ხვალ, 8 აგვისტოს “ბარსელონა” სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 45-წუთიან მატჩებს ითამაშებს იტალიურ “უდინეზესა” და ინგლისურ “ნოტინგემ ფორესტთან”. ბირმინგემში გამართული წინასასეზონო შეკრებიდან ახალდაბრუნებული ჰანსი ფლიკის გუნდი უდინეში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას თასის სადებიუტო გათამაშებაში იასპარეზებს.
ნაცნობი მასპინძლები: “უდინეზე”
თავისი ისტორიის განმავლობაში “ბარსელონა” “უდინეზეს” ორჯერ დაუპირისპირდა. სერია A-ში დაკავებული შთამბეჭდავი მეოთხე ადგილის შემდეგ, იტალიური გუნდი 2005/06 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა – ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მათ ამ ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშეს.
იმ სეზონში “ბარსელონა”, რომელმაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტული მოიპოვა, წილისყრის შედეგად მათთან ერთ ჯგუფში მოხვდა. “ბლაუგრანამ” ორივე შეხვედრა მოიგო. პირველი მატჩი შინ 4-1 დასრულდა, სადაც რონალდინიომ ჰეთ თრიქი შეასრულა (მან ტურნირი მეორე საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა), ერთი გოლი კი დეკუმ დაამატა. იტალიაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ფრენკ რაიკაარდის გუნდმა სანტი ესკეროსა და ანდრეს ინიესტას გოლებით 2-0 გაიმარჯვა. “ბარსელონამ” ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლო, 5 მოგებითა და 1 ფრით.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა “უდინეზემ” C ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ვერ გავიდა.

“ნოტინგემ ფორესტი”: სუპერ თასი და გამპერი
“ბარსელონა” “ნოტინგემ ფორესტს” პირველად 1979/80 წლების უეფას სუპერ თასზე დაუპირისპირდა. კატალონიელებმა მონაწილეობის უფლება ამჟამად გაუქმებული თასების მფლობელთა თასის მოგებით მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც წინა სეზონის ფინალში დიუსელდორფის “ფორტუნა” დაამარცხეს. “ფორესტი” კი ტურნირზე მოქმედი ევროპის ჩემპიონის რანგში წარდგა.
დაპირისპირება ორმატჩიანი იყო და ინგლისში დაიწყო. “ბარსელონამ” პირველი მატჩი “სიტი გრაუნდზე” 0-1 წააგო, საპასუხო შეხვედრაში კი 1-1 ითამაშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თასი ინგლისურმა გუნდმა მოიპოვა.
სამი სეზონის შემდეგ “ბარსელონამ” “ნოტინგემ ფორესტი” ჟოან გამპერის თასზე მიიწვია. 1983 წლის აგვისტოში, როდესაც სათადარიგოთა სკამზე სესარ ლუის მენოტი იჯდა, მოედანზე კი დიეგო მარადონა იყო, “ბარსელონამ” ტრადიციული წინასასეზონო ტურნირის ნახევარფინალში (რომელშიც იმ დროს ოთხი გუნდი მონაწილეობდა) ინგლისური კლუბი 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის გამართულ სამივე შეხვედრაში “ნოტინგემ ფორესტს” ლეგენდარული ბრაიან კლაფი წვრთნიდა.

მიმდინარე ფორმა
დღესდღეობით “უდინეზეც” და “ნოტინგემ ფორესტიც” თავიანთი ქვეყნების უმაღლეს დივიზიონებში ასპარეზობენ. “უდინეზემ” სერია A-ში ზედიზედ 30 სეზონი გაატარა და ჩემპიონატის სტაბილურ საშუალო გუნდად ჩამოყალიბდა. გერმანელი მწვრთნელის, კოსტა რუნიაიჩის განკარგულებაში მყოფ შემადგენლობაში გამორჩეული სახელები ნიკოლო ძანიოლო და ომარ სოლე არიან.
ამავდროულად, “ნოტინგემ ფორესტი” 2022/23 წლების სეზონში, 23-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა. დაწინაურების შემდეგ მათ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ადგილი კვლავ დაიმკვიდრეს. გუნდის საკვანძო მოთამაშეებს შორის შემტევი ნახევარმცველი მორგან გიბს-უაითი და ცენტრალური მცველი მურილიო არიან.
forum კომენტარები (0)