workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია: ოქროს ბურთი იამალმა უნდა მოიგოს

ერიკ გარსია: ოქროს ბურთი იამალმა უნდა მოიგოს

bolt მოკლედ
ერიკ გარსიამ Cadena SER-ის ეთერში "ოქროს ბურთის" მთავარ ფავორიტად ლამინ იამალი დაასახელა და აღნიშნა, რომ პოდიუმი მთლიანად "ბარსელონას" ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. მცველმა ასევე ისაუბრა საკუთარ მრავალმხრივობაზე, ჰანსი ფლიკის მოთხოვნებსა და ჟოზე მოურინიოს "რეალ მადრიდზე".

“ბარსელონას” 25 წლის მცველმა ერიკ გარსიამ რადიოსადგურ Cadena SER-ის გადაცემა Què t’hi jugues!-ში ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 26 ოქტომბერს ლონდონში გასამართ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე საკუთარი რჩეულები დაასახელა. გარსიას აზრით, სამეული მთლიანად კატალონიური კლუბის ფეხბურთელებით უნდა შევსებულიყო, მთავარი პრიზი კი ლამინ იამალს ეკუთვნის.

“ჩემთვის პოდიუმი მთლიანად ბარსელონური უნდა ყოფილიყო. ‘ოქროს ბურთი’ ლამინმა უნდა მოიგოს. ის, რომ პედრი და რაფინია ოცდაათეულში არ არიან, უბრალოდ წარმოუდგენელია.

პაუ კუბარსი 30 ნომინანტს შორისაა, მაგრამ დანი ოლმო და ფერმინ ლოპესიც აუცილებლად იმსახურებდნენ ყოფნას. თუმცა საბოლოოდ მაინც მიმაჩნია, რომ ჯილდო ლამინს ეკუთვნის. ჩემი სამეული ასეთია: ლამინი, პედრი და რაფინია.”

მრავალმხრივი მცველი და ფლიკის ფაქტორი

ერიკ გარსია ჰანსი ფლიკის გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და სანდო ფიგურად ჩამოყალიბდა. გერმანელი სპეციალისტის როლზე საუბრისას მან აღნიშნა:

“პირველ წელს ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, მაგრამ ის მუდმივად მამხნევებდა და ნდობას მიცხადებდა. ‘ბენფიკასთან’ შეხვედრაში (2025 წლის 21 იანვარს) მოედანზე შევედი, გოლი გავიტანე, შემდეგ გუნდში ტრავმები იყო, კვლავ მივიღე შანსი და ამან წარმოუდგენელი თავდაჯერება შემძინა.”

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში გარსია ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველად გამოჩნდა, თუმცა მას ცენტრალურ მცველადაც და საყრდენ ნახევარმცველადაც თავისუფლად შეუძლია თამაში:

“მთელი კარიერა ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი, თუმცა ‘ჟირონაში’ იჯარით გატარებული წლის შემდეგ ფლანგზეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ეს მომწონს. მწვრთნელს ხუმრობით ისიც კი ვუთხარი, ერთ დღეს თავდამსხმელადაც გამომცადე-მეთქი.”

გუნდის ერთ-ერთმა კაპიტანმა სეზონის მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწყისი ექვსივე მატჩის მოგების შემდეგ გუნდი ყველა ტიტულისთვის საბრძოლველად მზადაა:

“ბოლო ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით, ყველაფერი უმცირესმა დეტალებმა გადაწყვიტა. ახლა სრულფასოვანი, უმაღლესი დონის შემადგენლობა გვყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი ამოცანა უნდა იყოს.”

ახალწვეულები, ვარჯიშის ინტენსივობა და ჟოზე მოურინიოს რეალ მადრიდი

მცველმა ახალწვეულების დონე და ჰანსი ფლიკის სავარჯიშო პროცესის სიმკაცრე გამოარჩია:

“ვარჯიშების ხარისხი და ინტენსივობა უბრალოდ მხეცურია. ენტონი გორდონი და კარიმ ადეიემი სრულიად განსხვავებულ ელემენტებს გვმატებენ და თან გამოცდილებაც აქვთ. კარიმი სივრცეებში შესანიშნავად იხსნება, გაბრიელ ჟეზუსიც ბევრ რამეს შეგვძენს, ხოლო მოედნის ცენტრში როდრიზე საუბარიც კი ზედმეტია – მას ყველა კარგად ვიცნობთ. ეს უმაღლესი დონის ტრანსფერებია.”

გარსიამ მოკლედ შეაფასა ჟოზე მოურინიოს “რეალ მადრიდიც”:

“ამ მატჩების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, მოურინიო კი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს მატებს.”

საუბარი შეეხო ფერან ტორესსაც, რომელიც ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა და რომელსაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე 20 ოქტომბერს დაუპირისპირდება:

“ფერანს დღესაც ველაპარაკე. ბედნიერია და ერთი სული აქვს, პარიზში როდის ვითამაშებთ. ერთმანეთს ვეხუმრებით ხოლმე, ახლო მეგობრები ვართ.”

ინტერვიუში იუმორისთვისაც მოიძებნა ადგილი. ერიკ გარსიას “ვალენსიასთან” მატჩში მიღებული ცხვირის ძგიდის მოტეხილობის გამო დამცავი ნიღბით თამაში ორი თვის განმავლობაში მოუწევს. ფეხბურთელმა სიცილით აღნიშნა, რომ ნიღბით თავს “ზოროსა და ბეტმენის ნაზავად” გრძნობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი