“ბარსელონა” ბრიან ფარინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. როგორც Marca-ს ჟურნალისტი ლუის როხო იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა 20 წლის ფეხბურთელთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ფარინიასის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, ახალი შეთანხმებით კი ის “ბარსელონაში” 2031 წლამდე დარჩება. კლუბი ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდასა და გამოსასყიდი თანხის მნიშვნელოვნად მომატებას გეგმავს. ამჟამად მისი კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.
მოლაპარაკებებს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ ხელმძღვანელობს. მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც კლუბმა ფარინიასი პირველ გუნდში გადაიყვანა და მას 4-ნომრიანი მაისური გადასცა.
მოლაპარაკებები ოქტომბრის ბოლოს, ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტის შემდეგ დაჩქარდა. 31 ოქტომბერს ფარინიასი “ალავესთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. “ბარსელონამ” ის მატჩი 6-1 მოიგო.
ფარინიასი ბუნებით ნახევარმცველია, თუმცა ჰანსი ფლიკმა მისი უნივერსალურობა დაცვის ხაზშიც გამოიყენა. ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველ გუნდში დაწინაურებამ კლუბს უბიძგა, მისი კონტრაქტის პირობები ახალ სტატუსთან შესაბამისობაში მოეყვანა.
მხარეებმა კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტიც განიხილეს, თუმცა ამ შესაძლებლობაზე პრაქტიკულად უარი თქვეს. შეთანხმების მიხედვით, ფარინიასი “ბარსელონაში” 2031 წლამდე დარჩება.
მხოლოდ რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი. მოსალოდნელია, რომ მხარეები სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს დაასრულებენ და კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად გააფორმებენ.




forum კომენტარები (0)