“ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლა ლიგის მომდევნო მატჩში, რომელსაც 31 ოქტომბერს, “ალავესის” წინააღმდეგ გამართავს, გულშემატკივართა აქტიური ტრიბუნა, Gol 1957, დახურული იქნება.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კატალონიის პოლიციამ (Mossos d’Esquadra) კლასიკოში ედუარდო კამავინგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი გულშემატკივრის ვინაობა დაადგინა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჩივარი შეადგინა.
“რეალ მადრიდის” ფეხბურთელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება “სპოტიფაი კამპ ნოუს” უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებისა და კატალონიის პოლიციასა და “ბარსელონას” უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
“ბარსელონამ” გადაწყვიტა, ლა ლიგის მომდევნო მატჩისთვის შეაჩეროს Gol 1957-ის, იგივე გულშემატკივართა აქტიური ტრიბუნის, ფუნქციონირება.
გადაწყვეტილება უკავშირდება კლუბისა და მისი ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ სპორტულ ღირებულებებთან შეუსაბამო ქმედებების გამო არაერთი დისციპლინური საქმის აღძვრას. მსგავსი ქცევა კლუბს ფინანსური სანქციებისა და სტადიონის დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს, ამასთანავე აზიანებს მის რეპუტაციას.
კლუბი Gol 1957-ში შემავალი გულშემატკივართა ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა შექმნილი ვითარება განიხილოს და შეთანხმდეს აუცილებელ ვალდებულებებზე. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ გულშემატკივართა მხურვალე, მაგრამ პატივისცემაზე დაფუძნებული მხარდაჭერა, რომელიც გუნდს დაეხმარება და საფრთხეს არ შეუქმნის “ბარსელონას” ქონებასა და რეპუტაციას.
კლუბის სურვილია, Gol 1957-მა “ასტონ ვილასთან” მატჩში სრულფასოვნად განაახლოს ფუნქციონირება, იმ პირობით, რომ აღნიშნული დიალოგი ვითარების გამოსწორებისა და სექტორის გამართული მუშაობის გარანტიების შექმნის საშუალებას მოგვცემს. გულშემატკივართა მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის შენარჩუნებაც გვსურს. ეს მოითხოვს ყველასგან პასუხისმგებლობის აღებასა და საერთო ვალდებულებების შესრულებას “ბარსელონას” საკეთილდღეოდ.




forum კომენტარები (0)