workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 0
ხეტაფე ლოგო

ხეტაფე

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გორდონი 2'sports_soccer ჟეზუსი 30'sports_soccer კუნდე 73'sports_soccer
ბარსელონა – ხეტაფე | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა – ხეტაფე | მატჩისწინა მიმოხილვა

calendar_month მატჩის დრო: 10 ოქტომბერი, 20:30

“ბარსელონა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგაში ასპროცენტიანი შედეგის შენარჩუნებას ეცდება. კატალონიელები შინ “ხეტაფეს” დაუპირისპირდებიან, თუმცა ჰანსი ფლიკს ტრავმირებული რაფინიას გარეშე მოუწევს თამაში.

ზოგადი სიტუაცია

“ბარსელონა” 20-დღიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. კატალონიელები შესანიშნავ სეზონს ატარებენ და ლა ლიგის რვა ტურში რვა გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ჰანსი ფლიკის გუნდს შვიდიდან შვიდი თამაში აქვს მოგებული, 21 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან “ატლეტიკოს” 5 ქულით უსწრებს. “რეალ მადრიდთან” უპირატესობა 6 ქულაა.

“ხეტაფე” გაცილებით მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს. ხოსე ბორდალასის გუნდმა შვიდ ტურში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზეა. მადრიდელებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

გუნდებს შორის განსხვავება შეტევაში განსაკუთრებით თვალშისაცემია: “ბარსელონას” 31 გოლი აქვს გატანილი, “ხეტაფეს” კი მხოლოდ 4. ამასთან, კატალონიელებმა 7 გოლი გაუშვეს, მადრიდელებმა კი ზუსტად ამდენივე.

ხვალინდელი შეხვედრით “ბარსელონა” რთულ მონაკვეთს დაიწყებს. მომდევნო ათ დღეში კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაისთან”, ლა ლიგაში “ბეტისთან” და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან სტუმრად თამაში ელით. ამიტომ ფლიკისთვის მხოლოდ გამარჯვება კი არა, ფეხბურთელების ძალების სწორად გადანაწილებაც მნიშვნელოვანია.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია. კატალონიელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული რვავე ოფიციალური მატჩი მოიგეს, აქედან შვიდი ლა ლიგაში და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შეტევა. მხოლოდ შვიდ საჩემპიონატო შეხვედრაში 31 გოლი საშუალოდ 4.43 გოლს ნიშნავს.

ბოლო ხუთ საჩემპიონატო მატჩში “ბარსელონას” შედეგები ასეთია:

  • ბარსელონა 5-2 რაიო
  • ლევანტე 2-4 ბარსელონა
  • ვალენსია 0-5 ბარსელონა
  • ბარსელონა 7-2 რასინგი
  • სევილია 1-3 ბარსელონა

განსაკუთრებით გამოსარჩევია რაფინიას შედეგიანობა: ბრაზილიელმა სექტემბრის ოთხ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ხეტაფე” გაცილებით არასტაბილურია. მადრიდულმა გუნდმა ბოლო ხუთ საჩემპიონატო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, თუმცა ეს გამარჯვება უშუალოდ სანაკრებო პაუზამდე, “მალაგასთან” 1-0 მატჩში მოიპოვა.

ბორდალასის გუნდს შეტევაში აშკარა პრობლემები აქვს. შვიდ ტურში გატანილი ოთხი გოლი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამ ოთხიდან სამი ენეს უნალის ანგარიშზეა.

მეორე მხრივ, “ხეტაფეს” დაცვა შედარებით საიმედოა. მადრიდელები ბევრად ნაკლებ გოლს უშვებენ, ვიდრე სატურნირო ცხრილში მათი პოზიციის მიხედვით შეიძლებოდა გვევარაუდა.

ამგვარად, ერთმანეთს უპირისპირდებიან ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი შეტევა და გუნდი, რომელიც გოლების გატანას ძალიან იშვიათად ახერხებს.

დანაკლისი

სანაკრებო პაუზამ “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელის დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, თუმცა გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება მატჩს.

რაფინია დღეს ვერ ითამაშებს. ბრაზილიელი ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის შეშუპებას უჩივის. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შემოწმებით სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა, ფლიკმა მისი დასვენება გადაწყვიტა. რაფინია ვერც 13 ოქტომბერს “გალათასარაისთან” ითამაშებს.

ანდრეას კრისტენსენი კვლავ ტრავმირებულია. დანიელმა მცველმა “სევილიასთან” შეხვედრაში მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიზიანა და აღდგენისთვის კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება.

რუნი ბარდჯი მძიმე ტრავმის გამო დიდი ხნითაა გამოკლებული. შვედ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესის დაზიანება აქვს და მისი დაბრუნება 2027 წლის თებერვლამდე მოსალოდნელი არაა.

ფრენკი დე იონგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ტკივილიც აღარ აწუხებს, თუმცა ფლიკის განცხადებით, მისი დაბრუნება სავარაუდოდ “ბეტისთან” მატჩში იგეგმება.

სამაგიეროდ, ჟოან გარსია მომჯობინდა. ესპანელმა მეკარემ მუხლის პრობლემის გამო “სევილიასთან” შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობს და, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.

სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება ერიკ გარსიაც, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შეკრება მუხლის დისკომფორტის გამო ნაადრევად დატოვა.

დანაკლისი “ხეტაფესაც” აქვს.

  • კრისტანტუს უჩე – მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
  • ხუანმი – ტრავმირებულია და მატჩს გამოტოვებს.
  • კიკო ფემენია – ბარძაყის უკანა კუნთის პრობლემა, მონაწილეობა საეჭვოა.
  • აბდელკაბირ აბკარი – კუნთის დაზიანება, მონაწილეობა საეჭვოა.

რაც შეეხება მარტინ სატრიანოს, ურუგვაელი ფეხბურთელი ნაკრებიდან დისკომფორტით დაბრუნდა, მაგრამ უკვე ვარჯიშობს და ბორდალასი მის თამაშს არ გამორიცხავს.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ “ხეტაფეს” მარიო მარტინი უბრუნდება.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ერთმანეთის წინააღმდეგ 46 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. კატალონიელთა უპირატესობა ძალიან დიდია: 32 მოგება, 10 ფრე, 4 მარცხი.

გატანილი გოლების თანაფარდობა 98-31-ია “ბარსელონას” სასარგებლოდ.

ლა ლიგაში გუნდები ერთმანეთს 42-ჯერ შეხვდნენ. აქედან 29 თამაში “ბარსელონამ” მოიგო, 10 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 3-ში იმარჯვა “ხეტაფემ”.

ბარსელონაში გამართულ შეხვედრებში კატალონიელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია: ყველა ტურნირზე ჩატარებული 23 მატჩიდან 19 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. “ხეტაფეს” ბარსელონაში არასდროს მოუგია. მხოლოდ ლა ლიგაში ჩატარებულ 21 საშინაო შეხვედრაში “ბარსელონას” 17 მოგება და 4 ფრე აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ “ხეტაფეს” “ბარსელონასთან” ბოლო გამარჯვება 2020 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე 1-0 მოიგეს. მას შემდეგ კატალონიელები 11 შეხვედრაში არ დამარცხებულან.

ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრა:

  • 25.04.2026 – ხეტაფე 0-2 ბარსელონა
  • 21.09.2025 – ბარსელონა 3-0 ხეტაფე
  • 18.01.2025 – ხეტაფე 1-1 ბარსელონა
  • 25.09.2024 – ბარსელონა 1-0 ხეტაფე
  • 24.02.2024 – ბარსელონა 4-0 ხეტაფე

ბოლო წლებში საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა: “ხეტაფე” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” ხშირად ართმევს ქულებს, სტუმრად კი თითქმის ყოველთვის მარცხდება. კატალონიელებმა მადრიდულ გუნდთან ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან ექვსი მოიგეს (ბოლო ოთხი მშრალად მოიგეს) და ერთი ფრედ დაასრულეს.

მსაჯი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ხვალინდელი შეხვედრის მთავარ მსაჯად 42 წლის ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. VAR-ის მთავარი მსაჯი დანიელ ტრუხილიო იქნება.

ხილ მანსანო ლა ლიგაში 2012 წლიდან მუშაობს, 2014 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია და უეფას ელიტურ ჯგუფში შედის.

ხილ მანსანოს ესპანეთის პირველ, მეორე და ქვედა დივიზიონებში ჩატარებულ 387 მატჩში შემდეგი სტატისტიკა აქვს:

  • საშუალოდ 5.66 ყვითელი ბარათი;
  • საშუალოდ 0.35 გაძევება;
  • მასპინძლების გამარჯვება – 47.0%;
  • სტუმრების გამარჯვება – 27.6%;
  • ფრე – 25.3%.

მხოლოდ ლა ლიგაში ჩატარებულ 276 შეხვედრაში მისი მაჩვენებლები ოდნავ განსხვავებულია: საშუალოდ 5.39 ყვითელი ბარათი და 0.27 გაძევება. ამ მატჩების 45.7% მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, 29.0% სტუმრების მოგებით, ხოლო 25.4% ფრედ.

ხილ მანსანოს “ბარსელონას” მატჩში 45-ჯერ უმსაჯია. კატალონიელთა შედეგები ასეთია:

მაჩვენებელიბარსელონახეტაფე
მატჩი4519
მოგება285
ფრე83
წაგება911
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი85
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი64

ხილ მანსანოს მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში “ბარსელონა” მიმდინარე წლის 18 იანვარს “რეალ სოსიედადთან” 1-2 დამარცხდა. კატალონიელთა ბოლო საშინაო მატჩი კი, რომელშიც ამ მსაჯმა იმსაჯა, 2025 წლის ოქტომბერში “ჟირონასთან” 2-1 გამარჯვება იყო. სწორედ ამ შეხვედრაში გააძევა მან ჰანსი ფლიკი.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ხილ მანსანოს “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ორი ურთიერთშეხვედრა განუსჯია და ორივე შემთხვევაში კატალონიელებმა სტუმრად 2-0 მოიგეს:

  • 16.01.2014, ესპანეთის თასი: ხეტაფე 0-2 ბარსელონა
  • 28.09.2019, ლა ლიგა: ხეტაფე 0-2 ბარსელონა

მწვრთნელები მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი

“მომდევნო მატჩი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ახლა ეს “ხეტაფესთან” შეხვედრაა. რთული მეტოქე გვეყოლება. ვიცით, როგორ თამაშობენ და მათ წინააღმდეგ თამაში, როგორც წესი, რთულია.”

რაფინიას მდგომარეობაზე:

“გამოკვლევებმა რაღაც აჩვენა. ეს ტრავმა არაა, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. გასულ წელს მას სამი ტრავმა ჰქონდა და უნდა გავუფრთხილდეთ. ხვალ და “გალათასარაისთან” ვერ ითამაშებს.”

გაბრიელ ჟეზუსის ძირითად შემადგენლობაში დაყენებაზე:

“სწორედ ესაა იდეა. ის მოსვლის შემდეგ ძალიან განვითარდა, საჯარიმოში ძლიერია და ბოლო კვირებში ბევრს ვარჯიშობდა. რაც ვნახე, ძალიან მომეწონა და მზადაა სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ.”

ლამინ იამალზე:

“ის, რასაც ესპანეთის ნაკრებში და ჩვენთან პირველი რვა მატჩის განმავლობაში ვხედავ, წარმოუდგენელია. ლამინი ახალგაზრდაა, უყვარს ფეხბურთი და თავდაჯერება და დამოკიდებულება საოცარი აქვს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, თუ უკვე არაა.”

ჟოან გარსიაზე:

“ლივაკოვიჩიც ვარიანტია და შჩესნიც, მაგრამ იმის მიხედვით, რაც დღეს ვნახეთ, ჟოანი ძალიან კარგადაა და ვფიქრობ, ძირითად შემადგენლობაში თამაშს შეძლებს.”

ხოსე ბორდალასი

“ბარსელონა” ჩემპიონატის და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და გუნდებიც ადაპტირდნენ. “ბარსელონას” ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც უდიდეს სამუშაოს ასრულებენ და ბურთის დაკარგვის შემდეგ ისე აქტიურდებიან, როგორც არავინ.”

“ძალიან მომწონს მათი თამაში ბურთით, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მომწონს ის, რასაც უბურთოდ აკეთებენ. ჩემი აზრით, ამჟამად ლა ლიგაში უბურთოდ მოთამაშე საუკეთესო გუნდიც “ბარსელონაა”.

რაფინიას არყოფნაზე:

“რაფინია წარმოუდგენელ ფორმაშია, თუმცა მისი არყოფნა მათთვის პრობლემა არ იქნება. “ბარსელონას” ბევრი ალტერნატივა აქვს.”

ლამინ იამალზე:

“ის ძალიან ახალგაზრდაა და უზარმაზარი პოტენციალი და მომავალი აქვს. ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან დღეს სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც არიან. თუმცა მისი ნიჭის გათვალისწინებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან შორს წავა.”

იმაზე, რა უნდა გააკეთოს “ხეტაფემ” წარმატების მისაღწევად:

“უხეში შეცდომები არ უნდა დავუშვათ. აუცილებელია სიმშვიდე მათი პრესინგიდან გამოსვლისას და თამაშის სწორი წაკითხვა. ამ სეზონშიც დავინახეთ, რომ თუ “ბარსელონასთან” შეცდომას დაუშვებ, ძალიან ძვირად გადაიხდი.”

ბორდალასმა ასევე აღნიშნა, რომ მის გუნდს სეზონის დასაწყისში გაძევებებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ფეხბურთელებისგან განსაკუთრებულ დისციპლინას მოითხოვს.

სავარაუდო შემადგენლობები

კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობის განსაზღვრა ამჯერად მარტივი არაა. მთავარი საკითხია, ვინ შეცვლის რაფინიას და რამდენად ბევრ მოთამაშეს დაასვენებს ფლიკი სანაკრებო შეხვედრების შემდეგ.

ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ ბრაზილიელის არყოფნაში ცენტრფორვარდად გაბრიელ ჟეზუსი ითამაშებს. მარცხენა ფლანგზე არჩევანი ენტონი გორდონსა და კარიმ ადეიემის შორის გაკეთდება.

AS

ბარსელონა (4-3-3): ლივაკოვიჩი – ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინი, კანსელუ – როდრი, პედრი, ფერმინი – იამალი, გაბრიელ ჟეზუსი, გორდონი.

ხეტაფე (4-5-1): სორია – ანდრეს გარსია, ჯენე, საიდ რომერო, მოხიკა – მანგალა, გუდელი, ტერატსი, ფრანჩო, ივან ასონი – ენეს უნალი.

Mundo Deportivo

ამ გამოცემის ინფორმაციით, ძირითადი შემადგენლობისთვის მზადაა ჟოან გარსია. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს შორის კონკურენციაა, მარცხნივ კი კანსელუ და ესპარტი განიხილებიან.

შესაძლებელია პედრისა და როდრის დასვენებაც, რომელთა ნაცვლად გავისა და მარკ ბერნალის გამოყენება განიხილება. შეტევაში კი რაფინიას შემცვლელის გარდა ფლიკმა უნდა გადაწყვიტოს, ფერმინი ითამაშებს თუ დანი ოლმო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 10 ოქტ 2026, 13:50
    #1

    ძალიან უხეში გუნდია, ყველაფერს კადრულობენ, ყველანაირად ცდილობენ თამაში გააფუჭონ, მეტოქეს წვრილმანი უხეშობით ნერვები მოუშალონ მოკლედ რასაც ჰქვია თამაში მოკლან. იმასაც ვფიქრობ მშვენივრად დასვენებულებმა ჩვენი ნაკრებებით გადაღლილი ფეხბურთელები არ დაგვიტრამვონ.