ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა

ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა

ჟოან ლაპორტა კვლავ “ბარსელონას” პრეზიდენტია. 2026 წლის 1 ივლისს მან კლუბის სათავეში თავისი რიგით მეოთხე საპრეზიდენტო ვადა დაიწყო. ინაუგურაციის ემოციური ცერემონია ხალხით სავსე “აუდიტორი 1899”-ში გაიმართა, რომელსაც პოლიტიკისა და სპორტის, ასევე კლუბის გამოჩენილი ფიგურები ესწრებოდნენ.

ცერემონია ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყო. ჟურნალისტი ჟორჟინა ფერი ღონისძიების წამყვანი იყო და სწორედ მან შემოგვთავაზა პირველი ემოციური მომენტი: თებერვლიდან 15 მარტამდე (არჩევნების დღემდე) საარჩევნო პროცესის შემაჯამებელი ვიდეოს ჩვენება.

კუბელსმა დირექტორთა ახალი საბჭო წარადგინა

ამის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა და მდივანმა, ჟოზეპ კუბელსმა მიმდინარე დირექტორთა საბჭოს (რომელიც კლუბს თებერვლიდან დღემდე მართავდა) დაშლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ახალი საბჭოს ის წევრები დაასახელა, რომლებიც 1 ივლისიდან შეუდგებიან მუშაობას.

შემდეგ კუბელსმა სიტყვა ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს გადასცა. ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ხელმძღვანელმა “ბარსელონას” ბოლოდროინდელ მიღწევებზე, როგორც სპორტული, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით ისაუბრა:

“ბარსელონა” შესანიშნავ გზაზე დგას და სხვა კლუბების შესაშური არაფერი სჭირს.”

მან გამოსვლა პრეზიდენტ ლაპორტასთვის “კლუბის სათავეში უდიდესი წარმატების” სურვებით დაასრულა.

რაფაელ იუსტეს გამოსვლა

ხავიერ ტებასის შემდეგ სიტყვა რაფაელ იუსტეს გადაეცა. იუსტემ, რომელიც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში “ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, ჟოან ლაპორტას მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა და მას “ოჯახის წევრი” უწოდა. მან მადლობა გადაუხადა იმ წევრებს, რომლებიც დირექტორთა საბჭოში მის გვერდით იდგნენ, ასევე ყველას, ვინც კლუბის საოცარ 2025/26 წლების სეზონში მიიღო მონაწილეობა.

კლუბის პრეზიდენტის რანგში გატარებული დროის შეჯამებისას, იუსტემ მადლიერება გამოხატა “ბარსელონას” ყველა წევრის მიმართ და აღნიშნა, რომ მათ “თავისი სული და გული ჩადეს კლუბის ფინანსების გაძლიერებაში, რომელიც მუდმივად უმჯობესდება.” გამოსვლის ბოლოს კი მან უშუალოდ პრეზიდენტ ლაპორტას მიმართა:

“გისურვებ მთელ იმ სიბრძნეს, გამბედაობასა და შეუპოვრობას, რაც ამ კლუბისთვის ყოველთვის მოგქონდა.”

კულმინაციური მომენტი – პრეზიდენტის სიტყვა

დადგა მომენტი, რომელსაც ყველა ელოდა: ჟოან ლაპორტას სიტყვით გამოსვლა. ის “აუდიტორი 1899”-ის სცენაზე აშკარად ემოციური ავიდა და საზოგადოებისადმი მიმართვამდე რაფაელ იუსტეს თბილად გადაეხვია.

პრეზიდენტის სიტყვა დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც მან წინა ვადა განიხილა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ კლუბს დაიცავს და ინსტიტუციას კვლავ საუკეთესოდ წარმოაჩენს.

ჯგუფური ფოტო და დასასრული Orfeó Català-სთან ერთად

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ლაპორტამ დირექტორთა ახალი საბჭოს წევრებს უხმო. ისინი სათითაოდ ავიდნენ სცენაზე და პრეზიდენტის მიმართ კოლეგიალობა და მხარდაჭერა გამოხატეს. ამის შემდეგ, მათ 2026-2031 წლების საპრეზიდენტო ვადის ოფიციალური ჯგუფური ფოტო გადაიღეს.

ინაუგურაციის დასასრულს, სცენაზე “Orfeó Català”-ს გუნდი ავიდა, რომელმაც “ბარსელონას” ჰიმნი და Cant de la Senyera შეასრულა. ეს ბარსელონური სულისკვეთებით სავსე ემოციური ღონისძიების შესანიშნავი დასასრული იყო. ჟოან ლაპორტა ოფიციალურად კვლავ პრეზიდენტია!

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი