ლამინ იამალის ყველა რეკორდი

ლამინ იამალის ყველა რეკორდი

2023/24 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენა, უდავოდ, ლამინ იამალ იყო. პირველ გუნდში გატარებულ სრულ სადებიუტო სეზონში 27-ე ნომერმა “ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის” სტატუსით არაერთი რეკორდი დაამყარა. “ლა მასიას” აღზრდილმა, რომელიც ყველა შეხვედრაში დიდებულად თამაშობდა, “ბარსელონას” მაისურით უკვე 17 რეკორდი მოაგროვა.

ეს ყველაფერი ემატება იმ ისტორიულ მიღწევებს, რომლებიც მან სადებიუტო სეზონშივე დააფიქსირა. ორი წლის წინ, როცა ლამინ იამალ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ პირველად გამოვიდა, “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. 16 წლის ასაკში დაწყებულმა გზამ მას რეკორდებისკენ გაუხსნა კარი. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა 2023 და 2024 წლებში ნამდვილი სანახაობის შექმნაში დაეხმარა.

ლა ლიგის სასტარტო შემადგენლობის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

გულშემატკივარს მხოლოდ ორი მატჩის ლოდინი მოუწია, რომ 2023/24 წლების სეზონში მისი პირველი რეკორდი ეხილა. ლა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრაში, “ესტადი ოლიმპიკ ლუის კომპანისზე” მან 16 წლისა და 38 დღის ასაკში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ამით ის 21-ე საუკუნეში ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო მოთამაშე გახდა და ფაბრის ოლინგას 2012 წლის რეკორდი (“მალაგას” რიგებში) მოხსნა.

ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი

სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 16 წლისა და 45 დღის ასაკში, მან კიდევ ერთი სტატუსი დაისაკუთრა – ამ საუკუნეში ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი გახდა. “ვილიარეალთან” 4-3 მოგებულ მატჩში მან გავის იდეალური გადაცემა გაუკეთა და ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.

“ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ჩემპიონთა ლიგაზე

გადავინაცვლოთ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან ასევე ყველა გააოცა. მონჟუიკზე “ანტვერპენთან” (5-0) მოგებულ მატჩში ის 16 წლისა და 68 დღის იყო, რითაც “ბარსელონას” ისტორიაში ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა და ანსუ ფატის რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა, ტურნირის აბსოლუტური რეკორდი კვლავ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელს, იუსუფა მუკოკოს ეკუთვნის (ის 50 დღით უმცროსი იყო).

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო მოთამაშე

16 წლისა და 83 დღის ასაკში ის უკვე ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო მოთამაშედ იქცა. ეს რეკორდი, რომელიც 1994 წლიდან სელესტინ ბაბაიაროს (“ანდერლეხტი”) ეკუთვნოდა, მან “პორტუსთან” გასვლით მატჩში მოხსნა, თანაც მხოლოდ 3 დღის სხვაობით.

ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

2023 წლის 8 ოქტომბერს მან “ბარსელონას” მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. 16 წლისა და 87 დღის ასაკში ის ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა, რითაც ფაბრის ოლინგას რეკორდს 11 დღით აჯობა. ეს “გრანადასთან” გასვლით შეხვედრაში მოხდა.

ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

28 ოქტომბერს ის ელ კლასიკოს ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რითაც “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშის, ვისენს მარტინესის რეკორდი დაამხო. მართალია, იმ მატჩში შეცვლაზე შევიდა, თუმცა მომდევნო კლასიკო უკვე ძირითადიდან დაიწყო (თუმცა ამ კომპონენტში მარტინესის რეკორდი ვერ მოხსნა, რადგან უკვე მასზე უფროსი იყო).

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი

ჩემპიონთა ლიგაზე “ანტვერპენთან” გასვლით მატჩში (16 წლის და 153 დღის ასაკში), მან ფერან ტორესს საგოლე პასი გაუკეთა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტად იქცა, რითაც ბოიან კრკიჩის რეკორდი მოხსნა.

ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

“ოსასუნასთან” ნახევარფინალში თამაშით ის ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. 16 წლისა და 182 დღის ასაკში მან ანსუ ფატის რეკორდი გააუმჯობესა.

ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც

ამავე მატჩში მან გუნდის მეორე გოლი გაიტანა, რითაც სუპერ თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც გახდა.

კოპა დელ რეის 21-ე საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

2024 წელიც ნაყოფიერად დაიწყო – 24 იანვარს ესპანეთის თასზე ბილბაოს “ატლეტიკს” გაუტანა. 16 წლისა და 195 დღის ასაკში ის ამ ტურნირზე 21-ე საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.

ლა ლიგაში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი

“გრანადასთან” 3-3 დასრულებულ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა და 16 წლისა და 213 დღის ასაკში ლა ლიგაში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა. პირველი გოლი ჟოაუ კანსელუს პასით შეაგდო, მეორე კი – საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით.

პირველი 17 წლამდე მოთამაშე ლა ლიგის 3 გოლით

ამ დროისთვის მას ლა ლიგაში უკვე 3 გოლი ჰქონდა, რაც 17 წლამდე ასაკში აქამდე არავის გაუკეთებია. სეზონის ბოლომდე მან კიდევ 2 გოლი გაიტანა და ჯამში ხუთს მოუყარა თავი.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

“ნაპოლისთან” მატჩში (16 წლის და 223 დღის ასაკში) ის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ლიგის პირველი სასტარტო შემადგენლობა 18 წლამდე ორი მოთამაშით

ამავე მატჩში ძირითადში იყო კიდევ ერთი თინეიჯერი, პაუ კუბარსი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერთდროულად ორმა 18 წლამდე ფეხბურთელმა დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი

“პარკ დე პრენსზე” თამაშით ის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი გახდა.

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩით

პსჟ-სთან საპასუხო შეხვედრა მისთვის ტურნირზე მე-10 იყო. 16 წლისა და 278 დღის ასაკში მან იური ტილემანსის (“ანდერლეხტი”, 2014) რეკორდი მოხსნა.

“ბარსელონას” ისტორიაში 50 მატჩის ჩამტარებელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

19 მაისს “რაიოსთან” მატჩი მისთვის “ბარსელონაში” 50-ე იყო. მან ბოიან კრკიჩის 16 წლის წინანდელი რეკორდი დაამხო.

წარმატებები ესპანეთის ნაკრებში

ეს მხოლოდ კლუბში დამყარებული რეკორდებია. საქართველოსთან მატჩში ის ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი (16 წლის და 57 დღის) და ასევე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა, რითაც ორივე რეკორდი გავის ჩამოართვა.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე

ევრო 2024-ის პირველ მატჩში ხორვატიასთან, ძირითადში თამაშით (16 წლის და 339 დღის) ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი

იმავე მატჩში დანი კარვახალს საგოლე პასი გაუკეთა და კიდევ ერთი რეკორდი მიითვალა.

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

მერვედფინალში საქართველოსთან ძირითადში დაწყებით (16 წლის და 354 დღის), ის პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ იქცა.

ევროპის ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

საფრანგეთთან ნახევარფინალში ცხრიანში გატანილი ულამაზესი გოლით (16 წლის და 362 დღის), მან იოჰან ფონლანტენის 2004 წლის რეკორდი მოხსნა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

ბერლინში გამართულ ფინალში მან ნიკო უილიამსს პირველი გოლი გაატანინა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

დიდი საერთაშორისო ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული

17 წლის იუბილედან მეორე დღეს მან ისტორიული რეკორდი დაამყარა – ის 248 დღით ახალგაზრდა იყო პელეზე, როცა ამ უკანასკნელმა 1958 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

2024 წლის 26 ოქტომბერს (17 წლის და 105 დღის ასაკში) ბერნაბეუზე “რეალ მადრიდს” გოლი გაუტანა, რითაც ანსუ ფატის რეკორდი მოხსნა.

გოლი და ასისტი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში

2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბენფიკასთან” (2-1) მან ჯერ რაფინიას გაუკეთა შესანიშნავი პასი, შემდეგ კი თავადაც გაიტანა. ამ ასაკში მსგავსი რამ ლიგის ერთ მატჩში არავის გაუკეთებია.

პირველი 18 წლამდე მოთამაშე 20 ევროპული მატჩით

დორტმუნდის “ბორუსიასთან” მეოთხედფინალში თამაშით ის გახდა პირველი 18 წლამდე ფეხბურთელი, ვინც ევროტურნირებზე 20 მატჩი ჩაატარა.

“ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 100 მატჩით

მილანის “ინტერთან” ნახევარფინალში მან “ბარსელონას” მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა, რითაც ეს ნიშნული 17 წლისა და 291 დღის ასაკში დაძლია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

მე-100 მატჩი მან ცხრიანში გატანილი ბრწყინვალე გოლით აღნიშნა, რითაც ტურნირის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

ესპანეთის ნაკრებში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი

ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთთან გატანილი 2 გოლით (17 წლის და 327 დღის), ის ნაკრებში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად იქცა.

კოპას ჯილდოს პირველი ორგზის გამარჯვებული

ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე მოთამაშე, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან (4-0) გოლით, ის 18 წლისა და 343 დღის ასაკში ტურნირის მერვე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე

2026 წლის მუნდიალის ფინალში თამაშით ის მხოლოდ პელესა (1958) და ჯუზეპე ბერგომის (1982) ჩამორჩება.

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული

2026 წელს ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 19 წლისა და 6 დღის ასაკში ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები აქვს მოგებული.

გაგრძელება იქნება…

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი