ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “ბეტისი” 3-1 დაამარცხა. “ბეტისის” კარში გოლები ლეო მესიმ (2) და ფიგერასმა (ს.კ.) გაიტანეს, ხოლო პინტო რუბენ კასტრომ დაამწუხრა.
“ბარსასთვის” ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო. მატჩის მე-14 წუთზე ალექსის სანჩესი საჯარიმოში შევიდა და სამი მცველის გარემოცვაში მოექცა. ამან აღაშფოთა ჟორდი ფიგერასი, რომელმაც სანჩესი წააქცია. შედეგად ედუარდო პრიეტო იგლესიასმა “ბეტისის” კარში პენალტი დანიშნა.
ბურთთან მივიდა ლიონელ მესი და თერთმეტმეტრიანით ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი 24-ე გოლი გაიტანა. ანტონიო ადანი მარჯვენა კუთხეში გადახტა, მესიმ კი ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ დაარტყა.

როგორც ჩანდა, “ბარსელონას” უპირატესობა კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა, “ბეტისმა” პინტოს კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არა ისევ ჟორდი ფიგერასი. მან მიღებული პენალტი არ იკმარა და მატჩის 67-ე წუთზე, ადრიანოს პასის ჩაჭრის შედეგად, გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ანგარიში კატალონიელთა სასარგებლოდ 2-0 გახდა.
ამის შემდეგ, “ბეტისმა” ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ეს გააკეთა შეცვლაზე შემოსულმა რუბენ კასტრომ, რომელმაც ადრიანოსა და ბარტრას შეცდომით ისარგებლა და პინტოს კარში გოლი გაიტანა.
მაგრამ გუშინდელი საფეხბურთო საღამო “ბეტისის” არ იყო. ნეიმარი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, საჯარიმოს ცენტრში გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთი ხელზე ანტონიო ამაის მოხვდა. მატჩში მეორე პენალტის რეალიზება ლეო მესიმ ვერ მოახერხა – ანტონიო ადანმა მისი დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე არგენტინელმა შესანიშნავად ითამაშა.
ეს გოლი მესისთვის პრიმერაში 25-ე აღმოჩნდა. ის ბომბარდირთა დავაში დაეწია დიეგო კოსტას. მესისა და კოსტას მხოლოდ სამი გოლით უსწრებს კრიშტიანუ რონალდუ.



