ჰანსი ფლიკის ულტრაშემტევ “ბარსელონაში” გოლების გატანის ტვირთი ძირითადად ოთხ ფეხბურთელზე ნაწილდება: რაფინია (8 გოლი), ლამინ იამალი (7), ფერმინ ლოპესი (4) და კარიმ ადეიემი (3). ამ ოთხეულმა გუნდის მიერ გატანილი 26 გოლიდან 22 საკუთარ თავზე აიღო.
საშუალო მაჩვენებელი უბრალოდ კოსმოსურია – 4.3 გოლი მატჩში. ის, რომ რაფინია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაიბრწყინებდა, სასიამოვნო სიურპრიზი იყო; ისიც მოსალოდნელი გახლდათ, რომ ლამინ იამალი “მესინიზაციის” პროცესში სულ უფრო მეტ გოლს გაიტანდა; თუმცა ის, რომ ადეიემი ჩატარებულ წუთებთან მიმართებით ასეთ ფენომენალურ შედეგიანობას აჩვენებდა, მიმდინარე სეზონის სტარტის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო სიახლეა.
უნაკლო დარტყმები და მრავალფეროვანი არსენალი
გერმანელმა შემტევმა სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ ორივე შეხვედრაში – “ელჩესთან” და როტერდამის “ფეიენორდთან” – გამოიჩინა თავი, “ლევანტესთან” კი შეცვლაზე შესულმა მარადონასეული სოლო-რეიდით მატჩს წერტილი დაუსვა. ის ცაციაა, თუმცა მარჯვენათიც თავისუფლად გააქვს, რადგან მისთვის “სუსტი ფეხი” უბრალოდ არ არსებობს.
მისი გოლების კატალოგი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლია 20 მეტრიდან “ფეიენორდის” კარში გასროლილი ჭურვივით დაარტყას, ან სისწრაფის ხარჯზე მოედნის ცენტრიდან მთელ დაცვას გაექცეს, როგორც ეს ვალენსიაში გააკეთა. ბილბაოს “ატლეტიკთან” მისი “მორიელისებური დარტყმა” ბადეში რომ აღმოჩენილიყო, სეზონის საუკეთესო გოლისთვის პუშკაშის პრემიას ალბათ მაშინვე გაინაღდებდა.
კარიერული ნახტომი: 1 გოლი 4 მატჩში vs 1 გოლი 68 წუთში
ადეიემის, რომელსაც თავის კარიერაში საშუალოდ ოთხ შეხვედრაში ერთი გოლი გაჰქონდა, “ბარსელონაში” უკვე თითო გოლი ყოველ 68 წუთში ერიცხება. და ეს ყველაფერი პენალტების შესრულების გარეშე და ბილბაოს “ატლეტიკთან” ლამინ იამალის მიერ საჯარიმოში გაკეთებული იმ ორი საჩუქრის გამოუყენებლობის მიუხედავად.
უნაი სიმონის ის წარმოუდგენელი სეივები რომ არა, დღეს ადეიემი პიჩიჩის ტიტულისთვის იბრძოლებდა და ენტონი გორდონს სრულად დაჩრდილავდა – კიდევ ერთ სპრინტერს, რომელიც მოედანზე ბოლომდე იბრძვის, სამჯერ მეტი დაჯდა და რომელსაც უგოლო სერიის გამო უკვე ზედმეტი ნერვიულობა ეტყობა.
თუმცა სიმშვიდეა საჭირო: ფლიკის ამ გიჟურ “ბარსელონაში” გორდონის გოლებიც აუცილებლად მოვა.
forum კომენტარები (0)