27 წლის პედრო პოროს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე აკავშირებს. ესპანელმა მარჯვენა მცველმა ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა და მის ბოლომდე შესრულებას აპირებს, თუმცა ფეხბურთში ტრანსფერების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
პოროს არაერთხელ განუცხადებია, რომ მომავალში ესპანეთში დაბრუნება სურს. პრემიერ ლიგაში მიღებული დიდი გამოცდილებისა და ესპანური ფეხბურთის კარგად ცოდნის გათვალისწინებით, ის საინტერესო ვარიანტია როგორც “ბარსელონასთვის”, ისე “რეალ მადრიდისთვის”.
როგორც Mundo Deportivo წერს, ფეხბურთელმა საკუთარი მომავლის შესახებ რადიო Cadena SER-ის გადაცემაში “El Larguero” ისაუბრა.
როდესაც გადაცემის წამყვანმა მანუ კარენიომ ჰკითხა, რომელ გუნდს უფრო მოუხდებოდა მისი სათამაშო სტილი, “ბარსელონას” თუ “რეალ მადრიდს”, პორომ კონკრეტული არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
“ჩემი კლუბის მიმართ უსამართლო იქნებოდა ამ საკითხზე საუბარი, რადგან მასთან კონტრაქტი მაკავშირებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთში დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა.”
ჟურნალისტმა ფეხბურთელს კიდევ ერთხელ ჰკითხა, მისი სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე, რომელ გუნდს უფრო ადვილად შეეწყობოდა.
“ამაზე მსჯელობას სხვებს მივანდობ. შემიძლია, ერთი ან მეორე გითხრათ, მაგრამ საკუთარ თავს ისეთ ფეხბურთელად მივიჩნევ, რომელსაც ნებისმიერ გარემოსთან ადაპტაცია შეუძლია. პრემიერ ლიგას შევეწყვე, რაც სულაც არ არის მარტივი. ვფიქრობ, ყველგან შემიძლია ადაპტირება.”
პორომ ასევე განმარტა, რამდენად რეალურია მის მიმართ “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” ინტერესი.
“ინტერესი არსებობს, ჩემი მდგომარეობის შესახებ კითხულობენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ჩემი შეძენა სურს. ეს რეალური ინტერესი არ არის. გარდა ამისა, არც თავად მინდოდა ამაზე საუბრის მოსმენა.”
ამრიგად, პედრო პორო ესპანეთში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე მისი “ბარსელონაში” გადმოსვლის შესახებ კონკრეტული მოლაპარაკებები არ არსებობს.




სამაგიეროდ აყლაყუდა არაუხოს და სხვა ცენტრალურ მცველებს ხო არბენინებენ ფლანგებზე, ეს რა მახინჯობა მოიგონდა გვარდიოლამ 😂