ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” გამარჯვებების სერიას განაგრძობს. გუნდის ირგვლივ არსებულ ბრწყინვალე განწყობას ციფრებიც სრულად ამყარებს: ქულები, გოლები და უწყვეტი მოგებები. კატალონიელებმა 2026/27 წლების სეზონის საწყისი ექვსივე ოფიციალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს – ერთი ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდთან” და ხუთი ლა ლიგაში: “ელჩესთან”, ბილბაოს “ატლეტიკთან”, “რაიო ვალეკანოსთან”, “ვალენსიასთან” და ახლა უკვე “ლევანტესთან”.
ისტორიაში მხოლოდ მეოთხედ
ამ სერიით გერმანელი სპეციალისტის გუნდმა სეზონის საუკეთესო 100%-იანი სტარტის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. “ბარსელონას” არსებობის მანძილზე საწყისი ექვსი შეხვედრის მოგება აქამდე მხოლოდ სამმა შემადგენლობამ შეძლო.
- პირველად ეს თითქმის საუკუნის წინ, 1929/30 წლების სეზონში მოხდა – ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მეორე გათამაშებაში ჯეიმს ბელამის გუნდმა პირველი ექვსივე მატჩი მოიგო.
- სამი ათწლეულის შემდეგ, 1960/61 წლებში, მიღწევა ლიუბიშა ბროჩიჩის ფორმაციამ გაიმეორა, რომელმაც ლა ლიგის საწყის ოთხ ტურთან ერთად ჩემპიონთა თასის 1/16-ფინალში ბელგიური “ლიერსი” ორჯერ დაამარცხა.
- კიდევ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2018/19 წლების სეზონში, მსგავს შედეგს ერნესტო ვალვერდემ მიაღწია. იმ სეზონში ექვსი გამარჯვება სამ სხვადასხვა ტურნირზე განაწილდა: სეზონი “სევილიასთან” ესპანეთის სუპერ თასზე მოგებით გაიხსნა, რასაც ლა ლიგაში ოთხი მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გამარჯვება (4-0) მოჰყვა.
შანსი ისტორიის გადასაწერად
ყველა ზემოთ ხსენებულმა გუნდმა ექვსი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეშვიდე გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა შეძლო:
- 1929 წელს გუნდმა მეშვიდე შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკთან” “ლეს კორტსზე” ფრე ითამაშა.
- 1960 წელს ბროჩიჩის გუნდი “მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა.
- ვალვერდეს “ბარსელონამ” კი საკუთარ მოედანზე “ჟირონასთან” ფრედ 2-2 ითამაშა.
ამჟამინდელ “ბარსელონას” ისტორიის გადაწერისა და აბსოლუტური რეკორდის დამყარების იდეალური შესაძლებლობა აქვს: ოთხშაბათს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ, ჰანსი ფლიკის გუნდს შეუძლია გახდეს პირველი, ვინც სეზონს ზედიზედ შვიდი გამარჯვებით დაიწყებს.
forum კომენტარები (0)