“ბარსელონა” და ბილბაოს “ატლეტიკი” დღეს ლა ლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს. მატჩი თავდაპირველად 15-16 აგვისტოს უიქენდზე უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ეტაპებზე ორივე კლუბის არაერთი ფეხბურთელის მონაწილეობის გამო გადაიდო. შედეგად, ორივე გუნდმა ჩემპიონატი მეორე ტურიდან დაიწყო, პირველი ტურის შეხვედრას კი დღეს, 27 აგვისტოს, ჩაატარებენ. “ბარსელონასთვის” სეზონის პირველი ოფიციალური საშინაო მატჩია.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩემპიონატი იდეალურად დაიწყო – “ელჩეს” სტუმრად 5-0 მოუგო. “ატლეტიკი” კი 0 ქულითა და 1-3 ბურთების სხვაობით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
“ბარსელონა” მოქმედი ჩემპიონია და ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას უმიზნებს. ფლიკმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ამბიციაზე გააკეთა აქცენტი. “ატლეტიკისთვის” კი ახალი ეტაპია: ერნესტო ვალვერდეს შემდეგ ბასკურ გუნდს ედინ ტერზიჩი ჩაუდგა სათავეში და ეს მისი პირველი სამუშაოა ესპანურ ფეხბურთში.
ტერზიჩის ბასკური მოღვაწეობა ცუდად დაიწყო: “ატლეტიკი” “სან მამესზე” “სევილიასთან” 1-3 დამარცხდა. თუმცა ამ შედეგს მნიშვნელოვანი კონტექსტი აქვს – იური ბერჩიჩე უკვე მე-11 წუთზე გააძევეს და მასპინძლებს თითქმის მთელი მატჩის ათი კაცით ჩატარება მოუხდათ. ტერზიჩის თქმით, მოგვიანებით თავად მსაჯთა სტრუქტურაშიც აღიარეს, რომ ეპიზოდში მიღებული გადაწყვეტილება სწორი არ ყოფილა.
ამრიგად, საწყისი სურათი საკმაოდ მკაფიოა: ჩემპიონი სეზონის პირველ საშინაო მატჩს 5-0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ატარებს, ხოლო “ატლეტიკი” ახალი მწვრთნელით პირველი ქულების მოსაპოვებლად ჩამოდის. ფორმისა და უახლესი ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ფავორიტი “ბარსელონაა”, თუმცა ბასკებს შემადგენლობაში საკმარისი ინდივიდუალური ხარისხი აქვთ იმისთვის, რომ მატჩის ტემპი და ხასიათი მთლიანად მასპინძლებს არ დაუთმონ.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონას” სეზონის ოფიციალური სტარტი თითქმის უნაკლო გამოვიდა. “ელჩესთან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში კატალონიელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა: რაფინიამ დუბლი შეასრულა, ფერმინ ლოპესმაც ორი გოლი გაიტანა, ერთხელ კი კარიმ ადეიემიმ გამოიჩინა თავი. გუნდის შეტევაში საინტერესო სიახლეა რაფინიას ცენტრალურ პოზიციაზე, ფაქტობრივად ცრუ ცხრიანად გამოყენება – ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ ფლიკს კლასიკური ძირითადი ცენტრფორვარდი აღარ ჰყავს.
შედეგის გარდა, “ელჩესთან” დადებითი იყო ახალი ფეხბურთელების გავლენაც. ენტონი გორდონი მეორე ტაიმში განსაკუთრებით პროდუქტიული იყო, ხოლო ფლიკის გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე გაცილებით მეტი მაღალი ხარისხის მომენტი შექმნა. Goal-ის მოდელის მიხედვით, “ბარსას” xG 4.38 იყო, “ელჩესი” კი მხოლოდ 0.70.
კატალონიელებმა ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს. ჯერ ამხანაგურ მატჩში “ბაზელი” 5-2 დაამარცხეს, შემდეგ ჟოან გამპერის თასზე “ალ-აჰლის” 2-1 მოუგეს, ბოლოს კი “ელჩეს” 5-0. ამ სამ თამაშში ფლიკის გუნდმა 12 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.
თუმცა გარკვეული საყურადღებო ნიუანსებიც არის. მსოფლიოს ჩემპიონატზე შორს გასული ფეხბურთელების ნაწილი გუნდს გვიან შეუერთდა და ფლიკმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ლამინ იამალი ჯერ ასპროცენტიან ფორმაში არ არის – სამკვირიანი შვებულების შემდეგ მას სრულფასოვანი ვარჯიშების მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა. ამავე მიზეზით დატვირთვის მართვა სეზონის პირველ კვირებში მნიშვნელოვანი იქნება.
“ატლეტიკის” ბოლო პერიოდის სურათი ბევრად მძიმეა. შედარებით სერიოზულ მეტოქეებთან ბოლო სამი შეხვედრა ბასკებმა წააგეს: “მარსელთან” 1-3, “ატალანტასთან” 0-1 და ლა ლიგის პირველ ოფიციალურ მატჩში “სევილიასთან” 1-3. ამ მონაკვეთში ბასკებმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს.
მეორე მხრივ, “სევილიასთან” მატჩის ციფრები მხოლოდ საბოლოო ანგარიშით არ უნდა შეფასდეს. იურის ადრეული გაძევების მიუხედავად, “ატლეტიკი” თამაშიდან ბოლომდე არ გამქრალა და ტერზიჩმაც პრესკონფერენციაზე გუნდის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილება გამოხატა. ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სწრაფად გადაიტანს გერმანელი მწვრთნელი თავის უფრო ვერტიკალურ და აგრესიულ პრინციპებს გუნდში, რომელიც წლების განმავლობაში ვალვერდეს განსხვავებულ, მეტად ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში თამაშობდა. პირველი ტურის მიხედვით საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
ფორმის თვალსაზრისით უპირატესობა აშკარად “ბარსელონას” მხარესაა: კატალონიელებს შედეგიც აქვთ, შეტევაც მუშაობს და ბოლო სამ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანეს; “ატლეტიკს” კი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ახალ მწვრთნელთან ერთად, ჯერ საკუთარი ბალანსის პოვნა სჭირდება.
დანაკლისი
“ბარსელონას” ყველაზე მკაფიო დანაკლისი გავია. ნახევარმცველმა “ელჩესთან” მარჯვენა მუხლში დარტყმა მიიღო. შემდგომმა გამოკვლევამ სერიოზული დაზიანება გამორიცხა და მხოლოდ დაჟეჟილობა დაადასტურა, მაგრამ ფეხბურთელი “ატლეტიკთან” მაინც ვერ ითამაშებს. ფლიკის თქმით, მის დაბრუნებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი.
ფრენკი დე იონგსა და რუნი ბარდჯის ხანგრძლივი ტრავმები აქვთ და აქამდეც ვიცოდით, რომ ისინი დღეს ვერ ითამაშებდნენ.
ამასთან, ტრავმებისგან უნდა გაიმიჯნოს სატრანსფერო სიტუაცია. მარკ კასადო და ექტორ ფორტი ამ ეტაპზე შემადგენლობის მიღმა არიან, რადგან კლუბი მათი მომავლის საკითხს აგვარებს. დიდი ალბათობით, განაცხადს დაუბრუნდება ალეხანდრო ბალდე, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი როდია. ის გუნდთან ერთად სრულად ვარჯიშობს. ფლიკმა დაადასტურა, რომ ესპანელი ნახევარმცველისთვის გეგმა “ატლეტიკთან” სადებიუტო წუთების მიცემაა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მისი გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია.
“ატლეტიკის” შემთხვევაში სამი დანაკლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იური ბერჩიჩე “სევილიასთან” მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია. დანი ვივიანი ასევე ვერ ითამაშებს – ტერზიჩის განცხადებით, ცენტრალურ მცველს დაბრუნებამდე დამატებითი მუშაობა სჭირდება. ბენიატ პრადოსს კი მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის მსუბუქი ტრავმა აქვს და კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ბარსელონასთან” განაცხადში ვერ მოხვდება.
ტრავმირებულთა შორის სახელდებიან უნაი ეგილუსსა და ნიკო სერანოც.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის აქამდე 249 თამაშია გამართული, საიდანაც 128 “ბარსელონამ” მოიგო, 81 “ბილბაომ”, ხოლო 40 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 467-340, “ბარსელონას” სასარგებლოდ.
თუ მხოლოდ ლა ლიგას ავიღებთ, დღევანდელ მატჩამდე გუნდებს 190 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქაც უპირატესობა “ბარსელონას” აქვს: 98 მოგება, 32 ფრე და “ატლეტიკის” 60 გამარჯვება; გოლების შეფარდება 362-260-ია კატალონიელთა სასარგებლოდ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო წლების ტენდენცია. ლა ლიგაში “ბარსელონა” “ატლეტიკთან” ბოლო 13 შეხვედრაში არ დამარცხებულა – 11 მოგება და 2 ფრე. ამავე მონაკვეთის ბოლო ცხრა მატჩიდან რვაში კატალონიელებმა კარი მშრალად შეინახეს. “ბარსას”, როგორც მასპინძელს, ბასკებთან ჩემპიონატის ბოლო 24 თამაში არ წაუგია – 21 მოგება და 3 ფრე – და ბოლო შვიდი საშინაო ლიგის შეხვედრა ზედიზედ მოიგო.
ქალაქის ჭრილშიც სურათი ძალიან მძიმეა “ატლეტიკისთვის”. ისტორიულად ბასკებს ბარსელონაში 115 ოფიციალური თამაში აქვთ ჩატარებული და მხოლოდ 20 მოიგეს. მათი უკანასკნელი გამარჯვება “ბარსას” მოედანზე 2001 წლის 24 ნოემბერს დაფიქსირდა, 2-1. მას შემდეგ სხვადასხვა ტურნირზე ბარსელონაში ჩატარებულ 28 შეხვედრაში “ატლეტიკს” გამარჯვება არ აქვს: 5 ფრე და 23 მარცხი.
ბოლო შეხვედრები კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვანია. “ბარსელონამ” ყველა ტურნირზე ბოლო ექვსივე დაპირისპირება მოიგო. ამ ექვს შეხვედრაში საერთო ანგარიში 17-1 არის “ბარსელონას” სასარგებლოდ.
განსაკუთრებით ცუდი “ატლეტიკისთვის” გასული სეზონი იყო: 2025/26 წლებში გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და “ბარსამ” სამივე მოიგო – 4-0, 5-0 და 1-0. ჯამური ანგარიში 10-0.
მსაჯი
მატჩის მთავარი მსაჯია მიგელ ანხელ ორტის არიასი. მადრიდელი არბიტრი 1984 წლის 23 ნოემბერს დაიბადა და 41 წლისაა. ლა ლიგაში მისი დებიუტი 2021 წლის 14 აგვისტოს შედგა; უმაღლეს დივიზიონში ხუთი სეზონისა და 91 შეხვედრის გამოცდილება აქვს.
ორტის არიასს კარიერაში სულ 270 მატჩში უმსაჯია. ამ თამაშებში მასპინძელმა 118-ჯერ მოიგო, 76 მატჩი ფრედ დასრულდა და სტუმარმა 76-ჯერ გაიმარჯვა. ეს პროცენტულად ნიშნავს: მასპინძლის მოგება 43.7%, ფრე 28.1%, სტუმრის მოგება 28.1%. არიასმა 1345 ყვითელი ბარათი აჩვენა, ანუ საშუალოდ 4.98 ყვითელი მატჩში. 41 წლის არბიტრი თამაშში საშუალოდ 0.27 წითელ ბარათს აჩვენებს და 0.24 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
“ბარსელონასა” და “ატლეტიკის” შეხვედრებში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
| ბარსა | ბილბაო | |
| თამაში | 12 | 12 |
| მოგება | 9 | 6 |
| ფრე | 2 | 2 |
| წაგება | 1 | 4 |
| მოგებების პროცენტი | 75% | 50% |
| ყვითელი ბარათი | 19 | 19 |
| მეორე ყვითლით გაძევება | 0 | 0 |
| პირდაპირი წითელი | 0 | 3 |
| გუნდის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 1 |
მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები
ჰანსი ფლიკის მთავარი გზავნილი სეზონის მიზანს ეხებოდა. გერმანელმა აღნიშნა, რომ გუნდს ზედიზედ მესამე ლა ლიგის მოგების “შიმშილი” აქვს და ფეხბურთელები ამ მიზნისთვის მზად არიან. “ატლეტიკის” ახალ მწვრთნელზეც ილაპარაკა: ფლიკი ტერზიჩს კარგად იცნობს და მიაჩნია, რომ მას მკაფიო საფეხბურთო იდეა აქვს, რომელიც ბილბაოს კლუბს კარგად ერგება.
ფლიკმა რამდენიმე ინდივიდუალური საკითხიც განმარტა. მისი გეგმით, როდრი “ატლეტიკთან” გარკვეულ წუთებს მიიღებს და მომავალში პედრისთან ერთად მისი გამოყენება გუნდს თამაშის კონტროლში უნდა დაეხმაროს. ლამინ იამალზე კი თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ სრულად ოპტიმალურ კონდიციაში არ არის, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამი კვირა ისვენებდა და გუნდთან მცირე რაოდენობის ვარჯიში აქვს ჩატარებული.
გავიზე პასუხიც პირდაპირი იყო: ტრავმა მძიმე არ არის, მაგრამ ამ შეხვედრისთვის დაბრუნება ნაადრევია და დაახლოებით კიდევ ერთი კვირაა საჭირო.
ედინ ტერზიჩის განცხადებები, თავის მხრივ, საკმაოდ თამამი იყო. მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ “ატლეტიკი” საკუთარ ფეხბურთს ითამაშებს, მიუხედავად იმისა, ვინ არის მეტოქე და სად ტარდება მატჩი. “ბარსელონას” დონე ტერზიჩმა ძალიან დადებითად შეაფასა, რომ კატალონიელები ამ ეტაპზე “სრულყოფილებას უახლოვდებიან”, თუმცა ბასკები საკუთარ თამაშზე კონცენტრირდებიან.
ტერზიჩმა “ბარსას” საშინაო ძალაზეც გააკეთა აქცენტი და გასული სეზონის იდეალური საშინაო სერია გაიხსენა. მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, გუნდი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დადებითი შედეგის მოსაპოვებლად მზად არის.
სავარაუდო შემადგენლობები
AS
ბარსელონა (4-2-3-1):
ჟოან გარსია; ერიკ გარსია, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი; მარკ ბერნალი, პედრი; ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, ენტონი გორდონი; რაფინია.
ატლეტიკი (3-4-1-2):
უნაი სიმონი; იერაი ალვარესი, აიტორ პარედესი, აიმერიკ ლაპორტი; ხესუს არესო, ინიგო რუის დე გალარეტა, ბენიატ გერენაბარენა, ალექს ბერენგერი; ოიან სანსეტი; ინიაკი უილიამსი, გორკა გურუზეტა.
Goal
ბარსელონა:
ჟოან გარსია; ერიკ გარსია, ჟერარ მარტინი, ანდრეას კრისტენსენი, ჩავი ესპარტი; მარკ ბერნალი, პედრი; ენტონი გორდონი, ფერმინ ლოპესი, ლამინ იამალი; რაფინია.
ატლეტიკი:
უნაი სიმონი; ლაპორტი, პარედესი, იერაი; ბერენგერი, ხაურეგისარი, დე გალარეტა, არესო; პეიო კანალესი; გურუზეტა, ინიაკი უილიამსი.
პროგნოზი
- Sportsmole: 2-0
- Goal: 3-0
- WhoScored: 3-0
forum კომენტარები (0)