“რეალ მადრიდი” “ბარსელონას” ხელში უბრალო სათამაშო იყო – მნიშვნელობა არ აქვს, ამას როდის წაიკითხავთ, ეს ყოველთვის ასეა. მადრიდელები ზაფხულში კარგად გაძლიერდნენ, თამაშს დიდი იმედებითა და დედაქალაქიდან გავრცელებული იმ რიტორიკით შეხვდნენ, რომ თითქოს სხვაობა შემცირდა (ფრაზა “ყოველ ჯერზე უფრო ახლოს ვართ” უკვე მოსაწყენიც კია), მაგრამ მოედანზე ყველაფერი ძველებურად დარჩა.
“ბარსამ” მადრიდელები 7-0 გაანადგურა. ის, რაც ბარსელონაში ხდება, მადრიდში უბრალოდ წარმოუდგენელია: პირველი, იმიტომ, რომ დედაქალაქური კლუბი ქალთა გუნდისთვის “ბერნაბეუს” არ ხსნის და არც აპირებს; მეორე, “ბარსას” ქალთა გუნდის მხარდამჭერი სოციალური ბაზა წლებით უსწრებს მადრიდელთა მცირერიცხოვან აუდიტორიას; და მესამე, რაც მთავარია, მოედანზე კატალონიელთა უპირატესობა კვლავ აბსოლუტურია.
სხვაგვარად რთულია იმის ახსნა, რომ მატჩში, სადაც თეორიულად ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი უნდა დაპირისპირებოდა ერთმანეთს, ყველაფერი ოთხ წუთში გადაწყდა. ზუსტად ამდენ ხანს გაუძლო “რეალ მადრიდმა” “ბარსელონას” და ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა კლაუდია პინას თავისი ისტორიული ფესტივალის დასაწყებად.
თუ მოედანზე ვინმე მადრიდელების წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით გადის, ეს სწორედ კლაუდია პინაა. ამ დამატებითმა მუხტმა აიძულა იგი, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთისთვის ებრძოლა, ერთბაშად სამ მცველს გასცლოდა და დიაგონალური დარტყმით ანგარიში გაეხსნა.
მე-15 წუთზე მეორე გოლიც შეიძლებოდა გასულიყო, თუმცა მთავარმა არბიტრმა პლანეს ტეროლმა მონიტორზე ეპიზოდის რამდენჯერმე გადამოწმების შემდეგ საჯარიმოში სიდნის წინააღმდეგ კარუზოს აშკარა დაქაჩვაზე პენალტი არ დანიშნა. თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს გადაწყვეტილება განადგურებას შეაჩერებდა, მხოლოდ კატალონიური ურჩხულის გაღიზიანება გამოიწვია.
ნახევარი საათის მიწურულს, პატრის შესანიშნავი პასისა და ევა პაიორის დარტყმის შემდეგ, პინამ მეკარის მოგერიებულს ბურთს დაამატა და დუბლი შეასრულა. სანამ “სპოტიფაი კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან წამოშლილი გულშემატკივრები კვლავ დასხდებოდნენ, მონკადელმა შემტევმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა: პატრისთან კედლის გათამაშება და ფრომსის კარის მარჯვენა ცხრიანში გასროლილი ბურთი.
“ბლაუგრანას” საგოლე მანქანა არ ჩერდებოდა. პინას მესამე გოლიდან სულ რაღაც ერთ წუთში მეოთხე ბურთი კეროლაინ გრემ ჰანსენმა შეაგდო: აიშამ ბურთი მოიპოვა, ნორვეგიელმა პაიორთან გაითამაშა, მარჯვენათი ცრუ მოძრაობის შემდეგ კი მარცხენით ზუსტად დაარტყა.
მათ, ვინც შესვენებაზე წასახემსებლად გასვლა იჩქარა, მეხუთე გოლი გამოტოვეს – ავტორი კვლავ პინა გახლდათ. “ბარსას” ფორვარდმა პაიორთან კიდევ ერთი კედელი გაითამაშა, ორთაბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და მადრიდელთა კარი კიდევ ერთხელ დალაშქრა.
გუნდის მებრძოლი სული შესვენების სასტვენისას თავად პინას სიტყვებშიც გამოჩნდა:
“არცერთი გოლი არ უნდა გავუშვათ!”
პერე რომეუს გუნდი მეორე ტაიმში ზუსტად ამ განწყობით გამოვიდა – მიუხედავად იმისა, რომ თამაში გადაწყვეტილი იყო, თავად კი კვირის შუაში რომში ჩატარებული ევროთასის შემდეგ დაღლილები იყვნენ.
ამ საგოლე დღესასწაულს ევა პაიორიც შეუერთდა. პოლონელმა, რომელსაც პირველ ტაიმშიც ჰქონდა შანსები, გუნდის კლასიკური კომბინაცია დააგვირგვინა: პატრის გრძელი პასი გრემს, ნორვეგიელის რეიდი და უნაკლო გადაცემა პაიორს, რომელმაც მეექვსე გოლი შეაგდო.
შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე როტაციის დროც დადგა: მოედანზე გოლების ავტორების, პინასა და გრემის ნაცვლად კეროლინი და ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი აიტანა ბონმატი გამოჩნდნენ, რომელსაც პუბლიკა დიდი ოვაციით შეხვდა. მოგვიანებით სათამაშო დრო მარტინამ, ხულიამ და როსალიამაც მიიღეს. მატჩის წერტილი კი სიდნი შერტენლაიბმა ულამაზესი გასროლით დასვა – საჯარიმოს გარედან ბურთი მან პირდაპირ ფრომსის ცხრიანში გაახვია.
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები კიდევ მინიმუმ ერთხელ შეხვდებიან და კვლავ დაიწყება საუბრები ძალთა შესაძლო გათანაბრებაზე, თუმცა რეალობა უცვლელია: როგორც კი “ბარსელონა” მადრიდულ გუნდს ხვდება, ყველა ილუზიას წამში აქარწყლებს. ურთიერთშეხვედრებში კატალონიელთა ანგარიშზე უკვე 28 მატჩიდან 27 მოგებაა, ბურთების შეფარდება კი გამაოგნებელი: 114 გატანილი და 13 გაშვებული. ბოლო შვიდ ელ კლასიკოში კი “ბარსას” ასპროცენტიანი შედეგი და 32-2 ბურთების ბალანსი აქვს.
ბარსელონა 7-0 რეალ მადრიდი
ბარსელონა: კატა კოლი; აიშა, პარედესი, ვან ასტენი (მარტინა, 69′), ბრუხტსი (ხულია, 79′); სერახორდი (როსალია, 79′), პატრი, სიდნი; გრემი (კეროლინი, 60′), პაიორი, პინა (აიტანა, 60′).
რეალ მადრიდი: ფრომსი; ევა ნავარო, ლაკრარი, ანდერსონი, სილვი; კარუზო (დორადო, 56′), სენსი (მენდესი, 74′), ხასინტო (დებრიცი, 65′); ათენეა (ანგელდალი, 56′), შრიოდერი (ბეერენსტეინი, 65′), კაისედო.
გოლები: 1-0 პინა (4′), 2-0 პინა (28′), 3-0 პინა (32′), 4-0 გრემი (33′), 5-0 პინა (45′), 6-0 პაიორი (55′), 7-0 სიდნი (88′)
სტადიონი: სპოტიფაი კამპ ნოუ (40 533 მაყურებელი)
არბიტრი: პლანეს ტეროლი
გაფრთხილებები: ევა ნავარო (19′), კარუზო (52′), კაისედო (91′)
ქალებმაც მიანეგრეირეს😂
ახლა პერესი კიდე 2 500 გვერდს დაამატებს “ნეგრეირას საქმეს” და ქალთა ფეხბურთზეც დაიჩივლებს, მსაჯები გვიშვებიანო