workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბალდე იანვარში ბარსელონადან წასვლას განიხილავს

ბალდე იანვარში ბარსელონადან წასვლას განიხილავს

bolt მოკლედ
ალეხანდრო ბალდე "ბარსელონაში" სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და იანვარში კლუბის დატოვებას განიხილავს. ესპანური მედიის ინფორმაციით, 23 წლის მცველით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი".

ალეხანდრო ბალდე იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს, თუმცა თანდათან ეგუება აზრს, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად “ბარსელონას” დატოვება მოუწევს. 23 წლის მცველი კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს. მას იმედი ჰქონდა, რომ დაცვის ხაზში არსებული საკადრო პრობლემების ფონზე მეტ შანსს მიიღებდა და გარკვეულწილად ეს ასეც მოხდა. ბალდემ პსჟ-სთან, “რეალ მადრიდთან” და “ალავესთან” ითამაშა, თუმცა სამივე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა.

როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი წერს, “ალავესთან” მატჩამდე ჰანსი ფლიკის პრესკონფერენციამ და შემდეგ ძირითადმა შემადგენლობამ ბალდეს ნათლად დაანახა, რა მდგომარეობაშია ის გუნდში.

ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლაში მას ჟოაუ კანსელუმ და ჩავი ესპარტმა აჯობეს. ბალდეს განვითარება თითქოს შეჩერებულია და ვერც მიღებული შესაძლებლობების გამოყენება შეძლო სათანადოდ. სამწვრთნელო შტაბში მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი ზოგჯერ კონცენტრაციას კარგავს და სწორად ვერ განსაზღვრავს, როდის უნდა გადავიდეს მეტოქეზე აქტიურ პრესინგში.

კატალონიელი მცველი ფლიკის ნდობის მოპოვებას ვერ ახერხებს. “ალავესთან” შეხვედრის წინ გერმანელმა მწვრთნელმა მის შესახებ საკმაოდ მკაცრად ისაუბრა:

“ბალდეს ახლა თავისი თამაშისთვის საჭირო თავდაჯერება და რწმენა აკლია.”

ეს განცხადება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

მანამდე ფლიკის საჯარო შეფასებები გაცილებით პოზიტიური იყო. 15 სექტემბერს გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:

“კმაყოფილი ვარ მისით და ყველა ფეხბურთელით. თითოეულ პოზიციაზე სამი მოთამაშე გვყავს. ამ ყველაფრის მართვა ყველაზე რთულია”.

16 ოქტომბერს ფლიკმა თითქმის იგივე პოზიცია დააფიქსირა:

“მისთვის ეს მარტივი სიტუაცია არ არის, მაგრამ ძალიან კარგად ვარჯიშობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პოზიციაზე ესპარტი და კანსელუ გვყავს. დარწმუნებული ვარ, ბალდესთვის ეს იდეალური მდგომარეობა არ არის, თუმცა პროფესიონალურად მუშაობს და სწორედ ამას ვითხოვ. ასეთ ვითარებაში უნდა აჩვენო, რომ მზად ხარ და ის ამას აკეთებს”.

ბალდე შექმნილი ვითარებით გულდაწყვეტილია. მას სურდა, ფლიკს პირადად და პირდაპირ აეხსნა თავისი გადაწყვეტილება, როგორც ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარკ კასადოსა და ექტორ ფორტის შემთხვევაში მოხდა. მაშინ მწვრთნელმა ორივე ფეხბურთელს უთხრა, რომ სათამაშო დროს ვერ მიიღებდნენ.

კასადო და ფორტი იმ დროს რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად იმყოფებოდნენ, მათ შორის ბალდესთანაც, თუმცა მწვრთნელს მისთვის არაფერი უთქვამს. ფეხბურთელის გარემოცვის ინფორმაციით, თავისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი მხოლოდ ფლიკის პრესკონფერენციებიდან შეიტყო.

კანსელუ – კონკურენტიდან მთავარ მხარდამჭერად

თავდაპირველად ბალდესთვის რთული გასაგები იყო, რატომ დაიმატა “ბარსელონამ” ჟოაუ კანსელუ, მით უმეტეს, რომ პორტუგალიელის ტრანსფერში მისი აგენტიც, ჟორჟე მენდეშიც მონაწილეობდა.

თუმცა დროთა განმავლობაში კანსელუ ბალდეს ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად იქცა. პორტუგალიელი თანაგუნდელს ამშვიდებს, რჩევებს აძლევს და მოუწოდებს, ბრძოლა გააგრძელოს. ყოფილა შემთხვევაც, როდესაც კანსელუმ ბალდე უშუალოდ მწვრთნელის წინაშე დაიცვა.

კანსელუ ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვინც ბალდეს გამო ფლიკს დაელაპარაკა. გუნდის კიდევ ერთმა გავლენიანმა მოთამაშემ, რომელსაც გერმანელ სპეციალისტთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს, ერთ-ერთი სავარჯიშო მატჩის დროს მწვრთნელის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც ფლიკმა მას და ბალდეს პოზიციები გაუცვალა.

ბალდეს, რომელიც “ბარსელონაში” უკვე მე-16 სეზონს ატარებს და კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს, ვერ გაეგო, როგორ უნდა დაემტკიცებინა მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობები, თუ ვარჯიშზეც კი თავის ბუნებრივ პოზიციაზე არ თამაშობდა.

მანჩესტერ იუნაიტედი და პრემიერ ლიგის სხვა კლუბები სიტუაციას აკვირდებიან

ბოლო კვირების მოვლენებმა ბალდეს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში წასვლაზე ფიქრისკენ უბიძგა. გასულ ზაფხულს მისი მდგომარეობით მანჩესტერის ორივე კლუბი დაინტერესდა. ინფორმაცია მოიკითხა “ბაიერნმაც”, რომელმაც საბოლოოდ ნათანიელ ბრაუნი დაიმატა.

პრემიერ ლიგაში ბალდეს კვლავ კარგი რეპუტაცია აქვს და მის შესაძლო მომავალ კლუბებს შორის “მანჩესტერ იუნაიტედიც” სახელდება. თავად ფეხბურთელსაც იზიდავს ინგლისში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა.

თუ ვითარება არ შეიცვლება, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, ბალდე შემოთავაზებების განხილვას დაიწყებს. მას არ სურს, თავისი მეგობრის, ანსუ ფატის გამოცდილება გაიმეოროს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში “ბარსელონაში” დარჩა, თუმცა სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღო.

ბალდეს კიდევ ერთი სეზონის თითქმის უთამაშებლად გატარება არ სურს და რონალდ არაუხოს შემთხვევის მსგავსი გამოსავალიც მისაღებად მიაჩნია.

მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ “ბარსელონა” ფეხბურთელების იჯარით გაშვებას მარტივად არ თანხმდება. ამასთან, კლუბს იანვარში დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ფინანსური რესურსები სჭირდება. შესაბამისად, თუ ბალდე წავა, შესაძლოა, ეს არა იჯარით, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერით მოხდეს.

პრემიერ ლიგის კლუბებს ასეთი გარიგების განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. მათ შორისაა “მანჩესტერ იუნაიტედიც”, რომელიც ბალდეს ერთ-ერთ შესაძლო მომავალ კლუბად განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • MushvaN
    MushvaN გულშემატკივარი
    schedule 02 ნოე 2026, 14:35

    ვფიქრობ ბალდე,კუნდე,დე იონგი და გავიც უნდა გაყიდონ
    მოსაყვანია წესიერი განაპირა მცველები ორივე ფლანგის,1 მაღალი დონის ცენტრალური მცველი და ერთიც ვინმე როტაციისთვის
    ანუ უნდა იყოს უსიტყვოდ პირველი სასტავი დაცვაში
    და მერე მეორე სასტავი ისეთი,ლა ლიგაში უბრალო გუნდებთან რომ გაქაჩავენ
    რატო ფიქრობს ხალხი რომ ამ დაცვით,ვინგერით და ფორვარდებით ლიგას მოიგებს ბარსა ვერ ვხვდები

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 02 ნოე 2026, 14:59

      დე იონგი არ უნდა გაყიდონ ბურთის დრიბლინგით ამოტანაში საუკეთესოა, როდრი დაცვაში თამაშით ჯობია.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 ნოე 2026, 13:32

    მოძებნონ წინასწარ ვიღაცა, მიიღონ გარანტიები და შეიძლება გაყიდონ კიდეც.