ლა ლიგის სექტემბრის თვის ინდივიდუალურ ჯილდოებზე ნომინანტთა ვინაობა ცნობილია – “ბარსელონა” ერთბაშად ოთხი კანდიდატითაა წარმოდგენილი: რაფინია, პაუ კუბარსი, ჟოაუ კანსელუ და მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი. ხმის მიცემა ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაწყებულია.
რაფინია – თვის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატი
როგორც მოსალოდნელი იყო, რაფინია სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) პრიზისთვის იბრძვის. ბრაზილიელმა შემტევმა ამ თვეში ჩემპიონატში შვიდი გოლი გაიტანა, რაც “რასინგ სანტანდერთან” და “სევილიასთან” ზედიზედ შესრულებულ ორ ჰეთ-თრიკს მოიცავს. რაფინია ამ ჯილდოს მოქმედი მფლობელია და სავსებით შესაძლებელია, ტიტული კვლავ შეინარჩუნოს.
კუბარსი – 23-წლამდელთა შორის
პაუ კუბარსი 23-წლამდელთა შორის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში მოხვდა. 19 წლის ცენტრალური მცველი ბრწყინვალე სათამაშო ფორმაშია და უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 2026/27 წლების სეზონის სტარტზე “ბარსელონა” დაუმარცხებელია. სექტემბერში ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან კუბარსიმ სამი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ჯამში 242 წუთი გაატარა.
კანსელუ – თვის საუკეთესო გოლი
ჟოაუ კანსელუ თვის საუკეთესო გოლის ავტორობის ნომინაციაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რასინგ სანტანდერის” კარში გატანილი ბურთით წარადგინეს. მერვე წუთზე პორტუგალიელმა განაპირა მცველმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ხულენ აგირესაბალას კარის ცხრიანი დალაშქრა. ეს ნამდვილი საფეხბურთო ხელოვნება იყო, რომელსაც სექტემბრის საუკეთესო გოლის წოდების მოპოვების რეალური შანსი აქვს.
ფლიკი – თვის საუკეთესო მწვრთნელი
თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილ კანდიდატებს შორისაა ჰანსი ფლიკიც. მიზეზის ახსნა მარტივია: მისი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია და შვიდი მატჩიდან შვიდივე მოგებით ასპროცენტიანი შედეგი აქვს. კატალონიელები საოცარ ფეხბურთს აჩვენებენ, სადაც გამანადგურებელი შემტევი ძალა გაბედულ და სანახაობრივ სათამაშო სტილთან იდეალურად არის შერწყმული.
forum კომენტარები (0)