ლა ლიგის მორიგ ტურში “სევილიასთან” გასვლითი შეხვედრის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა “რამონ სანჩეს-პისხუანზე” გასამართი მატჩის სირთულეებზე, რაფინიას ფენომენალურ როლზე, კარიმ ადეიემის პროგრესსა და კარის დაცვის საკითხზე ისაუბრა.
რაფინია – დაცვისა და პრესინგის მთავარი ინიციატორი
ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება გუნდის კაპიტანზე, რაფინიაზე გაამახვილა, რომელიც ცხრიანის პოზიციაზე გუნდის შეტევასა და დაცვას ერთნაირი წარმატებით წარმართავს:
“თუ ბოლო ორ სეზონს გადახედავთ, პრესინგს ყოველთვის რაფინიათი ვიწყებთ. მას აქვს წარმოუდგენელი ამბიცია, ინტენსივობა, მენტალიტეტი და დამოკიდებულება, რათა ზუსტად ის პრესინგი წამოიწყოს, რაც გვჭირდება. ის უმაღლეს დონეზეა – არა მხოლოდ გოლების გატანის, არამედ დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივაც.
დაცვასა და პრესინგს ყოველთვის ის იწყებს და ამაში ყველა ერთვება. ფეხბურთელები ამბობენ: ‘თუ ის მიდის, მეც მივდივარ’. მთავარია, რომ მთელი გუნდი ერთად მოქმედებდეს, საწყის ბიძგს კი ის აძლევს. როგორც კაპიტანი, ის წინ მიდის და ყველა მას მიჰყვება.”
მეკარის დილემა: შჩესნი თუ ლივაკოვიჩი?
ჟოან გარსიას არყოფნაში, რომელსაც მარჯვენა მუხლში არსებული მსუბუქი დისკომფორტის გამო დაასვენებენ, მთავარი კითხვა სასტარტო მეკარის ვინაობას ეხება:
“ჩვენ ყოველთვის ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ექიმებმა გვითხრეს, რა პრობლემაც აქვს ჟოანს – ეს არ არის სერიოზული დაზიანება, მაგრამ დასვენება სჭირდება, ამიტომ ამ მატჩში მისი დასვენება გადავწყვიტეთ.
რაც შეეხება ხვალინდელ მეკარეს, იცით, რომ შემადგენლობას წინასწარ არასდროს ვასახელებ, ასე რომ ხვალამდე მოცდა მოგიწევთ. ამ პოზიციაზე ხარისხის ქონა უმნიშვნელოვანესია. დომინიკის სახით უმაღლესი დონის კიპერი გვყავს. რაც შეეხება ტეკს (შჩესნის) – როდესაც წარსულს გადახედავთ, განსაკუთრებით პირველ სეზონში, როდესაც მასთან ერთად ლა ლიგა მოვიგეთ, ის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ის ფანტასტიკური და დიდი გამოცდილების მქონე მეკარეა.
მატჩის შემდეგაც ვთქვი, შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ტეკმა ეს იცის. მას ვესაუბრე. ბურთთან პირველივე შეხებისას ვიცოდი, რომ საფრთხეში იყო, იმედია ეს აღარ განმეორდება. მან იცის ჩვენი ფილოსოფია და ზუსტად ესმის, როგორ გვსურს თამაში. დომინიკი კი ახლახან შემოგვიერთდა და ჩვენს იდეასთან ადაპტაციის პროცესშია. მზადაა თუ არა ის სათამაშოდ? ეს ის საკითხია, რაზეც უნდა დავფიქრდეთ. ყოველთვის ვაანალიზებთ სიტუაციას და გადაწყვეტილებას გუნდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ.”
ადეიემი და დევისთან შედარება
ფლიკმა კიდევ ერთხელ შეაქო კარიმ ადეიემი, რომლის სისწრაფეც თავის ყოფილ შეგირდს შეადარა:
“ის ძალიან სწრაფია. ვფიქრობ, სისწრაფის მხრივ ალფონსო დევისს ჰგავს. ადეიემი შესანიშნავი ბიჭია, გასახდელში დიდი პატივისცემით სარგებლობს და გუნდს ძალიან მოსწონს. ასეთი თამაშით ადაპტაცია გაცილებით მარტივი ხდება. გერმანიაში მას კარგი პერიოდი არ ჰქონია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი გარემოს შეცვლა და სხვა ქვეყანაში გადასვლა იყო. მიხარია, რომ მან ჩვენ აგვირჩია. მის ხარისხს ვიცნობ, უბრალოდ მასზე ზრუნვა და ნდობის გამოცხადებაა საჭირო. მის შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, ოთხშაბათის მსგავს კიდევ ბევრ მატჩს ვიხილავთ.”
როტაცია და კუბარსის დაბრუნება
მწვრთნელმა დაადასტურა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება და ერთი სასტარტო მოთამაშე უკვე გაამხილა:
“ვნახავთ, რას გავაკეთებთ, მაგრამ ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება. ეს ნორმალურია და სათამაშო დროის სამართავად აუცილებელიცაა. რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ პაუ კუბარსი ითამაშებს. მისთვის ‘რასინგთან’ დასვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.”
გუნდში არსებულ ატმოსფეროსა და აღდგენით პროცესზე საუბრისას ფლიკმა დასძინა:
“ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. გუნდი უდიდეს პოზიტიურ ენერგიას გრძნობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გუნდს მაქსიმალური დონის მიღწევაში დავეხმაროთ. მოთამაშეებისგანაც იმავეს ვითხოვ: კარგად თამაში, სწორი ძილი და სათანადო აღდგენა. თუმცა გულწრფელი უნდა ვიყო – ამ პროცესით ბოლომდე კმაყოფილი ჯერ არ ვარ. საწყის ეტაპზე ვართ და ვითარებით ასი პროცენტით ბედნიერი არ გახლავართ. ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა და სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.”
რთული გასვლა სევილიაში
მადრიდულ დერბისა და გამარჯვებების სარეკორდო სერიაზე საუბრისას გერმანელმა აღნიშნა, რომ “ბარსელონა” მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოს კონცენტრირებული:
“ჩვენთვის მთავარია ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თავად. ხვალ გამარჯვება გვსურს და სევილიაში სწორედ ეს სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. გასულ სეზონთან შედარებით, როდესაც სევილიაში ვითამაშეთ, სრულიად განსხვავებულ დონეზე ვართ. თუმცა ყველა მატჩი 0-0-ზე იწყება. ‘სევილია’ საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია, ისინი ერთი-ერთზე თამაშობენ და მაღალ პრესინგს შემოგვთავაზებენ, ამიტომ გადამწყვეტი იქნება თავდაჯერებით თამაში და შეხვედრის გაკონტროლება.”
სანაკრებო პაუზის თემაზე კი მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელების წასვლა გარკვეულ სანერვიულოს ყოველთვის აჩენს, თუმცა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და დაბრუნების შემდეგ გუნდი სრულად “ხეტაფესთან” დაპირისპირებაზე გადაერთვება.
დარწმუნებული ვარ კარში ბიჩოკას დააყენებს.
იმედია არ დაგვღუპავს.
მეც ეგრე მგონია და მეშინია კიდევ რამე არ მოიგონოს, დაუმალოს ფლიკმა სიგარეტი და ვინმე დაუნიშნოს მეთვალყურედ.