ჰამზა აბდელკარიმი არის ეგვიპტელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს კატალონიურ “ბარსელონაში” და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში.
ადრეული წლები და “ალ-აჰლი”
ჰამზა 2008 წლის 1 იანვარს კაიროში დაიბადა. 2020 წელს ის ეგვიპტის ყველაზე წარმატებული კლუბის, “ალ-აჰლის” ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. მან ახალგაზრდული გუნდის ყველა საფეხური გაიარა და 2025 წლის იანვარში პირველ გუნდში გამოიძახეს. მისი სადებიუტო მატჩი 6 თებერვალს შედგა, რითაც 17 წლის ასაკში კლუბის ისტორიაში 21-ე საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
კარიერა “ბარსელონაში”
2026 წლის 1 თებერვალს ეგვიპტელი ფორვარდი კატალონიურ “ბარსელონას” სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით შეუერთდა. ბიუროკრატიული პრობლემების გამო მას 8 მარტამდე თამაში არ შეეძლო, თუმცა 19-წლამდელთა გუნდში (U-19A) სადებიუტო მატჩშივე “უესკას” კარში გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, მან ლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის აღსანიშნავია “მონტეკარლოსთან” 9-0 მოგებულ მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიქი, რა დღესაც გუნდმა საჩემპიონო ტიტული (Liga de División de Honor) გაინაღდა. მან ასევე 2 მატჩი ჩაატარა ახალგაზრდულ თასზე (Copa del Rey Juvenil), სადაც “ბარსელონა” მეორე ადგილზე გავიდა.
2026 წლის ზაფხულში “ბარსელონამ” ფეხბურთელი სრულფასოვანი ტრანსფერით გამოისყიდა და ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მან 2026/27 წლების სეზონის წინასასეზონო შეკრება მთავარ გუნდთან ერთად გაიარა. 4 გატანილი გოლით ჰამზა პრესეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2026 წლის 31 აგვისტოს კი მისი ოფიციალური დებიუტი შედგა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ.
სათამაშო სტილი
ჰამზა აბდელკარიმის სათამაშო სტილიც მოიცავს:
- შესანიშნავი მოძრაობა – კარგად კითხულობს თამაშს და ეფექტურად ინაცვლებს თავისუფალ ზონებში;
- კომბინაციური თამაში – მარტივად უგებს თანაგუნდელებს და აქტიურად ერთვება შეტევის მშენებლობაში;
- გოლის ალღო – გამოირჩევა დაგვირგვინების მაღალი დონით და ზუსტი დარტყმით.
სანაკრებო კარიერა
საერთაშორისო ასპარეზზე ჰამზამ პირველად ეგვიპტის 17-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. ის მონაწილეობდა 2024 წლის UNAF-ის U17 ტურნირსა და 2025 წლის 17-წლამდელთა აფრიკის ერთა თასზე. მოგვიანებით ის ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც მან 4 მატჩი ჩაატარა.