა, მას ტაქტი ანაც ემოციონალური ინტელექტი აკლდა, მაგრამ საკუთარი ხასიათი მუდამ თან სდევდა.

გასახდელში ვეტერანები გავიცანი, რომლებმაც ცხოვრება შემიმსუბუქეს. ალბერტ ფერერი, გილერმო ამორი, სერხი ბარხუანი, პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე და რაღა თქმა უნდა, აბელარდო. “პიტუს” თავიდანვე დავუახლოვდი. ძალიან მხიარული და ენაკვიმატი ადამიანი იყო. ჩემს სავარჯიშო ფორმაზე სულ კაიფობდა ხოლმე, დღემდე ვერ გამიგია რატომ. არასასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ იმხანად, გუნდში ფეხბურთელების დაჯგუფება იყო, რომლებსაც იარაღი მუდამ ჩახმახზე ჰქონდათ შეყენებული. ვან გაალი პიცის, დიუგარის და სტოიჩკოვს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა, რაც გუნდის შიგნით ატმოსფეროს ძაბავდა. ვარჯიშებზე ზოგჯერ ისეთი დაძაბულობა იყო, დანით შეგეძლო გაგეჭრა.

ყველაფრის მიუხედავად, იმ სეზონმა საშუალება მომცა გავზრდილიყავი და პროფესიონალურ გზაზე სიარული გიგანტური ნაბიჯებით განმეგრძო. მთავარ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩამიტარებია, მაგრამ ვან გაალი მაინც აგრძელებდა ჩემს ძერწვას, რათა ცოტა ხანში შანსი მოეცა.

სანტ ანტონი დე კოლონში ვისვენებდი, როდესაც “ბარსა ბ”-ს ადმინისტრატორმა, ტონი ალონსომ დამირეკა და დაუყონებლივ მთავარ გუნდში გამოცხადება მომთხოვა. რამდენიმე წუთში უკვე “ბარსას” ადმინისტრატორი კარლეს ნავალი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მეორე დღეს ვარჯიშზე უნდა მივსულიყავი. სამკვირიანი შვებულება ერთამდე დავიდა, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვიყავი.

მთავარ გუნდს შევუერთდი, მომდევნო დღეს კი მალიორკაზე გავემგზავრე. იმ საღამოს ვან გაალმა თავისთან მიხმო: “მზად ხარ? ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნები”. ყბა ჩამომივარდა. ვიცოდი, რომ მოედნის ცენტრში გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რადგან გვარდიოლა და სელადესი ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ასეთ მოულოდნელ დებიუტს, თანაც სასტარტო თერთმეტეულში, ნამდვილად არ ველოდი.

შეიძლება ითქვას, ღამე თეთრად გავათენე. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ პოზიცია, რომელზეც უნდა მეთამაშა, ჰოლანდიელის სქემაში საკვანძო იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ერთი-ორად იზრდებოდა. მატჩი კარგად დაიწყო, საჯარიმოს გარედან სწრაფი გოლი გავიტანე. ამის შემდეგ მოედანზე ავორთქლდით და შეხვედრა ბალეარელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. “ნოუ კამპზე” 0:1 წავაგეთ და სეზონის პირველი ტიტული გავუშვით ხელიდან.

ჩემპიონატში დებიუტი “მესტალიაზე” მქონდა “ვალენსიასთან” მატჩში, ჩემპიონთა ლიგაზე კი “მანჩესტერთან” “ოლდ ტრაფორდზე”. ნათელი იყო, რომ ვან გაალმა ფრონტის წინა ხაზზე გამიშვა, რათა გაეგო, გავტყდებოდი თუ არა. ამ ორმა გუნდმა დადებითი და უარყოფითი მოგონებები დამიტოვა. “იუნაიტედი”, ჩვენი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე, საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ბექჰემის, სქოულზის, გიგზისა და იორკის ბურთაობისთვის აღფრთოვანების გარეშე არ შემეძლო მეყურებინა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მანკუნიანელები ჩვენი მეტოქეები იყვნენ. ორივე შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და ერთნაირი ანგარიშით, 3:3 დასრულდა. “ვალენსია” პირიქით, კაპასი გუნდი იყო. თავდასხმაში “პიოხო” ლოპესი ჰყავდათ, რომელიც წამდაუწუმ არღვევდა ჩვენს დაცვას, ხოლო უკან სალი კლდესავით იყვნენ აღმართულნი უკანახაზელები, მაშინდელი “ვალენსია” ჟოზე მაურინიოს “ჩელსის” მაგონებს.

“ნოუ კამპზე” დებიუტი “სალამანკასთან” მატჩში მქონდა. ვარჯიშზე მამამ წამიყვანა, შევამჩნიე, რომ ცივი ოფლი ასხამდა.

– რა მოგივიდა? ვკითხე მე.

– ცოტას ვნერვიულობ, “ნოუ კამპზე” ხომ პირველ მატჩს ატარებ.

– ნუ ღელავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც “მინიზე”, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მასწავლიდნენ.

მამა ჩემზე მეტად განიცდიდა. ერთი ისტორიაც კი მომიყვა, როდესაც “საბადელში” ვთამაშობდი, უფრო მშვიდად მაშინ ვგრძნობდი თავს, როდესაც სასტარტო შემადგენლობის გამოქვეყნებისას, ჩემს გვარს ვერ ამოვიკითხავდი სიაშიო.

გაგრძელება იქნება…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward