ჟიულ კუნდე “ბარსელონას” რიგებში ახალ ისტორიულ მწვერვალებს იპყრობს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში როტერდამის “ფეიენორდის” წინააღმდეგ (5-1) ძირითად შემადგენლობაში გამოსვლით, 27 წლის მცველმა ბლაუგრანას მაისურით თავისი 193-ე მატჩი ჩაატარა.
ამ მაჩვენებლით კუნდე ლეგენდარულ ერიკ აბიდალს გაუთანაბრდა და “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი ფრანგი ფეხბურთელი გახდა.
193 მატჩის სტატისტიკა ტურნირების მიხედვით
კუნდე “ბარსელონაში” უკვე თავის მეხუთე სეზონს ატარებს. მის მიერ ჩატარებული 193 შეხვედრა ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ლა ლიგა: 130 თამაში
- ჩემპიონთა ლიგა: 35 თამაში
- ესპანეთის თასი: 18 თამაში (მათ შორის გამარჯვების გოლი “რეალ მადრიდთან” ფინალში)
- ესპანეთის სუპერ თასი: 8 თამაში
- ევროპა ლიგა: 2 თამაში
მცველისთვის საოცრად შთამბეჭდავია მისი შემტევი მონაგარიც: 193 მატჩში ჟიულმა 10 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტიტულები და ისტორიული პირველობა
კატალონიურ გრანდთან ერთად კუნდეს ანგარიშზე უკვე სამი ლა ლიგის საჩემპიონო ტიტული, ამდენივე ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ესპანეთის თასია.
თუკი აბიდალს ამ ნიშნულის მისაღწევად ექვსი სრული სეზონი დასჭირდა, კუნდემ რეკორდის გამეორება ბევრად უფრო სწრაფად, მეხუთე სეზონის დასაწყისშივე მოახერხა. უკვე უახლოეს მატჩში, როდესაც “ბარსელონა” ლა ლიგის ეგიდით “ლევანტეს” დაუპირისპირდება, ჟიულ კუნდეს შანსი ექნება, 194-ე შეხვედრა ჩაატაროს და კლუბის ისტორიაში ფრანგ ფეხბურთელებს შორის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს.
ბარსელონას ფრანგი ფეხბურთელები ყველაზე მეტი მატჩით
- ჟიულ კუნდე – 193
- ერიკ აბიდალი – 193
- უსმან დემბელე – 185
- კლემან ლანგლე – 160
- სამუელ უმტიტი – 134
- ლუდოვიკ ჟიული – 124
forum კომენტარები (0)