სანტანდერის “რასინგთან” ლა ლიგის შეხვედრის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის მთავარი თემები ლამინ იამალის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, შემადგენლობის როტაცია, ალეხანდრო ბალდეს სათამაშო დრო და კატალონიელთა არენაზე 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა გახლდათ.
მხარდაჭერა ლამინ იამალს: რატომ არ უნდა ვაწარმოოთ კამპანია?
ჟოან ლაპორტასა და რაფა იუსტეს შემდეგ, 19 წლის შემტევის თამამ განცხადებებსა და “ოქროს ბურთზე” მის პრეტენზიას მხარი გერმანელმა სპეციალისტმაც დაუჭირა:
“რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? რატომ? ეს სრულიად ბუნებრივია – ის ჩვენი ფეხბურთელია და ჩვენს მოთამაშეს მხარს ვუჭერთ. კარგად ვთამაშობთ, ეს ჩვენი რეალობაა და სწორია, რომ ამას ვაკეთებთ. ყოველდღიურად, თითოეულ ვარჯიშზე ვხედავ მათ დონეს, იმას, თუ რას გვაძლევენ, და რა თქმა უნდა, ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე დავუდგები გვერდში.
ლამინი გულწრფელია, აქვს მაღალი თვითშეფასება და ამ სეზონის სტარტზე ნათლად აჩვენა, რამდენად ძლიერი და გამორჩეულია. პირადად მე ამ ფორმით განცხადებებს შესაძლოა არ ვამჯობინებდე, მაგრამ მან ეს გააკეთა, აქვს თავდაჯერება და სურს ‘ოქროს ბურთის’ მოგება – ეს ფეხბურთელისთვის ნორმალურია, რადგან მნიშვნელოვანი ჯილდოა. ის გულწრფელია, რადგან ამას გრძნობს, ჩვენ ამას ვიღებთ და მე მას მხარს ვუჭერ.
როდესაც ის მიიჩნევს, რომ იმსახურებს – რა თქმა უნდა, იმსახურებს! მან ჩვენთან ერთად ორი ტიტული მოიგო, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი. რატომაც არა? ის გამორჩეული მოთამაშეა. ვიცი, სიაში ბევრი ტოპ-ფეხბურთელია და გადაწყვეტილება მარტივი არ იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ, და როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ბედნიერი ვიქნები.”
მწვრთნელმა დეტალურად გააანალიზა ლამინის პროგრესიც, რომლის ანგარიშზეც საწყის შეხვედრებში უკვე 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა:
“ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია, რადგან უდიდესი ხარისხი გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, ის ფიზიკურად ძალიან მაღალ დონეზეა. ახლა მან იცის, რომ მარჯვნიდან თამაშისას გოლის გატანა შეუძლია, რასაც მატჩებშიც ხედავთ. როდესაც ბურთი მარცხენა ფლანგზეა, ის უფრო ცენტრისკენ იწევს და გატანის მეტი შანსი ეძლევა. მისი თავდაჯერება მომენტების რეალიზებისას შთამბეჭდავია. მას ყოველთვის შეუძლია გოლის გატანა – ყველა მატჩში, ნებისმიერ სიტუაციაში. ამას ვარჯიშებზეც ვხედავთ, ხოლო რასაც ვარჯიშებზე ხედავ, იცი, რომ თამაშშიც განმეორდება.
ყველას გვინდა, რომ მან ასე გააგრძელოს თამაში. როდესაც ხედავენ მის დრიბლინგს ერთი-ერთზე, ორის ან სამის წინააღმდეგ, სტადიონზე ყველა აღფრთოვანებული ყვირის. ეს არის ლამინი. მის გვერდით ვიქნები, რადგან ასეთი მოთამაშის ყოლა ფანტასტიკაა. არ მგონია, რომ ეს საკითხი გუნდს ყურადღებას უფანტავდეს – ჩვენ სრულად კონცენტრირებულები ვართ.”
ბალდეს უთამაშებლობა და ჩავი ესპარტის გაბრწყინება
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა ალეხანდრო ბალდეს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა და მარცხენა ფლანგზე ჩავი ესპარტის დამკვიდრება აღმოჩნდა:
“ამჟამად ხუთი განაპირა მცველი გვყავს. ორი მარჯვნივ, ორი მარცხნივ, ჟოაუ კანსელუს კი ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სეზონის დაწყებამდე არავინ ელოდა, რომ ჩავი ესპარტი ასეთ დონეზე ითამაშებდა. ამიტომაც, ბალდემ თავისი საუკეთესო ვერსია უნდა აჩვენოს და ის ამას აკეთებს კიდეც.
რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია მისთვის სასიხარულო არ არის, რაც ბუნებრივია: ის არ თამაშობს, წუთები არ აქვს, ბოლო ორ წელიწადში კი საკვანძო ფეხბურთელი იყო. თუმცა სეზონი როდესაც იწყება, რაღაცები იცვლება, ახალგაზრდები მოდიან, ბევრი რამ ხდება და ამას მართვა სჭირდება. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ და ეს ყველამ უნდა დაამტკიცოს.
უკმაყოფილო ვარ თუ არა მისით? არა. კმაყოფილი ვარ მისითაც და ყველა მოთამაშითაც. ეს მარტივი სიტუაცია არ არის, მაგრამ ყველა კარგად შრომობს. თითოეულ პოზიციაზე კონკურენციაა – გვყავს ორი ან სამი მოთამაშე, რომლებსაც კონკრეტულ ამპლუაში თამაში შეუძლიათ. ეს კარგია ჩემთვის, კლუბისთვის და გუნდისთვის, თუმცა ამ ყველაფრის მართვა ყველაზე რთული ნაწილია.”
ფლიკმა გავის შესახებაც ისაუბრა:
“ჩვენთვის თითოეული მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გვჭირდება. გავის უდიდესი ამბიცია აქვს და ყოველთვის თამაში სურს. მან ‘ელჩესთან’ სასტარტოში დაიწყო, ტრავმა მიიღო, შემდეგ დაბრუნდა… გუნდი კარგად თამაშობს და ეს უნდა მიიღოს, თუმცა წუთების გადანაწილება და მართვა აუცილებელია. არ ვიცით, რა მოხდება სეზონის ბოლოს, მაგრამ ყველა პოზიტიურად გვჭირდება. ის კარგად ვარჯიშობს და სწორედ ეს მინდა მისგან ვნახო.”
რასინგთან მატჩი, როტაცია და რეკორდები
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის სტარტზე ზედიზედ გამარჯვებების ისტორიული რეკორდის დამყარება (შვიდიდან შვიდი მოგება), გერმანელმა პრაგმატული პასუხი გასცა:
“არ ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც რეკორდების დამხობა და მსგავსი რაღაცები იტაცებს. ჩვენ უბრალოდ მატჩების მოგება გვინდა და სწორედ მომდევნო შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები. წინ მნიშვნელოვანი საშინაო მატჩია გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად ასპარეზობს. ფანტასტიკაა მათი ყურება – მამაცი გუნდია, მეორე ბურთებზე კარგად თამაშობენ და შეტევაში სიღრმე აქვთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვაჩვენოთ, რომ უკეთესები ვართ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის ძალა შეგვწევს.”
მან ასევე დაადასტურა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება:
“წუთების გადანაწილება აუცილებელია. დღეს აღდგენითი დღე გვქონდა და დატვირთვა დიდი არ ყოფილა. ხვალ გადავწყვეტთ, ვინ დაიწყებს ძირითადში და ვის მივცემთ მეტ ან ნაკლებ დროს. ყველას სურს თამაში და სასტარტოში ყოფნა, მაგრამ ამ პროცესს გონივრული მართვა სჭირდება.”
ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალი კამპ ნოუზე
უეფას გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2028/29 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს “სპოტიფაი კამპ ნოუ” უმასპინძლებს, ფლიკმა ღიმილით აღნიშნა:
“აქ მომავალმა პოლმა (პრესატაშემ) მითხრა ამის შესახებ. ეს შესანიშნავი სიახლეა კლუბისთვის და უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა იქნება.
ვიქნები თუ არა 2029 წლის ფინალში? იქ ასი პროცენტით ვიქნები – ან როგორც ‘ბარსელონას’ მწვრთნელი, ან როგორც კლუბის გულშემატკივარი. მწვრთნელის რანგში? ვნახოთ, წინასწარ ვერასდროს გაიგებ, რა მოხდება, ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მე მსიამოვნებს ‘ბარსას’ გაწვრთნა, ეს ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ მომავალს ვერავინ განჭვრეტს.”
სანაკრებო პაუზებთან დაკავშირებით კი მწვრთნელმა დასძინა, რომ კალენდრის შეცვლა მის ძალებს აღემატება, კლუბებისთვის ეს იდეალური ვითარება არ არის, თუმცა ეროვნულ გუნდებს მხარდაჭერა სჭირდებათ და არსებული რეალობა ყველამ უნდა მიიღოს.
ძალიან მაგარი მწვრთნელია! იცის რას აკეთებს!მინიმუმ 3-4 სეზონი უნდა იყოს.