workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ელ კლასიკოს წინ

ჰანსი ფლიკი ელ კლასიკოს წინ

calendar_month მატჩის დრო: 25 ოქტომბერი, 23:55

კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ცენტრალური დაპირისპირების წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელმა დამრიგებელმა ლაზარეთში არსებული ვითარება მიმოიხილა, დაადასტურა ჟიულ კუნდეს დანაკლისი, შეაფასა მეტოქის სიძლიერე და ხაზი გაუსვა, რომ გუნდი მთელ კონცენტრაციას საკუთარ თამაშზე აკეთებს.

პრესკონფერენციის დაწყებამდე ცნობილი გახდა მატჩის არბიტრის ვინაობაც: შეხვედრას ვალენსიელი რეფერი ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის, რომლისთვისაც ეს მეხუთე ელ კლასიკო იქნება (წინა ოთხი მატჩიდან სამი მადრიდელებმა მოიგეს, ერთი კი კატალონიელებმა), ხოლო VAR-ზე ხავიერ იგლესიას ვილიანუევა იმუშავებს.

ელ კლასიკოს სიდიადე და მეტოქის შეფასება

ფლიკმა ხაზი გაუსვა, რომ ელ კლასიკო ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩის ჩარჩოებს სცდება:

“ელ კლასიკო სრულიად განსხვავებულია, ეს საუკეთესო მატჩია, რისი შეთავაზებაც ჩვენს სპორტს შეუძლია. მას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს. ეს დაუჯერებელი მოვლენაა. მართალია, მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეგიძლია, მაგრამ ეს გაცილებით მეტია. ამის ნაწილი იყო, ფანტასტიკურია და თამაშს მოუთმენლად ველოდებით. ჩვენ მზად ვართ და გუნდის გვჯერა”.

რაც შეეხება მეტოქეს, გერმანელი სპეციალისტი მათგან მაქსიმალურ წინააღმდეგობას ელის:

“დიდი თავდაჯერებულობით აღსავსე გუნდს ველოდები. “რეალ მადრიდი” დიდი კლუბია, ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი. შეტევის დასკვნით ფაზაში უმაღლესი ხარისხის მოთამაშეები ჰყავთ, რაც ბოლო შეხვედრებში დაამტკიცეს კიდეც. ფრთხილად უნდა ვიყოთ და მზადყოფნა შევინარჩუნოთ”.

საკადრო პრობლემები: კუნდე და დანი ოლმო

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ჟიულ კუნდემ კოჭის ტრავმის გამო კვლავ ინდივიდუალურად ივარჯიშა, რის გამოც ფლიკმა ფრანგი მცველის თამაში საბოლოოდ გამორიცხა:

“კუნდე თამაშგარეა. რისკზე წასვლა საერთოდ არ გვინდა. საუკეთესო მომენტი არ არის, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ. რაც შეეხება დანის, ის შესანიშნავ ფორმაში იყო, ასი პროცენტით მზად. უიღბლობა იყო, როგორც მიიღო ეს ტრავმა. ის უკმაყოფილოა, რადგან რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ამ პოზიციაზე ფერმინი გვყავს… დანი ძალიან დაგვაკლდება”.

მბაპეს განეიტრალება, დაცვის ხაზი და სტანდარტები

კილიან მბაპეს წინააღმდეგ თამაშზე და დაცვის მაღალ ხაზზე საუბრისას ფლიკმა დისციპლინას გაუსვა ხაზი:

“ჩვენთვის მთავარი სწორი პოზიციური თამაშია, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. ხაზებს შორის კარგი დისტანცია უნდა შევინარჩუნოთ და კომპაქტურები ვიყოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაცვის მაღალი ხაზით თამაშობ. კუბარსის და ჟერარს შესანიშნავი სეზონი აქვთ, ისინი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ და ერთად იზრდებიან”.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტანდარტულ მდგომარეობებსაც, რაც პსჟ-სთან სუსტ წერტილად გამოჩნდა:

“რეალ მადრიდი” ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ამაზე ვისაუბრეთ და ვარჯიშებზეც დავამუშავეთ. დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, ხვალ ამას მოედანზე დავამტკიცებთ”.

პარიზში განცდილ 2-4 მარცხზე საუბრისას კი დაამატა:

“ფეხბურთელებს ვესაუბრეთ და მატჩი გავაანალიზეთ. ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ, თუმცა არის სიტუაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ეს კარგი შესაძლებლობაა ზრდისა და საკუთარი თავისთვის გამოწვევის მისაღებად”.

როდრის ფაქტორი და ჩავი ესპარტის პროგრესი

ფლიკმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა როდრის თამაშისა და ახალგაზრდა ჩავი ესპარტის მიმართ:

“ჩვენ ყოველთვის საკუთარ თამაშსა და იმ გავლენას ვუყურებთ, რაც მას “ბარსელონაში” აქვს. როდესაც მისი შეძენის შანსი გაჩნდა, ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ის გუნდს გააუმჯობესებდა. ის იყო საჭირო ფიგურა შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად და ეს პირველივე შეხვედრებში დავინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ის აქ არის. პედრისთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში უდიდესი ხარისხი იქმნება”.

ახალგაზრდა მცველზე საუბრისას კი აღნიშნა:

“ვიცით, როგორია პროფესიონალური ფეხბურთი – აქ ყველაფერს თამაშის ხარისხი და შედეგი განსაზღვრავს. მან ძალიან კარგად იასპარეზა, დაუჯერებელი იყო. მას განვითარების დიდი სივრცე და უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ მომენტისთვის ის ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს”.

პატივისცემა მოურინიოსადმი და უარი მსაჯების პოლემიკაზე

ჰანსი ფლიკმა მეტოქის მთავარი მწვრთნელის მიმართ პატივისცემა გამოხატა და იოახიმ ლიოვის ასისტენტობის პერიოდში მადრიდში მათი შეხვედრა გაიხსენა:

“მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. როდესაც ამდენი წელია წვრთნი და უამრავ წარმატებას აღწევ, ეს შენი ტალანტის ნათელი დასტურია. როდესაც იოახიმ ლიოვის ასისტენტი ვიყავი, მას მადრიდში პირადად შევხვდი. ყველა ფეხბურთელი, ვინც მის ხელმძღვანელობით თამაშობდა, მის შესახებ უდიდესი პატივისცემით საუბრობს. ის ჩემი კოლეგა და ძალიან წარმატებული მწვრთნელია”.

ხოლო მადრიდელთა მხრიდან მსაჯებზე აპელირებასა და ფერმინ ლოპესის ბოლოდროინდელ განცხადებებზე დასმულ შეკითხვას ფლიკმა მოკლედ და დიპლომატიურად უპასუხა:

“მსაჯებს ვენდობი. ჩვენ ყველანი ამ თამაშის ნაწილი ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავიცვათ. მე ამას ასე ვუყურებ და ამ თემებზე საუბარი არ მსურს. მირჩევნია, ყურადღება მატჩზე გავამახვილო, სხვა საკითხები არ მაინტერესებს. არ მსურს ხმამაღალი სათაურების შექმნა, მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი