15 ნოემბერს ამსტერდამში, “იოჰამ კრუიფ არენაზე”, “აიაქსისა” და “ბარსელონას” ლეგენდებს შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7-4 დასრულდა. შეხვედრას 54 000 მაყურებელი დაესწრო.
მატჩი იოჰამ კრუიფის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ორივე კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. შეხვედრის თარიღიც სიმბოლურად შეირჩა – 1964 წლის 15 ნოემბერს კრუიფმა “აიაქსის” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
11 გოლი და სანახაობრივი ფეხბურთი
ანგარიში მე-10 წუთზე პატრიკ კლუივერტმა გახსნა, თუმცა ორ წუთში ალეიშ ვიდალმა წონასწორობა აღადგინა. მე-18 წუთზე როჟერ გარსიამ “ბარსელონა” დააწინაურა, რასაც ხავიერ სავიოლას გოლი მოჰყვა.
ნოლიტომ პირველი ტაიმის განმავლობაში დუბლი შეასრულა, ხოლო “აიაქსის” მხრიდან კლას-იან ჰუნტელარმა ასევე ორი გოლი გაიტანა. შესვენებამდე კატალონიელები 5-3 იგებდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში სიემ დე იონგმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა 67-ე წუთზე სავიოლამ თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე კრისტიან ტელიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 7-4.
ამრიგად, “ბარსელონას” შემადგენლობაში დუბლები ნოლიტომ და სავიოლამ შეასრულეს, თითო გოლი კი ვიდალმა, როჟერ გარსიამ და ტელიომ გაიტანეს.
ემოციური წუთი კრუიფის პატივსაცემად
შეხვედრის მე-14 წუთზე თამაში სპეციალურად შეჩერდა. სტადიონის ეკრანებზე იოჰამ კრუიფის გოლები აჩვენეს, ხოლო 54 000 გულშემატკივარმა ლეგენდას ოვაციებით მიაგო პატივი. სიმბოლური იყო მე-14 წუთის შერჩევაც, რადგან კრუიფი სწორედ 14-ნომრიანი მაისურით გახდა ცნობილი.
ტრიბუნებზე იმყოფებოდნენ კრუიფის მეუღლე დანი და მისი ვაჟი ჟორდი კრუიფი, რომელიც ამჟამად “აიაქსის” სპორტული დირექტორია.
მატჩის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ფეხბურთელების გაცვლა იყო. პატრიკ კლუივერტმა, იარი ლიტმანენმა, ფრანკ და რონალდ დე ბურებმა პირველი ტაიმი “აიაქსის” შემადგენლობაში ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი “ბარსელონას” მაისურები მოირგეს. საპირისპირო მიმართულებით გადავიდნენ ბოიან კრკიჩი და როჟერ გარსია.
“ბარსელონას” ლეგენდებს ალბერტ ფერერი ხელმძღვანელობდა, ხოლო “აიაქსის” სამწვრთნელო შტაბში დანი ბლინდი, შაკ სვარტი, დიკ სხუნაკერი და ფრანს ჰუკი იყვნენ.
შეხვედრას საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა. მიღებული შემოსავალი “ბარსელონას” ფონდსა და იოჰამ კრუიფის ფონდს მოხმარდება. ეს უკანასკნელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის სპორტული მოედნების მოწყობასა და სპორტული პროგრამების განვითარებას ემსახურება.




forum კომენტარები (0)