“ბარსელონას” პირველ გუნდს ახალი წევრი ჰყავს – ჩავი ესპარტი. შესანიშნავი წინასასეზონო მომზადებისა და “მარტინეს ვალეროზე” “ელჩესთან” ნაჩვენები იმედისმომცემი თამაშის შემდეგ, უნივერსალი ახალგაზრდა, რომელსაც ფლანგის მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია, კარიერაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს და პირველი გუნდის 12-ნომრიან მაისურს იღებს.
მე-12 ნომრის ისტორია კლუბში
ეს ნომერი “ბარსელონაში” 2021/22 წლების სეზონის შემდეგ ვაკანტური იყო. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ის მოირგო, დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი გახლდათ. ამ ისტორიული მაისურის მატარებელთა სია საკმაოდ საინტერესოა:
- “ლა მასიას” აღზრდილები: ბრეითუეიტამდე ეს მაისური აკადემიის ისეთ აღზრდილებს ეცვათ, როგორებიც რიკი პუჩი, რაფინია ალკანტარა და ჯონათან დოს სანტოსი არიან.
- გამორჩეული მარცხენა მცველები: წარსულში 12 ნომრით ორი დასამახსოვრებელი მარცხენა მცველი თამაშობდა. სერხი ბარხუანი, რომელიც ამ ნომრით იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” წევრი იყო და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, რომელსაც ეს მაისური 2006 წელს პარიზში, “არსენალის” წინააღმდეგ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეცვა.
forum კომენტარები (0)