პროლოგი
სერ ალექს, პეპმა დატოვა “ბარსელონა”, რადგან მას ჰქონდა მიზეზი. ის წავიდა, რადგან მწვრთნელების უმრავლესობას არ ჰგავს. წავიდა, რადგან არ არის საფეხბურთო სამყაროსთვის დამახასიათებელი, ტიპიური ადამიანი.
ამ ყველაფრის გაგება უკვე შეგეძლოთ რომში თქვენი პირველი დაპირისპირების დროს, 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გვარდიოლამ ამ თამაშისთვის ყველაფერი გაითვალისწინა: ტაქტიკა, მზადება, თავის შეგირდებთან უკანასკნელი მოკლე საუბარი ტაქტიკაზე, გამარჯვების აღნიშვნა. პეპმა მთელი მსოფლიო დაპატიჟა თავის ფეხბურთელებთან, რომლებსაც დიდ ევროპულ ფინალში თამაშის ბედნიერება ჰქონდათ.
დარწმუნებული იყო, რომ მოამზადა გუნდი, რომელსაც შეეძლო თქვენი დამარცხება, მაგრამ წაგების შემთხვევაში კულეები სახლში თავაწეულები წავიდოდნენ, რადგან “ბარსამ” საკუთარი სტილით გამარჯვება სცადა და ფინალისკენ მიმავალ გზაზე თავისი ისტორიის ბნელი პერიოდი დასძლია. მან არამარტო გააქრო ნეგატიური ტენდენცია კლუბში, არამედ რამდენიმე დაუწერელი მცნების საპირისპირო დაამტკიცა. ამ მცნებების მიხედვით, სპორტული სამყაროს ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიც არის პატიოსნება და პატივისცემა, მოძველდა, ხოლო მიზნის მიღწევა და ამავდროულად მოედანზე სპექტაკლის დადგმა შეუძლებელია. ვინ შექმნა ასეთი წესები? პირველივე დღიდან გვარდიოლა ეწინააღმდეგებოდა მათ.
მაგრამ ეს მაშინ იყო.
“ბარსაში” თავისი სამწვრთნელო კარიერის ბოლოს გვარდიოლა არ იყო ის ახალგაზრდა, მონდომებული, ენთუზიაზმით სავსე მწვრთნელი, რომელიც თქვენ ნახეთ რომში, ან ერთი წლის შემდეგ ნიონში, უეფას შტაბბინაში, თქვენი საუბრის დროს.
როდესაც თავისი ბავშვობის კლუბის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა, თქვენ შეამჩნევდით იმ მძიმე ტვირთს, რომელსაც პეპი ატარებდა. ამოიკითხავდით ამას გვარდიოლას თმაგაცვენილ თავსა და თვალებში. იგი აღარ იყო ის ენერგიული ადამიანი, რომელიც თქვენს წინაშე წარსდგა შვეიცარიაში, იმ დილას, როდესაც მას მამობრივი რჩევით მიმართეთ და ცოტაოდენი სიბრძნე გაუზიარეთ. იცოდით, რომ თქვენს 15 წუთიან საუბარს დღესაც თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს? პეპი ჰგავდა მოზარდს, რომელსაც კუმირი შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ კი ამბობდა: “მე სერ ალექს ფერგიუსონთან ვიყავი, სერ ალექს ფერგიუსონს ველაპარაკე!” მაშინ ყველაფერი ახალი და დამაინტრიგებელი იყო. სირთულეები გზაზე იყო არა გადაულახავი დაბრკოლებები, არამედ გამოწვევები.
2010 წლის იმ დილას ჟენევის ტბასთან მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპელი მწვრთნელების ყოველწლიურ კონფერენციაზე, სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემდეგ თქვენ არაფორმალურად პირველად გაესაუბრეთ გვარდიოლას. მანამდე დრო არ გქონდათ და პეპს საუბარი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე სურდა, ხოლო კონფერენციაზე მწვრთნელებს აქვთ საფეხბურთო ტენდენციების განხილვისა და რჩევის მიცემის საშუალება.
ნიონში მიწვეულ სტუმართა შორის იყო მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჟოზე მოურინიო, რომელმაც გვარდიოლას “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოაგდო. კონფერენციისთვის გამოყოფილ პირველ დღეს უეფას შტაბბინაში თქვენ ერთ-ერთი მიკროავტობუსით მიხვედით. პირველ ავტობუსში ისხდნენ მოურინიო, “ჩელსის” მწვრთნელი ანჩელოტი და “რომას” თავკაცი კლაუდიო რანიერი, მეორეში კი თქვენთან ერთად იყო გვარდიოლა. შენობაში შესვლისთანავე მოურინიო მიუახლოვდა თქვენს გარშემო შეკრებილ ჯგუფს, ხოლო გვარდიოლა, რომელიც ყოველთვის აცნობიერებდა ასეთი მომენტების მნიშვნელობას, განზე გადადგა, რათა ფოტოსთვის მომზადებულიყო. ბოლოს და ბოლოს, პეპი გარშემორტყმული იყო ფეხბურთის გენიოსებით. გვარდიოლა იქ იყო, რათა ენახა და ესწავლა, ამას კი ყოველთვის აკეთებდა.
პეპი ცოტა ხნით მარტო, თავისთვის იყო, რაც მოურინიომ შეამჩნია. ის მიესალმა ესპანელს და ხელი ჩამოართვა. საუბარი დაიწყეს და მათ შეუერთდა “ვერდერის” თავკაცი თომას შააფი, რომელიც პერიოდულად იქცევდა კოლეგების ყურადღებას.
გვარდიოლამ და მოურინომ უკანასკნელად ისაუბრეს ასე მეგობრულად.
მწვრთნელების ჯგუფი შევიდა მთავარ საკონფერენციო დარბაზში, სადაც თქვენ ილაპარაკეთ ჩემპიონთა ლიგაში გამოყენებულ ტაქტიკურ ინოვაციებზე, განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთმა მოიგო. პირველი შეხვედრის ბოლოს ყველა შეიკრიბა სურათის გადასაღებად. დიდიე დეშამი გვარდიოლასა და მოურინიოს შორის იჯდა, თქვენთან კი ანჩელოტი იყო. ისმოდა სიცილი და ხუმრობები. ასე რომ, სასიამოვნო დღე უნდა გამოსულიყო.
მეორე სხდომამდე მცირე შესვენების დროს თქვენ პეპის გვერდით აღმოჩნდით. ესპანელი ცოტა ანერვიულდა. თქვენ მისთვის ხართ გიგანტი სამწვრთნელო სკაზე, მაგრამ იმ დილას იყავით უბრალო თავაზიანი შოტლანდიელი. თქვენ გაგაოცათ ახალგაზრდა კოლეგის მოკრძალებამ, თუმცა მაშინ პეპს 9 შესაძლო ტიტულიდან 7 უკვე მოგებული ჰქონდა და მთელი საფეხბურთო სამყარო ფიქრობდა, თუ რა გააკეთა მან “ბარსაში” – ევოლუცია იყო ეს თუ რევოლუცია? მაშინ ყველა შეთანხმდა, რომ პეპის ახალგაზრდობა და პოზიტივი სუფთა ჰაერს ჰგავდა.
ის საუბარი მალე გადაიქცა ლექციად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. პეპს უყვარს ლეგენდების მოღვაწეობის განხილვა. დეტალურად იხსენებს ხოლმე ლუის ვან გაალის “აიაქსს”, საკის “მილანს”. ორივეზე ლაპარაკი არა საათების, არამედ წლების განმავლობაში შეეძლო. მოგებული ჩემპიონთა თასი ისეთი მოწიწებით უჭირავს, როგორც თავისი კერპის, პლატინის მიერ ხელმოწერილი მაისური. თქვენც შედიხართ პეპის დიდების ხეივანში.
სანამ მოსწავლე ისმენდა, თქვენს მიმართ გამოხატული პატივისცემა გადაიზარდა ძლიერ სითბოში: არამარტო საუბრის სიმბოლური შინაარსის, არამედ პროფესიის თქვენებური ხედვის გამოც. ეს არ იყო უბრალო ინტუიცია. ეს იყო იმ ადამიანის აზრი, რომელმაც იცის, რას ამბობს.
გვარდიოლას შთააგონებს თქვენი მრავალწლიანი კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” და, ასევე, შინაგანი ძალა, რომელიც საჭიროა ასეთი ხანგრძლივი მუშაობისთვის. ესპანელი ყოველთვის ვარაუდობდა, რომ ზეწოლის დონე “მანჩესტერსა” და “ბარსაში” განსხვავებულია. მას სურს იმის გაგება, თუ როგორ ინარჩუნებს ერთი ადამიანი მოგების სურვილს და როგორ ეწინააღმდეგება ამ სურვილის დაკარგვას, რაც, როგორც ჩანს, გარდაუვალია მუდმივი წარმატების შემდეგ. მას სჯერა, რომ მუდმივად გამარჯვებულ გუნდს სჭირდება წაგება, რათა მიიღოს ის გაკვეთილი, რომელიც მხოლოდ მარცხს ახლავს თან. პეპს სურს გაიგოს, თუ როგორ უმკლავდებით ამას, სერ ალექს; როგორ ასუფთავებთ გონებას; როგორი დამოკიდებულება გაქვთ წაგებასთან. ყველაფერზე სასაუბროდ დრო არ გქონდათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თემები თქვენი მომდევნო შეხვედრისას კვლავ განიხილება.
გვარდიოლას მოსწონს თქვენი ცივსისხლიანობა მარცხისა და გამარჯვების დროს; მოსწონს ის, თუ როგორი თავდადებით იცავთ თქვენს ფეხბურთს, სტილს. თქვენ ასევე ურჩიეთ, რომ არ ეღალატა საკუთარი თავისთვის, შეხედულებებისა და მრწამსისათვის.
“პეპე”, – უთხარით მას – მან კი არ გაგისწორათ არასწორი მიმართვა – “უნდა იცოდეთ, რეალურად ვინ ხართ. ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი იცვლება და მიზეზი სხვადასხვაა: წარუმატებლობა დასაწყისში, უკონტროლო სიტუაციები, წარმატება. ისინი ცვლიან ტაქტიკას, საკუთარ თავს და ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთი არის მონსტრი, რომელთან დაპირისპირება და გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხარ ის, ვინც ხარ, ყველანაირი გარემოების მიუხედავად.”
თქვენთვის, შესაძლოა, ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე მეგობრული რჩევა. დააკმაყოფილეთ მამობრივი ინსტინქტი, რომელიც ყოველთვის იჩენს თავს ახალბედებთან ურთიერთობისას. და მაინც, ალბათ შემთხვევით, გაუმხილეთ გვარდიოლას თქვენი საფეხბურთო კარიერის ხანგრძლივობის საიდუმლო, გაუმხილეთ გაგრძელების სურვილი და თქვენი უცნაური ურთიერთობა იმ სპორტთან, რომელშიც ხან ხაფანგში ხარ, ხან კი თავისუფლებას გრძნობ.
საკუთარი ბედის გადაწყვეტისას არაერთხელ დაუბრუნდა თქვენს სიტყვებს. მან გაიაზრა ისინი, მაგრამ ვერ გაძლო და 4 წლის განმავლობაში მაინც შეიცვალა. ფეხბურთმა, ამ მონსტრმა, შეცვალა ის.
აფრთხილებდით, მაგრამ შეიცვალა. ერთ-ერთი მიზეზი არის ზეწოლა; გულშემატკივრებს დაავიწყდათ, რომ ის უბრალოდ მწვრთნელია. კიდევ ერთი მიზეზია თავად პეპის ქცევა, რომლის შედეგად გვარდიოლა ვეღარ იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეეძლოთ გუნდისა და მისთვის ზიანის მიყენება. ემოციური დატვირთვა გახდა ძალიან მძიმე. პეპი მიხვდა, რომ საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა ყველაფერზე უარის თქმა და წასვლა იყო.
გვარდიოლას სურდა რჩევის გათვალისწინება, მაგრამ ის არ არის თქვენნაირი, სერ ალექს. რამდენჯერმე ფეხბურთი შეადარეთ უცნაურ ციხეს, საიდანაც გამოსვლა არ გინდება. არსენ ვენგერი იზიარებს თქვენს აზრს და არ ესმის, თუ რატომ დატოვა ესპანელმა კლუბი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს და სადაც ის ყველას უყვარს.
ჩემპიონთა ლიგიდან კატალონიელთა შოკისმომგვრელი გამოვარდნის შემდეგ, იმ დილას, როდესაც პეპის გადაწვეტილება ცნობილი გახდა, ვენგერმა ჟურნალისტებს უთხრა: ” “ბარსას” ფილოსოფია ჩემპიონატში გამარჯვებისა და მარცხის საკითხზე მაღლა უნდა იდგეს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება უადგილო იყო. წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით შევხედავდი გვარდიოლას, რომ დარჩენილიყო და არ მიეტოვებინა თავისი ფილოსოფია, შეხედულებები. საინტერესო იქნებოდა.”
გვარდიოლას გონება ხშირად არის არეული. წუთში 100 ვარიანტს განიხილავს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი უჩნდება ეჭვები. ის ვერ გაექცა საკუთარ ბედს (“ბარსაში” დაბრუნებას და მწვრთნელობას), მაგრამ უძლური აღმოჩნდა იმ ინტენსივობის წინაშე, რომელიც მას საბოლოოდ გაჭყლეტდა. მისი სამყარო სავსეა გაურკვევლობით, დავებით, ეჭვებითა და მოთხოვნებით, რომელთა დაკმაყოფილებას ან შემცირებას ვერასდროს შესძლებს. ისინი მუდმივია: არ აქვს მნიშვნელობა გოლფს თამაშობს, სახლში ისვენებს, ოჯახთან ერთად უყურებს ფილმს თუ ღამე უძილობას ებრძვის. ყოველთვის მუშაობს, ფიქრობს, გადაწყვეტილებას იღებს, კითხვებს სვამს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. სამუშაოსა და მოლოდინისგან დაშორების ერთადერთი გზა ყველანაირი კავშირის გაწყვეტაა.
პეპი სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა მივიდა “ბარსა ბ-ში” 2007 წელს, ხოლო 5 წლისა და 14 ტიტულის შემდეგ პირველი გუნდი გამოფიტულმა დატოვა. არ გჯერათ ჩემი? გვარდიოლამ თავად დაადასტურა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, რომ ძალიან დაიღალა.
გახსოვთ 2011 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება? მაშინ ორივემ მიიღეთ ჯილდოები. დაჯილდოვებამდე ისევ გკითხეს გვარდიოლაზე და თქვენ გულრწფელად უპასუხეთ: “სად იპოვის გვარდიოლა მშობლიურ სახლზე უკეთეს ადგილს? არ მესმის, თუ რატომ სურს ამ ყველაფრის დატოვება.”
“ბარსას” სპორტულმა დირექტორმა, პეპის ძველმა მეგობარმა, ანდონი სუბისარეტამ იცოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა გვარდიოლასთვის ნიონის შეხვედრას და ზუსტად იმ დღეს, პეპთან საუბრისას, ყოფილმა მეკარემ გაიხსენა თქვენი სიტყვები: “მოუსმინე, რას ამბობს ეს ბრძენი, ალექს ფერგიუსონი, ცხოვრებასა და სპორტში გამოცდილი კაცი…” პეპმა, რომელმაც სუბის მანამდე უთხრა თავისი გადაწყვეტილება, კი ასე უპასუხა: “ოხ, შე ბო*ის შვილო! ყოველთვის ცდილობ, რომ აზრი შევიცვალო!”
სერ ალექს, უბრალოდ შეხედეთ 2008 წლის სურათებს. ის 37 წლის კაცი იყო. ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. სურვილით სავსე, ამბიციური და ენერგიული. ახლა, 4 წლის შემდეგ, კვლავ შეხედეთ პეპს. არ ჰგავს 41 წლის კაცს, არა? მაშინ ნიონში ის იყო მწვრთნელი, რომელმაც გუნდი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა და ისტორია შექმნა. თქვენი საუბრის დროს უკვე იცოდა ინოვაციური ტაქტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ მომდევნო სეზონებში შეტევისა და თავდაცვის უფრო რევოლუციური ხერხები იპოვა, მისმა გუნდმა კი თითქმის ყველა ჩემპიონატში გაიმარჯვა.
პრობლემა იყო ის, რომ ყოველი გამარჯვების შემდეგ ახლოვდებოდა ეპოქის დასასრული.
ერმა, რომელსაც სჭირდებოდა მაგალითი და რომელიც დაღმასვლას ებრძოდა, დასახმარებლად უხმო გვარდიოლას, რომელიც სოციალური ლიდერის, იდეალის, უნაკლო ადამიანის რანგში მოგვევლინა. შემაძრწუნებელია, პეპისთვისაც კი. როგორც მოგეხსენებათ, სერ ალექს, არავინ არის იდეალური. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია საკუთარი მხრებით ამხელა ტვირთის ტარება.
“ბარსელონას” მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ულევი ენერგია და ახლა, როდესაც პეპი დიდი ევროპული მატჩებით სიამოვნებას ვეღარ იღებს, როდესაც მადრიდის “რეალმა” ჩემპიონობისათვის ბრძოლა მოედანზე და მოედნის გარეთ მომქანცველ მარათონად აქცია, გვარდიოლამ იგრძნო, რომ უნდა დატოვოს ის შრომატევადი სამუშაო, რომელსაც, 6 წლიანი მცირე შესვენების გამოკლებით, მთელი თავისი ცხოვრება (13 წლის ასაკიდან) ემსახურება. როდესაც დაბრუნდება, (და უეჭველი დაბრუნდება) არ იქნება უკეთესი იმის გახსენება, რომ პეპი ზენიტის დროს წავიდა?
კიდევ ნახეთ გვარდიოლას სურათები, სერ ალექს. ახლაც არ არის ცხადი, რომ მან საკუთარი თავი “ბარსელონას” მიუძღვნა?