ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი თავის ძველ გუნდს როტერდამის “ფეიენორდის” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 1-5 განადგურების შემდეგ თავის მართლება არ დაიწყო და მეტოქის უდიდესი უპირატესობა პირდაპირ აღიარა:
“თუ შეხედავთ, როგორ თამაშობს, ‘ბარსელონა’ ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.”
ნიდერლანდელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს “ავტობუსი არ ჩაუყენებია”, თუმცა რაფინიას სწრაფმა გოლმა მატჩის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია:
“დაცვაში ჩასაჯდომად არ გამოვსულვართ. საგოლე შანსები გვქონდა და გატანას ვცდილობდით. თუმცა შეცდომები ძვირად ფასობს. ეს მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ – მეტოქისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუმცა სრულიად განსხვავებული დონის გუნდები ვართ. კლასში სხვაობა აშკარა იყო.”
“ბარსელონას ამ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”
ვან ბრონკჰორსტი ჰანსი ფლიკის გუნდის ევროპულ პერსპექტივებზე საუბრისას დარწმუნებული იყო:
“ბარსელონას” ამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია. ჩემთვის ამ სტადიონზე დაბრუნება განსაკუთრებული ემოცია იყო: მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული, თუმცა ბევრი ძველი ნაცნობი ვნახე და მივესალმე. ამ კლუბთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს.”
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა ჰანსი ფლიკსაც, რომელმაც ანგარიშის მიუხედავად, “ფეიენორდის” სიმამაცე და მაღალი პრესინგი შეაქო:
“ფლიკის მხრიდან ძალიან დიდი თავაზიანობა იყო იმის თქმა, რომ ჩვენი თამაში მოეწონა, რომ პრესინგს მივმართავდით და მხოლოდ თავს არ ვიცავდით.”
“ლამინ იამალი მესისა და რონალდინიოს ჰგავს”
პრესკონფერენციის მთავარი მომენტი ლამინ იამალის შეფასება გახლდათ. “ფეიენოორდის” თავკაცმა 19 წლის ვარსკვლავის მიმართ აღფრთოვანება არ დამალა:
“თავის ასაკში მას უკვე ყველაფერი მოგებული აქვს. გულშემატკივრებს ის უზომოდ უყვართ. მას ‘ოქროს ბურთის’ მოგება შეუძლია – მასში მესისა და რონალდინიოს ვხედავ. მას ეს პრიზი ნამდვილად ერგება, ერთადერთი კითხვაა: როდის მოიგებს ის ამას.”
forum კომენტარები (0)