ქალაქი უდინე ხვალ, 8 აგვისტოს უმასპინძლებს სამთა ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას “უდინეზე”, “ნოტინგემ ფორესტი” და “ბარსელონა” მიიღებენ. ფორმატი, რომელიც “ბარსელონას” 24 წელია არ გამოუცდია, ინგლისურ და იტალიურ გუნდებთან ორ 45-წუთიან მატჩს მოიცავს. ეს იქნება ფრიული-ვენეცია-ჯულიას თასის სადებიუტო გათამაშება, სადაც კატალონიური კლუბი სამი მონაწილე გუნდიდან ერთ-ერთია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი დღესდღეობით იშვიათია, თავისი ისტორიის განმავლობაში “ბარსელონას” არაერთ სამთა ტურნირში მიუღია მონაწილეობა. ბოლო ასეთი შემთხვევა 24 წლის წინ დაფიქსირდა.
“პარმასა” და “აიაქსის” წინააღმდეგ 2002 წელს
“ბარსელონასთვის” ბოლო სამთა ტურნირი 2002/03 წლების წინასასეზონო პერიოდში, ამსტერდამში გაიმართა. მაშინ მატჩები 90 წუთს გრძელდებოდა და სხვადასხვა დღეს ტარდებოდა. ლუი ვან გაალის გუნდი ტურნირის მასპინძელ “აიაქსსა” და იტალიურ “პარმას” დაუპირისპირდა. “პარმასთან” სადებიუტო შეხვედრაში “ბარსელონამ” 4-2 გაიმარჯვა, სადაც ახალწვეულმა ხუან რომან რიკელმემ დუბლი შეასრულა. ორი დღის შემდეგ კი, ახალგაზრდა რაფაელ ვან დერ ვაარტის ლიდერობით მოთამაშე “აიაქსთან” დამარცხდა.
2001 წლის ივნისში, სეზონის ბოლოს, “ბარსელონამ” ურუტის პატივსაცემად სამთა ტურნირი მოაწყო. კლუბმა “მინიესტადიზე” “ესპანიოლი” და “რეალ სოსიედადი” მიიწვია – ორი კლუბი, სადაც ბასკ მეკარეს ასევე უთამაშია. ტურნირი სამი გუნდის მონაწილეობით სამ 30-წუთიან მატჩს მოიცავდა. თასი “ბარსელონამ” აღმართა, მას შემდეგ, რაც “რეალ სოსიედადთან” ფრე ითამაშა, ხოლო ამხანაგურ დერბიში “ესპანიოლი” 1-0 დაამარცხა.
1990-იანი წლების განმავლობაში, ზაფხულის სამთა ტურნირები ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1990-დან 2000 წლამდე “ბარსელონამ” შვიდ ასეთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ოვიედოში, მარბელიაში, ტენერიფეში, სალამანკაში, ფლორენციაში, ამსტერდამსა და ბარსელონაში გაიმართა. ყველა მათგანი წინასასეზონო პერიოდში ჩატარდა.
პირველი ტურნირი 1950-იანებამდე
“ბარსელონას” პირველი სამთა ტურნირი 1947 წლის ივნისში, პალმა დე მალიორკაში გაიმართა. ორივე მატჩი “მალიორკას” სტადიონზე, “ეს ფორტიზე” ჩატარდა, რომელიც 1945 წელს გაიხსნა და კლუბის საშინაო არენა 1999 წლამდე იყო.
“ბარსელონამ” ტურნირი მოიგო, მას შემდეგ, რაც პირველ მატჩში “მალიორკა” 3-0, ხოლო მეორეში მადრიდის “ატლეტიკო” 6-0 დაამარცხა. მანუელ ბადენესი კი, ორ მატჩში გატანილი 6 გოლით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ალბათ არც ამ თამაშს აჩვენებენ.